გალიტოზს შველის ჰიგიენა - კვირის პალიტრა

გალიტოზს შველის ჰიგიენა

პირიდან უსიამოვნო სუნი იმის მანიშნებელია, რომ ღრძილების დაავადება გაწუხებთ, კბილებზე ნადები ან კარიესი  გაქვთ, მაგრამ თუ კბილები ჯანსაღი გაქვთ, მიმართეთ გასტროენტეროლოგს, რადგან კუჭის დაავადებას თან სდევს უსიამოვნო სუნი.

თუ კუჭსაც არაფერი სჭირს, ლარინგოლოგს გაესინჯეთ, რადგან გალიტოზის მიზეზი შეიძლება იყოს ანგინა, ტონზილიტი, სინუსიტი, ჰაიმორიტი ან ფარინგიტი.

სხვათა შორის, ცხვირი კარგი დიაგნოზის დამსმელია - მაშინვე გრძნობს გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს - პირიდან მჟავე სუნს, თირკმლების დაავადებისას - ამიაკის, სისხლში შაქრის დონის მომატების შემთხვევაში - აცეტონის სუნს.

ასევე, პირიდან უსიამოვნო სუნი არ ქრება (დაახლოებით 2 დღე მაინც) ხახვისა და ნივრის, კომბოსტოს, ლობიოს, ცხიმიანი საკვების ჭამის შემდეგ.

ეს უსიამოვნება რომ მოვიშოროთ, ხალხური მედიცინა გვთავაზობს, ყოველდღე ვჭამოთ წყალში მოხარშული შვრიის ფაფა, რომელიც ხელს უწყობს ნერწყვის გამოყოფას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, მიკრობებზე კი ცოცხივით მოქმედებს.

გარდა ამისა, გალიტოზს შველის ჰიგიენა: დილით ენა გაიწმინდეთ სპეციალური საწმენდით (ან ჩვეულებრივი კოვზით); ჭამის შემდეგ კბილები გაიწმინდეთ ძაფით; გამოივლეთ პირში გვირილის, სალბის, კალენდულას, პიტნის ნახარში.