მზის "სიურპრიზები" - სახის გავარვარება, ლაქები და ალერგია - კვირის პალიტრა

მზის "სიურპრიზები" - სახის გავარვარება, ლაქები და ალერგია

მზე, სასურველი და შემაწუხებელიც, - ზაფხულში მზისგან გამოწვეული კანის დაზიანებები მუდამ აქტუალური თემაა და ყურადღებასაც მოითხოვს. მზისგან გამოწვეული კანის პრობლემები მოსახლეობის დაახლოებით 20%-ს ერთხელ მაინც აღენიშნება, ზოგსაც პირველად უწევს შეხება, მათ შორის ალერგიასა და კანის ლაქების წარმოქმნასთან. ზაფხულში მზისგან გამოწვეულ კანის ამ და სხვა დაზიანებაზე ექიმი-დერმატოლოგი ალექსანდრე ტყემალაძე გვესაუბრება.

- გადაჭარბებული არც მზის სხივებია სასარგებლო. ხშირად საუბრობენ ზაფხულში ზღვაზე გარუჯვისას გამოწვეულ პრობლემებზე, თუმცა მზის ჭარბმა სხივებმა ქუჩაში სიარულისასაც კი შეიძლება დაგიწვათ კანი მაშინ, როცა ხანგრძლივად მოგვიწევს ყოფნა მზეზე მზის აქტიურობის საათებში. პაციენტები ექიმებს ხშირად მიმართავენ მზის ალერგიის მომიზეზებით და ამის დასტურად მზეზე ყოფნის დროს გაჩენილ გამონაყარს ასახელებენ. თუმცა, ეს გამონაყარი შეიძლება არც იყოს მზის ალერგიის მიზეზი.

მზის ალერგიის, ანუ ფოტოდერმატიტის გაჩენას ხელს მართლაც უწყობს მცხუნვარე მზე, მაგრამ პათოლოგია მაშინ ვითარდება, თუ ორგანიზმს გააჩნია მზაობა ალერგიის განვითარებისთვის. ასე რომ, მზის ალერგიის მიზეზი შეიძლება იყოს მედიკამენტი, მაგალითად, ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატები, ზოგიერთი ანტიბიოტიკი თუ გულსისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო საშუალებები. ამიტომაც არის სასურველი ამ პრეპარატების ინსტრუქციის გადახედვა ზღვაზე წასვლის წინ. მას იწვევს კოსმეტიკური საშუალებებიც - ხშირად სწორედ დეკორატიული კოსმეტიკა აღმოჩნდება სერიოზული ალერგიული რეაქციების მიზეზი. მზის ალერგიისას  წვრილი, მოწითალო-მოვარდისფრო კვანძოვანი გამონაყარი ძირითადად შეიმჩნევა კისერზე, სახესა და იმ ადგილებზეც, რომელსაც მზე ხვდება. მაგრამ ალერგიულ გამონაყარს აუცილებლად უნდა ახასიათებდეს ქავილი, თუ ქავილი არ ახლავს,  მზისგან გამოწვეული სხვა ზემოქმედებაა... მზის ალერგია პირველივე გარუჯვის შემდეგ ვითარდება.

- მაგალითად?

- მაგალითად, დერმატიტი, კანის მსუბუქი დამწვრობა. ტკივილი და წვის შეგრძნება სწორედ კანის დამწვრობაზე მიუთითებს. მედიკოსთა დასკვნით, როგორც დაავადებების უმრავლესობა, მზის ალერგიაც შეიძლება მემკვიდრეობითი იყოს, რაც უფრო ძნელი სამართავია, ვიდრე შეძენილი ალერგია. თუმცა, ექიმთან ვიზიტით ალერგიის მართვა შეიძლება. თვითმკურნალობით კი, დამწვრობა იქნება ეს თუ მზის ალერგია, შეიძლება კანის მთლიანობაც დავირღვიოთ. შემდგომ ნაწიბურების წარმოქმნა და კანის დეპიგმენტიზაცია სწორედ კანის მთლიანობის დარღვევის შედეგია.

- მზეზე სახის გაწითლება ალერგიაა თუ დამწვრობა?

- სახის გაწითლების მიზეზი კანის სტრუქტურაა. ადამიანებს, რომლებსაც კანის ზედაპირთან ახლოს აქვთ კაპილარები, სახე მზისგან ხშირად უწითლდებათ, რადგან მზის სიმხურვალისაგან კაპილარები ფართოვდება. ამ დროს ავარვარებულ სახეზე ოფლიც ჭარბად გამოდის. კაპილარების კანთან სიახლოვე უმთავრესად გენეტიკურია. ასე რომ, თუ ოჯახის წევრებს მზეზე კანი უწითლდებათ, ეს მიუთითებს, რომ ამ ფაქტორში ოჯახის გენეტიკა თამაშობს როლს. ასეთ დროს სახეზე ცივი წყლის შესხმისას კანს სწრაფად უბრუნდება ბუნებრივი ფერი.

- მზის ზემოქმედებით პათოლოგიებს შორის სერიოზული პრობლემაა ლაქებიც.

- ლაქებს მზე კი არა, ორგანიზმის შინაგანი მდგომარეობა წარმოქმნის - ის ნებისმიერ ასაკში შეიძლება გაჩნდეს. ახალგაზრდობისას ლაქებს იწვევს ორსულობა, უხარისხო კოსმეტიკა (ასაკში ლაქების გაჩენის მიზეზია უჯრედში პიგმენტის წარმოქმნის შენელება), ზოგიერთი კონტრაცეპტივის ან სამკურნალო საშუალების მიღება. ასაკში მისი გაჩენის მიზეზი პიგმენტის წარმოქმნის შენელება, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა, ნერვული და ქრონიკული დაავადებები, ჩ ვიტამინის ნაკლებობაა. მოკლედ, მიზეზი მრავალგვარია; ლაქები შეიძლება იყოს იმდენად მკრთალი, რომ არც ჩანდეს, მაგრამ ჩნდება მაშინ, როცა მზის სხივები მოხვდება. ზღვაზე გარუჯვისას ლაქები მუქდება კანთან ერთად, მაგრამ როდესაც რუჯი უფერულდება, ლაქები კვლავ მუქი რჩება. სწორედ ამიტომაც არის მზისგან დამცავი კრემებისა და ლოსიონების მოხმარება აუცილებელი. სააფთიაქო ქსელში იყიდება ალერგიის დროს თუ ლაქებისაგან დასაცავად გამოსაყენებელი უამრავი მალამო. მალამო მზეზე გასვლამდე 20-30 წუთით ადრე უნდა წავისვათ და არა წყლიდან ამოსვლის შემდეგ, ასე კანის დაზიანებას ვერ ავიცილებთ.