ტეტანუსი - რატომ მოუწოდებენ მოხალისეებს აცრისკენ - კვირის პალიტრა

ტეტანუსი - რატომ მოუწოდებენ მოხალისეებს აცრისკენ

ვერეს ხეობაში მომხდარი უბედურების პარალელურად ალაპარაკდნენ ინფექციების გავრცელების საშიშროებაზეც. გვემუქრება თუ არა ინფექციის გავრცელების საფრთხე სტიქიისას დახოცილი ცხოველებისგან, ამას ზოოპარკში მყოფი უცხოელი სპეციალისტები დაადგენენ. არის სხვა საშიშროებაც - მოხალისეებს, რომელთაც დატბორილი და დანგრეული ქალაქის დალაგება იკისრეს, ექიმები ხშირად მოუწოდებდნენ, გაეკეთებინათ ანტიტეტანუსის ვაქცინაცია - ეს უმძიმესი დაავადება სწორედ დაბინძურებულ ნიადაგთან კონტაქტისას იჩენს თავს. არსებობს თუ არა ტეტანუსით დაავადების რეალური საფრთხე და რა ნიშნები ახასიათებს ამ ინფექციას, ამის შესახებ გვესაუბრება ექიმი-ეპიდემიოლოგი ნელი ბერაძე:

- ქალბატონო ნელი, ზოგმა ექიმების მოწოდება ტეტანუსის ვაქცინაციისაკენ, გადაჭარბებულადაც კი ჩათვალა. იქნებ ამ დაავადების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია მოგვაწოდოთ.

- როცა ასეთი მძიმე დაავადების თუნდაც მინიმალური საშიშროება დგება, მედიცინაში ცნება `გადაჭარბება~ უადგილოა - ამ დაავადებით თუნდაც ერთი კაციც რომ დასნებოვნდეს, ეს ერთი კაციც მთელი სამყაროა და ამ სამყაროს გადასარჩენად მედიკოსთა არმიამ უნდა იბრძოლოს.

ტეტანუსი არის ჩხირები, ბაქტერია, რომელიც შინაური ცხოველების ნაწლავებში ბინადრობს, ტოქსინების სახით გამოიყოფა და ნიადაგში წლობით ინარჩუნებს სიცოცხლეს. თუკი ეს მეტად საშიში შხამი ორგანიზმში მოხვდა, გარკვეული პერიოდის შემდეგ უმძიმესი პროცესები იწყება. ბაქტერია ორგანიზმში შედის გაკაწრული, გაჭრილი კანიდან, სისხლით.

- მაგრამ თბილისში ბალახისმჭამელი ცხოველების ყოფნის შანსი ხომ მეტად მცირეა?

- ერთი ცხოველიც რომ სადმე გამოჩნდეს და მისი ბაქტერია აღმოჩნდეს ნიადაგში, ესეც საკმარისია დაავადების გასავრცელებლად. ამ უბედური შემთხვევისას კი მდინარემ ვინ იცის, საიდან მოიტანა მიწა და შლამი თბილისის ცენტრში. ახალგაზრდებმა კი ყველგან იშრომეს.

- როგორ უნდა ამოვიცნოთ ტეტანუსის დაავადება?

- ბაქტერია ჭრილობის არეში მრავლდება და გამოიმუშავებს ძლიერ შხამს, რომელიც აზიანებს ზურგის ტვინის მამოძრავებელ ნერვულ ბირთვებს და იწვევს კუნთების კრუნჩხვებს. დაავადება ჭრილობის დაბინძურებიდან 2-3 დღეში იწყება. მისი პირველი ნიშანია კრიჭის შეკვრა, რასაც საღეჭი კუნთების დაჭიმვა ავითარებს, ნაოჭდება შუბლი და ისე ვიწროვდება თვალის ნაპრალი, თითქოს ვინმეს დასცინისო. იჭიმება კეფისა და კისრის კუნთები, თავი უკან იზნიქება... ამას მთელი სხეულის კუნთოვანი აპარატის დაძაბვა და კრუნჩხვები მოსდევს. გაძნელებულია სუნთქვა, მაგრამ გონება ნათელი რჩება. კრუნჩხვების გამო ზოგჯერ ადამიანი ისე აიზიდება, რომ საწოლს მხოლოდ კეფითა და ქუსლებით ეყრდნობა. ირღვევა შინაგანი ორგანოების ფუნქციები. მათ სრულ ან ნაწილობრივ აღდგენას რამდენიმე კვირა ან თვე სჭირდება. დაავადების სიმძიმეს ისიც ადასტურებს, რომ ამ დროს სიკვდილიანობა ხშირია...

ამიტომ ჭრილობაში მიწის მოხვედრისთანავე ექიმს უნდა მიმართოთ. ახალგაზრდების უდიდეს ნაწილს ტეტანუსის აცრა გაკეთებული აქვს. ვისაც ეს აცრა არ ჰქონდა ჩატარებული, ექიმებმა ადგილზევე აუცრეს.

- ამ სიცხეში დატბორილ ეზოებსა თუ სარდაფებში აუცილებლად გამრავლდება მწერები, მათ შორის ინფექციის გადამტანებიც.

- ინფექციურ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა თითქმის ყველა ის ადგილი მოიარეს, სადაც ლაფია დამდგარი, მათ შორის, სვანიძის ქუჩა, სადაც გადარჩენილი სახლების სარდაფები უზარმაზარი ქვიშის სველი მასით არის ამოვსებული. ამჟამად ამ მასაში 2-3 კვირის განმავლობაში არანაირი მწერი არ გაჩნდება, რადგანაც წყალმა და წვიმამ მწერებიც ჩარეცხა და მათი კვერცხიც. ამ ადგილების ამოშრობა-გაწმენდის შემდეგ ეპიდემიოლოგები შევლენ და მოასხამენ სპეციალურ სადეზინფიქციო წამლებს, რომელიც მწერის გამრავლებას აღკვეთს.

- გვემუქრება თუ არა საფრთხე დახოცილი ცხოველებისგან?

- კარგად ვიცი, რომ ეს ცხოველები ჯანმრთელები იყვნენ, რადგანაც უვლიდნენ, ჯანმრთელი ცხოველისაგან კი დაავადება ნაკლებად ვრცელდება. დახოცილი ცხოველების ლეში გაიტანეს და დაწვეს, ესეც თავად ვნახე. ასე რომ, ღმერთმა დაგვიფაროს და, ახალი უბედურების შანსი მეტად მცირეა.