ინფექცია, რომელსაც მრავალი უსიამოვნება მოაქვს
03-08-2015
ინფექცია, რომელსაც მრავალი უსიამოვნება მოაქვს
კანის აქერცვლა, სიწითლე, ქავილი, ტკივილი გაღიზიანების დროს - ეს ის სიმპტომებია, რომლებიც ტერფის სოკოს ანუ მიკოზს ახასიათებს. ტერფის სოკო მიკოზების ყველაზე გავრცელებული ფორმაა. მისი მკურნალობის გზებსა და თავისებურებებზე ექიმ-დერმატოლოგ ალექსანდრე გამყრელიძეს ვესაუბრეთ:

- რა სიმპტომების მიხედვით უნდა გავარჩიოთ ტერფის სოკო?
- აქერცვლა-ქავილის გარდა, ტერფის სოკოს ახასიათებს ზერელე ნაპრალები თითებს შორის. ფრჩხილის დაზიანებისას ფრჩხილი ფერს იცვლის, იმტვრევა, ფხვიერდება. ტერფის სოკოს შემთხვევები განსაკუთრებით ხშირდება ზაფხულში, როდესაც სიცხე და ოფლიანობა ჩვეულებრივი მოვლენაა. ტერფს
აზიანებს ძირითადად ერთი ჯგუფი სოკოებისა, ე.წ. დერმატოფიტოზები, ანუ კანის სოკოები. უმეტესწილად, ტერფის სოკო შერეული ინფექციებით არის გამოწვეული - ტერფის სოკოს უერთდება ბაქტერიებიც, თუმცა შეიძლება პირიქითაც მოხდეს: ბაქტერიებმა დააზიანონ კანი და შემდეგ ეს პროცესი სოკომ გააძლიეროს. ტერფის მიკოზი ყველაზე ხშირად ფეხის თითებს შორის გვხვდება, იქიდან კი
შეიძლება მთელ ტერფზე გადავიდეს.

- გადამდებია ტერფის სოკო?
- ეს დაავადება ჰაერით არ გადადის, მაგრამ თუ ვინმე პაციენტის ფეხსაცმელს ან პირად ნივთებს მოიხმარს, შესაძლოა გადაედოს. თუ პირადი ჰიგიენის საგნები საერთო არა გაქვთ, ტერფის სოკო გადამდები არ არის. მნიშვნელოვანია იმუნიტეტი. სოკო და ბაქტერია ყოველთვის არის ჯანმრთელ კანზე, მაგრამ არ აზიანებს კანის ზედაპირს. მაშინ კი, როდესაც ხელსაყრელი პირობები ჩნდება და კანის ზედაპირი ზიანდება ჭარბი ოფლიანობის, ხახუნის ან მექანიკური დაზიანების შედეგად, ტერფის სოკო ადვილად ვითარდება. ზოგჯერ ეს პროცესი მოჭერილი ფეხსაცმლით არის გამოწვეული, დაზიანებულ უბანში ადვილად აღწევს ბაქტერიაც, სოკოც და კანს აზიანებს.

- რა როლს ასრულებს ამ დაავადების განვითარებაში ჰიგიენური ნორმების დაუცველობა?
- ჰიგიენური ნორმების დაუ­ცველობა დაავადების ხელშემწყობი ერთ-ერთი ფაქტორია. სოკო სიცოცხლისათვის საშიში არ არის, მხოლოდ კანსა და ფრჩხილებს აზიანებს. სულ მცირე სიმპტომის გაჩენისას უნდა წაისვათ ანტისეპტიკური სითხე ან მალამო. ისეთი ფეხსაცმელი უნდა ჩაიცვათ, რომ ფეხი ძალიან არ გაოფლიანდეს. თუ ბრტყელტერფიანობა გაქვთ, უნდა ჩაიცვათ სპეციალური ფეხსაცმელი, ან ჩასაფენი ატაროთ. დიდი მნიშვნელობა აქვს ზოგად ჯანმრთელობასაც: იმუნიტეტდაქვეითებულ ან დიაბეტიან ადამიანს დაავადება უფრო ადვილად მოერევა.

- საშიშია თუ არა მაღაზიაში ნაყიდი მეორადი ფეხსაცმელი?

- ეს არ არის ისეთი სოკო, რომელიც არ ემორჩილება ქიმიურ დამუშავებას. ფეხსაცმელი სულ რომ გაასტერილო, კანზე ეს სოკო მაინც არის, მთავარია, დაავადებაში არ გადაიზარდოს, თორემ თვითონ სოკო არ ნიშნავს დაავადებას.

- ყველაზე ხშირად ვის უჩნდება ტერფის სოკო?
- ტერფის სოკო უფრო მეტად იმათ უჩნდება, ვისაც მთელი დღის განმავლობაში ჩახუთული ფეხსაცმელი აცვია და ფეხზე დიდხანს ყოფნა უწევს. მაგალითად, ჯარისკაცებს ან ისეთი პროფესიის ხალხს, რომელსაც ფეხსაცმელი მთელი დღე გაუხდელად აცვია. მამაკაცებს ხშირად უწევთ ასეთი ფეხსაცმლის ტარება და ასეთ პირობებში მუშაობა, ამიტომ ტერფის სოკო უფრო მათ ემართებათ. სოკო იკურნება, მაგრამ შესაძლოა, განმეორდეს, განსაკუთრებით მოხუცებულობაში, რადგანაც ამ დროს ნივთიერებათა ცვლა დარღვეულია. ასევე, სოკო ხშირად ემართებათ იმ ადამიანებს, ვინც მიწაზე ფეხშიშველი დადის. ბავშვები სოკოთი იშვიათად ავადდებიან.

- როგორ მიმდინარეობს დაავადების მკურნალობა და რას ურჩევთ პოტენციურ პაციენტებს?

- ტერფის სოკოს მკურნალობის მეთოდი მრავალგვარია, გააჩნია კანის დაზიანების ხარისხს, ფორმას და დაავადების მიმდინარეობას. არის შინაგანი აბები, რომელსაც პაციენტებს ვუნიშნავთ, მაგრამ აბებით მხოლოდ მაშინ ვსარგებლობთ, თუ უკვე ფრჩხილის დაზიანებაა დაწყებული, ან ტერფის სოკოს გართულებულ ფორმასთან გვაქვს საქმე. როდესაც საშუალო ან იოლი ფორმაა, ვცდილობთ, მხოლოდ გარეგანი საშუალებებით ვუმკურნალოთ. მალამოებით მკურნალობა საკმაოდ ეფექტიანია. ანტიმიკოზური მალამო ძალიან ბევრია ჩვენს სააფთიაქო ქსელში, თუმცა უპირატესობას ვანიჭებთ კომბინირებულ საშუალებებს, რომლებიც სოკოსა და ბაქტერიაზე ერთდროულად მოქმედებენ და ანთებასაც ახშობენ.

რაც შეეხება რჩევებს, რა უნდა ურჩიო ადამიანს, რომელსაც თავისი სამსახურის გამო მთელი დღე დახუთული ჩექმა აცვია? ამ დროს აუცილებელია ანტისეპტიკური ხსნარებისა და ფხვნილების გამოყენება, რომ სოკო არ გაჩნდეს. ამავე დროს, უნდა ერიდოთ ძალიან მოჭერილი ფეხსაცმლის ჩაცმას, რომელიც კანს აზიანებს და შეიძლება იქ სოკო შეიჭრას. უმეტესწილად ეს დაავადება მოულოდნელადაც ვითარდება, მაგრამ კანის დაზიანება მისი მთავარი მიზეზია. ამიტომ ტერფის კანს მაქსიმალურად უნდა გაურთხილდეთ.

ხათუნა ჩიგოგიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით