საშიში ვირუსი, რომელიც ზაფხულთან ასოცირდება - კვირის პალიტრა

საშიში ვირუსი, რომელიც ზაფხულთან ასოცირდება

ზაფხულს სასიამოვნო და ლამაზ დღეებთან ერთად უსიამოვნებებიც მოაქვს. ამ უსიამოვნების წყარო შეიძლება გახდეს ენტეროვირუსი, რომელიც უყურადღებობის შემთხვევაში საშიში ხდება და სერიოზულად აზიანებს ადამიანის ორგანოებს, კუჭ-ნაწლავის სისტემას, გულის კუნთს და ნერვულ სისტემას. ენტეროვირუსით დაინფიცირება ყოველწლიურად ხდება და ხშირადაც.

ამ პრობლემაზე გვესაუბრება მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი შოთა ცანავა:

- ტერმინი "ენტეროვირუსი" აერთიანებს ძალიან დიდ ჯგუფს ვირუსებისა, რომელიც ნაწლავურ დაავადებებს და დიდ გართულებებს იწვევს... ეს ძალიან ვერაგი ვირუსი ხდება ნაწლავთა ინფექციების მიზეზი, აზიანებს ზემო სასუნთქ გზებს, აქვს გრიპისა და ზედა სასუნთქი გზების ინფექციებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები.

ენტეროვირუსები იწვევენ რთულ ნაწლავურ დაავადებებს, განსაკუთრებით 10 წლამდე ასაკის ბავშვებში. მათი ორგანიზმში შეჭრის ორი გზა არსებობს: ზედა სასუნთქი გზები და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი. ვირუსი შეიძლება მოხვდეს გულის კუნთის მიოკარდიუმში, ფილტვებში და სერიოზული გართულებები გამოიწვიოს, თუმცა უპირატესად ენტეროვირუსები კუჭ-ნაწლავის სისტემას აზიანებენ.

- რა სიმპტომები ახასიათებს ენტეროვირუსს?

- ვირუსის სიმპტომებია: გულისრევის შეგრძნება, ღებინება, ფაღარათი, მუცლის ტკივილი, ტემპერატურის მომატება, საერთო სისუსტე, კუნთების ტკივილი და ა.შ... დაავადების გამომწვევი შეიძლება გავრცელდეს საკვებით, წყლით, ასევე ენტეროვირუსით და დაბინძურებული საგნებით, დასნებოვანებულ ადამიანთან კონტაქტით.

ენტეროვირუსმა წელიწადის ნებისმიერ დროს შეიძლება გამოიწვიოს დაავადება, მაგრამ უფრო გახშირებულია ივნისიდან ოქტომბრამდე, ანუ ზაფხულის თბილ პერიოდში, როდესაც ადამიანები დასასვენებლად მიდიან და სარეკრეაციო ზონებთან და წყალსატევებთან უწევთ ხშირი კონტაქტი. ასეთ დროს განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფია ბავშვები. დაავადების რისკი იზრდება ზაფხულის ცხელ პერიოდში.

- ენტეროვირუსი მოზრდილებსაც ემართებათ?

- ავადდებიან მოზრდილებიც, მაგრამ ეს დაავადება უფრო ბავშვებში გვხვდება.

- პროფილაქტიკურ ღონისძიებებს რამდენად შეუძლია ამ ვირუსის თავიდან არიდება?

- რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია პროფილაქტიკური ღონისძიებები: თუნდაც ის, რომ ჭამის წინ ხელები დავიბანოთ. მკურნალობის მთავარი კარდინალური მიმართულებაა ის, რომ გაუწყლოება ავიცილოთ თავიდან.

- რთულია ენტეროვირუსის დამარცხება?

- დაავადების მკურნალობა სიმპტომების აღმოჩენისთანავე უნდა დავიწყოთ. ენტეროვირუსს არ ახასიათებს სასიცოცხლო ცენტრების დაზიანება, თუ პროცესი გენერალიზებული არ არის და არ მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან ორგანოებს, როგორიც არის გული და ფილტვები. ყველაზე საშიში პათოგენური შედეგი, როგორც აღვნიშნეთ, არის გაუწყლოება, რომელთან ბრძოლაც ძნელი არ არის, ამიტომ გაუწყლოების საწინააღმდეგო თერაპიის ჩატარება აუცილებელია. ფაღარათისა და დიარეის შედეგად ორგანიზმისთვის მიყენებული ზიანი აუცილებლად უნდა გავანეიტრალოთ.

ენტეროვირუსის მკურნალობა არ არის ძნელი, თუ მას დროულად დავიწყებთ. ისინი უპირველესად აზიანებენ საჭმლის მომნელებელ სისტემას, შემდეგ სასუნთქ სისტემას. ამიტომ, ხშირად იქმნება "გაციების" სურათი, რომელსაც ცოტა ზერელედ ვექცევით ხოლმე. ასეთ დროს პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს.

ზაფხულობით ენტეროვირუსით დაინფიცირების საფრთხე ძალიან მაღალია - ამ რისკს თავიდან ვერ ავიცილებთ, ამიტომ მთავარია, ის დროულად გამოვიცნოთ და გავანეიტრალოთ ხელების დაბანით, ხარისხიანი სასმელი წყლისა და საკვების მოხმარებით. შეუძლებელია გამოვრიცხოთ ზღვის, ან მდინარის წყლის მოხვედრა პირის ღრუში და საჭმლის მომნელებელ სისტემაში. ზაფხულობით ბავშვები დიდი რაოდენობით წყალს ყლაპავენ, თუმცა, აქვე უნდა ვთქვა, რომ სარეკრეაციო ზონებსა და წყალსატევებში წყლის გადაყლაპვას ძალზე მცირე წილი უკავია ენტეროვირუსით გამოწვეული დაავადებების გაჩენაში.

- ხომ არ ჯობია ბავშვებისთვის აგარაკზე, ან ზღვაზე გადადუღებული წყალი გამოვიყენოთ?

- ეს იმ შემთხვევაშია აუცილებელი, როდესაც ვიცით, რომ სათავე ნაგებობა დაბინძურდა, მოირღვა, ნიაღვრის წყლები შეერია, ან ჩვენს ირგვლივ გახშირებული თუ არის ნაწლავთა ინფექციები, მაშინ გადადუღებული წყალი საჭიროა, მაგრამ პროფილაქტიკის მიზნით გადადუღებული წყლის სმა უაზრობა იქნება.

- როგორ უნდა გავარჩიოთ ენტეროვირუსული ინფექციის სიმპტომები გაციების სიმპტომებისგან?

- ამისათვის ერთადერთი საშუალება არსებობს - ექიმი, რომელიც ცნობს ამ სიმპტომებს. ის გაარკვევს, რა ტიპის ინფექციაა ეს, რა შეიძლება გამოიწვიოს და, შესაბამისად, სწორი მკურნალობა როგორ დანიშნოს.

ვირუსებთან კონტაქტს ვერ ავიცილებთ, რადგან ჩვენ არა ვართ სტერილურები და არ ვცხოვრობთ ისეთ გარემოში, სადაც ამის გაკეთება შეიძლება. ყოველ წელიწადს გვაქვს ენტეროვირუსით დასნებოვნების შემთხვევები, ამიტომ ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ საშიში ვირუსებისაგან თავი დავიცვათ.

ხათუნა ჩიგოგიძე