სუიციდი - "ვერ ვიღებ ჩემს თავს" - კვირის პალიტრა

სუიციდი - "ვერ ვიღებ ჩემს თავს"

მოზარდების სუიციდი XXI საუკუნის პრობლემად იქცა. ხშირია შემთხვევა, როცა გარდატეხის ასაკში მყოფი საკუთარი თავისთვის გამოტანილი სასტიკი განაჩენით ცდილობს გაეცალოს რეალობას, რომელშიც ადგილი ვერ იპოვა. ფსიქოლოგები საუბრობენ თვითმკვლელობის ორ ფორმაზე - აფექტურ და დაგეგმილ სუიციდზე.“დაგეგმილი სუიციდის შემთხვევაში მოზარდი თვითმკვლელობაზე ხშირად საუბრობს, იკვლევს ამ პროცესს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის აქტიურად, ოღონდ გაუცნობიერებლად ითხოვს დახმარებას, ელოდება, რომ გააჩერებენ, მთავარია, ახლობლები ძახილს მიუხვდნენ, - ამბობს ფსიქოლოგი დალი ლაშხიძე, რომელიც პრობლემების თავისებურებებსა და მისი თავიდან აცილების გზებზე გვესაუბრება.

- გარდატეხის ასაკში სუიციდის გამომწვევი ძირითადი მიზეზები შეიძლება იყოს კონფლიქტები (აქ არ იგულისხმება ხელჩართული ჩხუბები, ემოციები, აფექტები, ეს შეიძლება იყოს შინაგანი ან პიროვნებათა შორის კონფლიქტი), გარემოცვისგან გულგრილი დამოკიდებულება, მაგრამ მთავარი მიზეზი არის ის, რომ მოზარდი არ არის ადაპტირებული თანატოლებში. ამიტომ უჩნდება დაბალი თვითშეფასების განცდა, შეიძლება ჩაიკეტოს ან გახდეს აგრესიული.

სტატისტიკური მონაცემებით, სუიციდის მხრივ ყველაზე საშიშია მოზარდობის ასაკი, 13-დან 16 წლამდე მისი დინამიკა იზრდება. ისიც დადგენილია, რომ თვითმკვლელობას ნორმალური ფსიქიკის ადამიანები უფრო სჩადიან.

მოზარდი ამ ასაკში სიცოცხლის არსის მუდმივ ძიებაშია, ცდილობს, ჩასწვდეს საკუთარ ღირებულებებს, შექმნას თავისი "რუკა" სამყაროს შესახებ და ამ "რუკაზე" ადგილი იპოვოს. როცა უფროსები და თანატოლები მას არ იღებენ, შესაძლოა, ეს თვითმკვლელობის საკმარის მიზეზად, საბაბად კი - უმნიშვნელო სიტუაცია იქცეს. 10 წლის ასაკამდე ოჯახში თუ სამეგობრო წრეში დაგროვილი უსიამოვნება გენერალიზდება გარდატეხის ასაკში, როცა ჩნდება კითხვები: რა აზრი და ღირებულება აქვს სიცოცხლეს, ვინ ვარ მე? ამას ერთვის ამ ასაკში სწრაფი ჰორმონული და სექსუალური განვითარება, რა დროსაც ხდება ღირებულებათა ძირფესვიანი ცვლა.

- როგორ უნდა მოიქცნენ ასეთ შემთხვევაში მშობლები, როგორ უნდა დაეხმარონ შვილებს ემოციურ მდგომარეობასთან გამკლავებაში?

- ყურადღებით უნდა იყვნენ, რათა არ გამოეპაროთ შვილის ნებისმიერი ცვლილება ქცევაში, იყვნენ მის გვერდით, არ დატოვონ მარტო და მოუსმინონ მას. აქვე აუცილებელია კომპლექსური დახმარება - ფსიქოთერაპევტის, ფსიქიატრის, მოძღვრის ჩართვა. რაც მთავარია, თერაპიული მუშაობა არა მარტო მოზარდთან, არამედ მთელ ოჯახთან უნდა ჩატარდეს - ოჯახი, როგორც მთლიანი ორგანიზმი, განსაზღვრავს თითოეული წევრის მდგომარეობას, თითოეული წევრი კი გავლენას ახდენს მთელ ოჯახზე.

წინასუიციდურ პერიოდში სხვადასხვა პიროვნებაში ცვლილება შეიძლება სხვადასხვანაირად გამოვლინდეს. ვიღაც იყო მშვიდი, წყნარი და უცებ ძალიან მხიარული გახდა, ხშირად ხუმრობს თვითმკვლელობის თემაზე, ანეკდოტებს ჰყვება, სვამს კითხვებს - როგორ შეიძლება ადამიანმა თავი მოიკლას. ასეთი სიგნალები დახმარების თხოვნად უნდა აღვიქვათ, რადგან მოზარდი დასაწყისში ვერბალურად აჟღერებს ამას, შემდეგ თვითმკვლელობას გეგმავს და ამ გეგმას აუცილებლად უზიარებს სხვას. ეკითხება ან ეძებს საშუალებებს, ხერხებს.

- ანუ ის, ვინც თვითმკვლელობას გეგმავს, ამაზე წინასწარ საუბრობს?

- დიახ. როდესაც მოზარდი სიკვდილსა და თვითმკვლელობაზე იწყებს საუბარს, ამით გაუცნობიერებლად ითხოვს დახმარებას, ელოდება, რომ მას გააჩერებენ, მთავარია, ახლობლები ძახილს მიუხვდნენ. ეს მას თვითონაც არ უნდა, მაგრამ ჩიხში აღმოჩნდა და გამოსავალს ვერ ხედავს, ანუ არ ჰყოფნის რესურსი, დაეხმაროს საკუთარ თავს.

ხშირად მოზარდი თვითმკვლელობას სჩადის იმიტომ, რომ სამაგიერო გადაუხადოს ვიღაცას, დასაჯოს უახლოესი ადამიანები, რადგან ვერ მიიღო სათანადო ყურადღება, აღიარება და სიყვარული, რაც მისთვის ბაზისური მოთხოვნილებაა. სუიციდი ნიშნავს - ვერ ვიღებ ჩემს თავს.

მცდარი აზრია, თითქოს სუიციდი უფრო ხშირად ხელმოკლე ოჯახებში ხდება. სტატისტიკის მიხედვით, სუიციდის რაოდენობა საკმაოდ გაზრდილია უზრუნველყოფილ ოჯახებშიც, რომლებიც გარეგნულად აკმაყოფილებენ ყველანაირი კეთილდღეობის ნიშნებს, მაგრამ ხდება ღირებულებათა აღრევა - ურთიერთობების, სიკეთის, უპირობო სიყვარულის, პატივისცემის ჩანაცვლება მატერიალური ღირებულებებით.

გარდატეხის ასაკი ვერ უმკლავდება სირთულეებს, მოზარდმა არ იცის, როგორ მართოს ემოციები, რადგან თავის დროზე ვერ განუვითარეს მნიშვნელოვანი უნარები, ამიტომ ის სამყაროში მარტო რჩება.

- რაში მდგომარეობს გეშტალტთერაპიის არსი?

- გეშტალტთერაპიის პროცესი ეხმარება კლიენტს, თავად მოძებნოს კრიზისის გადაწყვეტის გზები, რაც ასევე ხელს უწყობს თვითრწმენის გაძლიერებაში. საქართველოში არსებობს კავკასიის გეშტალტთერაპიის და ოჯახური თერაპიის ინსტიტუტი, რომელიც დააარსა ქალბატონმა სოფიო ვერულაშვილმა. გეშტალტთერაპიის ფუძემდებელი გახლდათ ფრედერიკ პერლზი, რომელმაც შექმნა ასე ვთქვათ "გეშტალტლოცვა", რომელიც ასე ჟღერს: "მე ვარ - მე, ხოლო შენ ხარ - შენ. მე ვაკეთებ ჩემს საქმეს, შენ - შენს საქმეს".

ერთ მნიშვნელოვან დეტალზეც გავამახვილებ ყურადღებას: ბავშვი თუ გრძნობს, რომ მშობლებს ერთმანეთთან არა აქვთ ნორმალური ურთიერთობა, ცდილობს ამის გამოსწორებას - ხდება ავად, რათა უფროსები ერთმანეთთან დააახლოოს და გაამთლიანოს ოჯახი. მზად არის, იზრუნოს როგორც საკუთარ თავზე, ისე მშობლებზე - გაცივდეს, ჰქონდეს მაღალი ტემპერატურა, მიიღოს ფიზიკური ტრავმა, ანუ თავისი ჯანმრთელობის ხარჯზე გააჯანსაღოს სიტუაცია ოჯახში. მას მისი უსაფრთხოებისა და ბედნიერებისთვის სიტუაციის გამთლიანება და მშვიდობა სჭირდება. ოჯახის გასამთლიანებლად ის ფაქტობრივად, თავს სწირავს, ოღონდ, არაცნობიერად.

ნანა ფიცხელაური