კოღო - საშიში მწერი - კვირის პალიტრა

კოღო - საშიში მწერი

წლევანდელმა უხვნალექიანმა ზაფხულმა დაავადებათა გადამტანი მწერების რაოდენობა ოდნავ შეამცირა - ნალექი მათ კვერცხს რეცხავს. თუმცა, ამ მწერების და მათ შორის კოღოების სრულად განადგურება შეუძლებელია - ის ადამიანის თანმდევი პარაზიტია, სისხლისმწოველია. როგორც კი მზე ამოდის, მაშინვე ჩნდებიან კოღოებიც, ცხადია, სააგარაკო ზღვისპირეთის ზონაშიც. წელს სპეციალისტებმა აჭარაში კოღოებთან ბრძოლის პროექტი განახორციელეს - შეწამლეს საზოგადოებრივი ობიექტები, საცხოვრებელი სახლები და ის ადგილები, სადაც კოღო ყველაზე მეტად მრავლდება... ნაწილობრივ კოღოს გამრავლებას ესეც შეაჩერებს. რატომ არის საშიში კოღო და როგორ ვებრძოლოთ მას, ამის თაობაზე ინფექციონისტი გელა დიდიძე გვესაუბრება.

- კოღო ყველაზე საშიშ მწერად არის მიჩნეული იმის მიხედვით, თუ რა დაავადებას გამოიწვევს მისი ნაკბენი. ასეთი კი მრავალგვარია. მათ შორის: ციებ-ცხელება, დანგეს ცხელება... სპილოს ავადმყოფობა, ყვითელი ციება, მალარია, ალერგია და ა.შ. მხოლოდ მალარიის გადამტანი კოღოს 300-მდე სახეობა არსებობს. საბედნიეროდ, მალარია ჩვენში აღარ არის, მაგრამ ძალიან დიდია მიგრაცია, მათ შორის იმ ქვეყნებიდანაც, სადაც მწერებით გადატანილი მეტად საშიში, სასიკვდილო საფრთხის ინფექციური დაავადებებია გავრცელებული, ამიტომაც კოღოებსა და სხვა მწერებთან ბრძოლის დაწყება მართლაც აუცილებელი იყო.

- მაგრამ ჩვენთან ხომ ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა სიცოცხლისთვის საშიში დაავადებები?

- არ დაფიქსირებულა იმიტომ, რომ არ არის კერა, ანუ არ არსებობენ საშიში ინფექციებით დაავადებული ადამიანები, რომელთაც კოღო უკბენს და მერე მათ დაავადებას მორიგი კბენისას ჯანმრთელი ადამიანის სისხლში გადაიტანს. ყველა დაფიქსირებული ერთეული შემთხვევა დაკავშირებული იყო უცხოეთიდან შემოსულებთან. მაგრამ არაფერია გამორიცხული, მათ შორის არც ის, რომ ჩვენთან მსგავსი დაავადებებით დასნებოვნებული ხალხი მოხვდეს, ამიტომ უნდა ვიზრუნოთ, რომ ეს არ მოხდეს. სხვათა შორის, ჩვენში ბევრგან არის გავრცელებული შედარებით მოზრდილი, მომრგვალო, მსხვილი კოღოები, რომელთაც მეტად მწარე ნაკბენი აქვთ, თუმცა, თუკი ეს მოსახლეობას დაამშვიდებს, გეტყვით, რომ მსხვილი კოღოების სახეობა არ ითვლება სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების გადამტანად. ბევრად უფრო საშიშია შედარებით მცირე, მოგრძო კოღოების სახეობები. ისინი კბენისას კანქვეშ უშვებენ ნერწყვს და ამით ხელს უშლიან სისხლის შედედებას, შემდეგ კი იწყებენ სისხლის ამოწოვას. სწორედ მათი ნერწყვია ქავილის მიზეზი და დაავადებების გამომწვევი.

- საქართველოში რა სახის დაავადებების გადამტანი კოღოა გავრცელებული?

- სამწუხაროდ, ყველა სახის. დღეისთვის ჩვენს ტერიტორიაზე შესწავლილია კოღოების 32 სახეობა, მათ შორის, ნილოსისა და დენგეს ცხელების გადამტანები. მათი განვითარების ციკლი რამდენიმე ფაზიანია: კვერცხები, მატლები და ჭუპრები მდორე წყალში ვითარდებიან, ხოლო უკვე ზრდასრული კოღო წყალგარეთ ბინადრობს და იქიდან გვიტევს. საერთაშორისო ჯანმრთელობის ორგანიზაციების მონაცემებით, დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 50% მწერებით გადატანილი დაავადებებით დასნებოვნების რისკის ქვეშაა. ეს იმდენად სერიოზული დაავადებებია, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მათი დიაგნოსტირებისა და აფეთქებების საწინააღმდეგოდ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის მეცნიერებთან ერთად მუშაობს. მაგალითად, დენგეს ცხელების რისკის ქვეშ ყოველწლიურად 50 მილიონი ადამიანი დგას. არადა, თუ ეს დაავადება გაურთულდათ, დაავადებულთა 3% მაშინაც კი იღუპება, როცა მკურნალობა უტარდებათ.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ კოღოებით გადატანილ დაავადებებს ახალი და მეტად საშიში ე.წ. ყვითელი ცხელებაც დაემატა. რით ხასიათდება ეს დაავადება?

- ეს ახალი დაავადება არ არის და ეპიდემიის შემთხვევებიც იყო აფრიკის ქვეყნებში, სადაც მასთან ერთად, სამწუხაროდ, სიცოცხლისთვის საშიში ბევრი სხვა დაავადებაც არის გავრცელებული. დაავადებისას, რომელსაც თან 40 გრადუსამდე ტემპერატურაც ახლავს, 3-4 დღის განმავლობაში ვითარდება სიყვითლე, სისხლდენა სხეულის სხვადასხვა ორგანოდან. მომდევნო დღეებში კი თითქოს ავადმყოფის მდგომარეობა უმჯობესდება, მაგრამ ეს მოჩვენებითია. დაავადება გადადის მწვავე სტადიაში და თუკი შესაბამისი მკურნალობა არ ჩატარდა, შესაძლოა განვითარდეს კოლაფსი და ტოქსიკური ენცეფალიტი, რაც შეიძლება ლეტალურად დასრულდეს...