კენჭი თირკმელში - კვირის პალიტრა

კენჭი თირკმელში

"ქვიშა კენჭად რომ არ იქცეს და თირკმლიდან გამოიდევნოს, დღე-ღამეში 1,5-2 ლ სითხის მიღება მაინც არის საჭირო"

კენჭი თირკმელში! მისგან მიყენებული ტკივილი იმდენად გაუსაძლისია, რომ ადამიანი მზად არის, ყველაფერი გააკეთოს ამ ტკივილის გასაქრობად! თუმცაღა, როცა ბოლოს და ბოლოს, ტკივილი ქრება, ექიმთან მისვლა ბევრ ჩვენგანს აღარ უნდა. არადა, ჩვენს გადატანილსა და მერე მიყუჩებულ ტკივილს შესაძლოა მძიმე გართულებებიც მოჰყვეს. თუ რა, ამის შესახებ ექიმი ნანა ფირცხალავა გვესაუბრება.

- რაც უნდა გასაკვირი იყოს, კენჭის, ანუ სამედიცინო ენაზე კონკრემენტის, წარმოქმნის ზუსტი მიზეზი სამედიცინო მეცნიერებამა დღემდე ვერ დაადგინა. თუმცაღა, ამ პროცესში უსათუოდ ასრულებს თავის როლს ნივთიერებათა ცვლის დარღვევები, ინფექცია, თირკმლებისა და საშარდე გზების ფუნქციის დარღვევები. კენჭები წარმოიქმნება ჩვენს ორგანიზმში არსებული ფოსფორ-კალციუმის, მჟაუნმჟავას, შარდმჟავას და იშვიათად - ამინომჟავებისაგან. მისი მიზეზია ასევე არასწორი კვება და ინფექციები... რისკფაქტორად ითვლება წყლის მცირე რაოდენობით მიღება და შარდის მარილებით გაჯერება. გენეტიკურ განწყობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ნივთიერებათა ცვლის დარღვევის ზოგიერთი ფორმა, რომელიც ხელს უწყობს კენჭების წარმოქმნას, ხშირად მემკვიდრეობითია. სხვათა შორის, გეოქიმიურ და კლიმატურ პირობებსაც აქვს როლი ამ პროცესში - მშრალი და მაღალი ტემპერატურის პირობებში დიდხანს ყოფნისას ორგანიზმი ოფლის სახით სითხეს უხვად კარგავს. ამიტომაც მიიჩნევა დაავადების ენდემურ კერად, მაგალითად, შუა აზია, სადაც ცხელი კლიმატია... არსებობს ე.წ. თირკმელკენჭოვანი რუკაც, რომელიც წყლის, ნიადაგის მინერალური შემადგენლობისა და საკვების მიხედვით არის შედგენილი. ამ რუკით აღმოჩნდა, რომ აღმოსავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით კი კახეთის რეგიონში, ეს დაავადება უფრო მეტად არის გავრცელებული, ვიდრე დასავლეთ საქართველოში, სადაც რაციონში მეტი მცენარეული საკვებია.

- "კენჭის გავლისას". რა პროცესები მიმდინარეობს ამ დროს, როდის და როგორ ვლინდება დაავადება?

- ზოგჯერ თირკმელკენჭოვანი დაავადება ფარულადაც მიმდინარეობს და შემთხვევით, გამოკვლევისას ვლინდება. ადამიანის შეწუხება იწყება მაშინ, როდესაც კენჭი დიდი ზომისაა. ავადმყოფი ამ დროს ამბობს, რომ წელის არეში "რაღაც" ყრუ ტკივილი აქვს. სრულად დაავადება კი მაშინ იჩენს თავს, როდესაც კენჭი საშარდე გზებში მოძრაობას დაიწყებს და შარდის  დინებას აკავებს. ასეთ დროს უეცრად დაწყებული თირკმლის ჭვალი ზოგჯერ წელის არეში გაუსაძლის ტკივილში გადადის და საზარდულისაკენ ვრცელდება. ამას თან სდევს გულისრევა, პირღებინება, შარდვის გახშირება და ზოგჯერ ტემპერატურის მატებაც კი, ტკივილი შარდვის დროს, ზოგჯერ - მუცლის კუნთების დაჭიმულობა, შებერილობა... ავადმყოფი ადგილს ვერ პოულობს... ასეთ ტკივილს მცირე ზომის კენჭის მოძრაობა იწვევს. თუ მოხდა ისე, რომ კენჭი სწრაფად გამოიყო, ტკივილი მაშინვე ქრება.

- თუ ვერ გამოიყო?

- დამოუკიდებლად შეიძლება გამოიყოს 1 სანტიმეტრამდე ზომის კენჭები. თუმცა ყველა არა, კენჭების ნაწილი რჩება შარდსაწვეთის და შარდის ბუშტის შერთვის ადგილზე, სადაც შარდსაწვეთის ყველაზე ვიწრო ადგილია. ზოგადად კენჭის დასაშლელად კეთდება კენჭის დაშლის ოპერაცია. უშუალოდ შარდსაწვეთში კენჭებს შლიან ლაზერის სხივითაც. 2 სანტიმეტრზე მეტი სიდიდის კენჭის დაძვრა პრაქტიკულად შეუძლებელია. ეს დიდი ზომის წარმონაქმნები მუდმივი ანთებითი პროცესის კერაა, რომელსაც ყრუ და შეტევითი ხასიათის ტკივილი ახასიათებს წელის არეში, პერიოდულად სისხლიანი ან მღვრიე შარდიც შეიმჩნევა. გამუდმებულმა ანთებითმა პროცესმა შესაძლოა, ქრონიკული ანთებითი პროცესები გამოიწვიოს, რასაც ზოგჯერ თირკმლის ატროფიაც და, შესაბამისად, თირკმლის ფუნქციის დაკარგვაც სდევს. თუ პროცესი ორმხრივია, ვითარდება თირკმლის ქრონიკული უკმარისობა. ამ სტადიაზე ოპერაციული ჩარევა უშედეგოა.

- როგორი შემადგენლობის კენჭები გვხვდება უფრო ხშირად, ან კენჭის ზომები როგორ მერყეობს?

- არსებობს: ოქსალატური, ცისტინური, ფოსფატური, ურატული და შერეული ტიპის კენჭები. ყველაზე პატარა კენჭის ზომა მილიმეტრამდეა, ის დიდზე მეტად მოძრავი და შემაწუხებელია. დიდი კენჭი ზოგჯერ თირკმლის მენჯფიალოვან სისტემას ავსებს, მაგრამ შესაძლოა წლობით არ გამომჟღავნდეს. მარჯნისებური კენჭები საჭიროებს ღია ოპერაციულ ჩარევას, თუმცა კენჭის დიდი ზომებისა და გავრცობის გამო ზოგჯერ არა მთლიანად კენჭს, არამედ მხოლოდ  ნაწილს იღებენ. შემდეგ კი ექსტრაკორპორალური ლითოტრიფსიით შლიან. ოპერაციის შემდეგ კენჭების განმეორებითი გაჩენა გამორიცხული არ არის. კენჭის დაძვრას ხელს უწყობს უხერხული მოძრაობა, სირბილი, მგზავრობისას უსწორმასწორო გზაზე ნჯღრევა, დიდი რაოდენობით სითხის მიღება და ა. შ.

- არანაკლებ ტკივილის მომგვრელია თირკმელში ქვიშაც.

- ქვიშა ყოველთვის კენჭად ვერ იქცევა. თუმცაღა, თავად ქვიშასაც ახასიათებს მწვავე მოვლენები - ხელს უწყობს ორგანოს ინფიცირებას და ანთებას, ანუ პიელონეფრიტის ჩამოყალიბებას. ტკივილი ქვიშის დაძვრასაც ახასიათებს. მაგრამ მისი მოცილების მეტად ეფექტიანი მეთოდიც არსებობს. ქვიშა კენჭად რომ არ იქცეს და თირკმლიდან გამოიდევნოს, დღე-ღამეში 1,5-2ლ სითხის მიღება მაინც არის საჭირო.

- ბრძანეთ, რომ ოპერაციის შემდეგ ზოგჯერ ისევ ჩნდება კენჭები. ეს რომ არ მოხდეს, რა ვქნათ?

- უპირველესად დიეტა  უნდა მოწესრიგდეს და საშარდე გზების ინფექცია აღმოიფხვრას მკურნალობით, რასაც ექიმი განსაზღვრავს. ზოგიერთი თირკმელკენჭოვანი დავადებისას აკრძალულია ხორცის ნახარშიც კი. კენჭებისგან საშარდე სისტემის გათავისუფლების შემდეგ აუცილებელია დღე-ღამეში ორ ლიტრამდე ნებისმიერი სითხის, თუნდაც სასმელი წყლის, მიღება. ეს მთელი სიცოცხლე უნდა გაგრძელდეს.