"ყველა ორგანო გადაადგილებული მაქვს, მაგრამ სრულიად ჯანმრთელი ვარ"
06-07-2015
"ყველა ორგანო გადაადგილებული მაქვს, მაგრამ სრულიად ჯანმრთელი ვარ"
"ექოსკოპისტი მიაჩერდება მონიტორს, მერე მე გამომხედა. ბოლოს, როგორც იქნა, გამომიცხადა: ვაჟა, ყველა ორგანო სარკისებურად გაქვს განლაგებულიო"

როგორც ამბობენ, საკმაოდ იშვიათია, როდესაც ადამიანს გული არა მარცხნივ, არამედ მარჯვნივ აქვს. ერთ-ერთი ასეთი პიროვნება ვაჟა სუჯაშვილი გახლავთ, რომელიც პროფესიით სტილისტია.


ვაჟა სუჯაშვილი:
- მე არა მხოლოდ გული, არამედ ყველა ორგანო სარკისებურად მაქვს განლაგებული.

- თავს როგორ გრძნობთ?

- იდეალურად. გული რომ მარჯვნივ მქონდა, ბავშვობიდან ვიცოდი, დანარჩენი ორგანოების მდებარეობის შესახებ კი შევიტყვე დაახლოებით 10
წლის წინ, როდესაც ბრმანაწლავი, უფრო სწორად, ვითომ ბრმანაწლავი”ამტკივდა. ხელით გამსინჯეს (მაშინ ხელით სინჯავდნენ ხოლმე) და მითხრეს, - სასწრაფოდ საოპერაციო ხარო. სიტყვა "ოპერაცია" გავიგონე თუ არა, მაშინვე კარგად გავხდი და შინ წავედი. მომდევნო დღეებში ახლობელს მივაკითხე, რომელიც ექოსკოპისტია. მათვალიერა... მათვალიერა, - მიაჩერდება მონიტორს, მერე მე გამომხედავს.
ბოლოს, როგორც იქნა, გამომიცხადა: ვაჟა, ყველა ორგანო სარკისებურად გაქვს განლაგებულიო. გაოგნებული დავრჩი. ამის შემდეგ თავიდან-ბოლომდე გამოვიკვლიე საკუთარი თავი და დავრწმუნდი, რომ აბსოლუტურად ჯანმრთელი ვარ. 43 წლის კაცს, გარდა ცრუ განგაშისა, ექიმთან ვიზიტი არ დამჭირვებია.

- ცრუ განგაშის მიზეზი რომელი ორგანო აღმოჩნდა?

- ნაღვლის ბუშტის შეტევა, რომელიც დაკავშირებული იყო ჩემს მსუნაგობასთან. როგორც გითხარით, ბავშვობიდან ვიცოდი, რომ გული მარჯვნივ მქონდა. ჯარშიც არ გამიწვიეს ამის გამო. ის კი არა, სკოლაში ფიზკულტურის გაკვეთილებზე არ მტვირთავდნენ, მაგრამ ისეთი მოუსვენარი ვიყავი, რა გამაჩერებდა. არ ვიცი, ჩემს წინაპართაგან ვინმეს თუ სჭირდა მსგავსი რამ, არც ჩემს მშობლებსა და დედმამიშვილებს აქვთ. ჩემი შვილი რომ დაიბადა, ექიმს ვთხოვე, კარგად შეამოწმეთ, ხომ ყველაფერი თავის ადგილზე აქვს-მეთქი. დამამშვიდა, - ყველაფერი რიგზეაო. მეუღლე და ორი შვილი მყავს, ორივე ჯანმრთელია და ყველაფერი თავ-თავის ადგილას აქვთ.

- ვინმეს თუ ცნობთ, ვისაც მსგავსი სიტუაცია აქვს?

- როგორც ვიცი, ერთ ბათუმელ ბიჭს აქვს ჩემსავით სარკისებურად განლაგებული ორგანოები, წელს კიდევ სამშობიარო "ჰერაში" დაიბადა ასეთი ბავშვი.

ბუნებრივია, ჩემი მდგომარეობა მაინტერესებდა და ამ მიზნით კონსულტაციებსაც ხშირად გავდიოდი ექიმებთან. როგორც ამიხსნეს, ვისაც გული მარჯვნივ აქვს, მათი უმრავლესობა დაავადებულია გულის უკმარისობით, ხოლო თუ დანარჩენი ორგანოებიც სარკისებურად არის განლაგებული, ჯანმრთელები არიან. ჩვეულებრივად ცხოვრობენ და შრომობენო. ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი მე გახლავართ.

ეკა სალაღაია


რედაქტორის რჩევით