მტვრის ალერგია და მასთან ბრძოლის გზები - კვირის პალიტრა

მტვრის ალერგია და მასთან ბრძოლის გზები

ალერგიული რეაქციის მიზეზად შეიძლება იქცეს ქარი, ყინვა, სიცივე, მზე, ნერვული სტრესი... ალერგენი ორგანიზმში შეიძლება მოხვდეს პირის ღრუდან, კანიდან, სასუნთქი სისტემიდან, ინიექციის საშუალებით...

საყოფაცხოვრებო ალერგენების ჯგუფიდან მნიშვნელოვანია ოთახის მტვერი, რომლის შემადგენლობაში შედის ოთახის მტვრის ტკიპა (დერმატოფაგოიდეუსი), ობის სოკო, ქსოვილების, ხის, შინაური ცხოველების ბეწვის ნაწილაკები. ალერგია ოთახის მტვრის ტკიპების მიმართ ძირითადად ვლინდება ბრონქული ასთმისა და რინიტის სახით.

ამ დაავადებათა შესახებ გვესაუბრება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ალერგოლოგ-იმუნოლოგი დავით თელია:

- ალერგია ორგანიზმის მომატებული მგრძნობელობაა. ალერგენები გვხვდება თითქმის ყველგან. სასუნთქი სისტემის ალერგიული დაავადებების განვითარებაში განსაკუთრებით აქტიურია ჰაერში მოტივტივე ალერგენები. ყველაზე ხშირად ალერგია ვითარდება ოთახის მტვრის ტკიპების, ტარაკნების, შინაური ცხოველების და მცენარის მტვრის მიმართ.

ოთახის მტვრის ტკიპა მიკროორგანიზმია, რომელიც იკვებება ადამიანის კანის ეპიდერმული ჩამონაფცქვენით და უხვადაა ჩვენს საწოლებში, სიძინებელ ოთახებში, ხალიჩებზე, რბილ ავეჯსა და ტანსაცმელზე. ისინი კარგად მრავლდებიან ნესტიან გარემოში, გამოყოფენ რა დიდი რაოდენობით  ალერგენებს. სასუნთქ სისტემაში მოხვედრილი ოთახის ტკიპა იწვევს ბრონქულ ასთმას და ალერგიულ რინიტს.

- ძალიან ბევრ ადამიანს აქვს ალერგია ყვავილის მტვერზეც.

- ოთახის მტვრის ტკიპასთან შედარებით მცენარის მტვრის ნაწილაკები უფრო დიდი ზომისაა, რის გამოც ისინი უპირატესად ზემო სასუნთქი გზების ალერგიას იწვევენ. ზემო და ქვემო სასუნთქი გზები ერთიანი სასუნთქი სისტემის შემადგენელი ნაწილებია და ისინი უფრო ხშირად ერთდროულად ზიანდება. ბრონქული ასთმის დროს პაციენტს აწუხებს ხველა, ხიხინი სუნთქვის დროს, გულმკერდის მიდამოში შებოჭილობის, ზოგჯერ კი ტკივილის შეგრძნება. ეს სიმპტომები განსაკუთრებით ვლინდება ღამით, პროვოცირდება ფიზიკური და ემოციური დატვირთვის შემდეგ, მძაფრ სუნზე, ცივ და მშრალ ჰაერზე. ალერგიულ რინიტს კი ახასიათებს ცხვირის გაჭედვა, ცემინება, ქავილი, გამონადენი, ცრემლდენა, კონიუნქტივიტი, ცხვირიდან ყელში სეკრეტის ჩანადენი, თავის ტკივილი, ყურების დაგუბება.

- თუ არსებობს პრევენციის გზები, რომ დაავადება არ გართულდეს?

- ალერგიისგან თავის დასაცავად მიზანშეწონილია შენობაში ტენიანობის კონტროლი (ტენიანობა უნდა იყოს 50%-ზე დაბლა). მშრალი კლიმატის პირობებში საკმარისია ყოველდღე ოთახების განიავება, რბილი ავეჯის, წიგნის კარადების მუდმივი დასუფთავება, ტანსაცმლის, ქსოვილების, ხალიჩების, თეთრეულის ხშირი რეცხვა, ფილტრიანი მტვერსასრუტის გამოყენება. საბნების, ბალიშებისა და ლეიბების მოთავსება მჭიდროდ მოქსოვილ, მაგალითად, სატინის კონვერტებში. რბილი სათამაშოების საყინულეში მოთავსება 24 საათით. არ შეიძლება სარეცხის გაშრობა და დალბობა  ოთახებში. სამზარეულო და აბაზანა საგულდაგულოდ უნდა  ნიავდებოდეს.

- დაავადება მოზრდილ ასაკში უფრო ხშირად ვლინდება, თუ პატარებში?

- ბრონქული ასთმის გამოვლინების პიკი 4-5 წლის, მოგვიანებით კი - 30 წლის ასაკში შეინიშნება. ალერგიული რინიტი უფრო ხშირად სასკოლო ასაკის ბავშვებში გვხვდება. ალერგიული დაავადებების განკურნება, სამწუხაროდ, შეუძლებელია. შეიძლება მხოლოდ მათი მართვა. საჭიროა გარემოს მაქსიმალური კონტროლი, ოპტიმალური ფარმაკოთერაპია ანუ მინიმალური მედიკამენტებით მაქსიმალური ეფექტის მიღწევა. დაავადების გამომწვევი ალერგენის გამოვლენა, დაავადების გამომწვევი ალერგენით ვაქცინაციის ჩატარება და პაციენტის და მისი ოჯახის წევრების მაქსიმალური მოწესრიგებულობა. ძალზე მნიშვნელოვანია საკუთარი დაავადების კარგად ცოდნა.

ხათუნა ჩიგოგიძე