მწერის ნაკბენმა რომ არ დაგტანჯოთ - კვირის პალიტრა

მწერის ნაკბენმა რომ არ დაგტანჯოთ

ამას წინათ ჩემ თვალწინ ბზიკის ნაკბენმა ადამიანი კინაღამ გააგიჟა - თვალის დახამხამებაში შეუსივდა და ისტერიკულად იმეორებდა, - ამ ტკივილს ვერ გადავიტანო. მხოლოდ სასწრაფო დახმარებამ უშველა - დექსამეტაზონი გაუკეთეს და დაწყნარდა. ისიც მინახავს, რომ ადამიანს ნაკბენი დაჩირქებია... გთხოვთ მოგვითხროთ მწერის ნაკბენზე. რით ვუშველოთ ამ დროს თავს?

მწერების ნაკბენებზე სასაუბროდ ალერგოლოგ ლადო ჯიბლაძეს დავუკავშირდით.

- მწერის ნაკბენი ადვილად ამოსაცნობია იმით, რომ მას ხშირად კბენისთანავე ახლავს ძლიერი ქავილი. ქავილი შეიძლება რამდენიმე საათის შემდეგაც დაიწყოს, მაგრამ ყველა შემთხვევაში ეს არის ორგანიზმის საპასუხო რეაქცია იმ ნივთიერებაზე, რომელიც მწერმა ორგანიზმში შეუშვა. მაგალითად, ყველაზე გავრცელებული კოღოს ნერწყვი შეიცავს ტოქსინსა და ანტიკოაგულანტს - რაც სისხლის შედედების შემაფერხებელი თვისებებით ხასიათდება, სწორედ ამ ნივთიერების საპასუხოა ძლიერი ქავილი... საბედნიეროდ, მწერების უმრავლესობის ნაკბენი ადგილობრივ რეაქციებს იწვევს, თუმცა ფუტკრის, მაწუხელას, კრაზანას, ბუზანკალის კბენის შემდეგ ხშირად ვითარდება ზოგადალერგიული რეაქციებიც, რაც მთელ ორგანიზმს მოიცავს... ამ დროს ადამიანს ტკივილთან ერთად ხშირად აწუხებს ტემპერატურის მატება, აღგზნებადობა და გამძაფრებული რეაქცია. მწერის ნაკბენი 3 ტიპისაა: ნორმალური, ლოკალური და ალერგიული. როდესაც ნაკბენი მცირე ზომისაა, მტკივნეულია და შეწითლებული; ეს ნორმალური რეაქციია. ლოკალური რეაქციის დროს შესაძლოა ნაკბენი დიდი ზომით შეწითლდეს, მაგრამ არ გასცდეს ლოკალურ გარემოს, მაგალითად, ხელის თითზე კბენისას მთელი ხელი შესივდეს... შემდეგ მოდის ალერგიის განმავითარებელი ნაკბენი, როცა ყველაზე რთული რეაქცია, ანაფილაქსიური შოკი ვითარდება.

- ანაფილაქსიური შოკის შესახებ ყველამ იცის და ეშინია კიდეც.

- შეიძლება, ბევრმა იცის, მაგრამ, სამწუხაროდ, ბევრი არ იყენებს ექიმის რჩევას. ანაფილაქსიური შოკი მძიმე ალერგიული რეაქციია, როცა 30 წუთის განმავლობაში ალერგენის მოხვედრის ადგილას იგრძნობა ჩხვლეტა, რომელიც მალე სახეზე გადაინაცვლებს. ადამიანს მოუსვენრობა, შიში იპყრობს. ამას, შესაძლოა, დაერთოს გამონაყარი ღებინება, ფაღარათი, სუნთქვის გაძნელება... ადამიანი ფითრდება, არტერიული წნევა უვარდება და გონსაც კარგავს. თუ ალერგენი ვენაში მოხვდა და ამ გზით შევიდა ორგანიზმში, ანაფილაქსიური შოკი უფრო სწრაფად ვითარდება. ასეთ დროს სისუსტის, მოუსვენრობისა და შიშის შემდეგ, ადამიანს გული მისდის, ეწყება კრუნჩხვა და ბოლოს კომაში ვარდება. უკიდურესად დაბინძურებული გარემოს გამო ანაფილაქსიურ შოკს ზოგჯერ იწვევს საკვებიც (მაგალითად, თხილი), სამკურნალო პრეპარატებიც, თუმცა ის მწერის კბენისას ვითარდება და სამედიცინო დახმარების გარეშე შეიძლება ფატალურადაც დასრულდეს. ამიტომაც დასასვენებლად მოაგარაკეებმა, სადაც სამედიცინო დახმარება მანძილის გამო იგვიანებს, თან ისეთი პრეპარატები იქონიონ, რომლითაც ამ შოკს მოიხსნიან. მაგალითად, ანტჰისტამინური ინიექციები, ადრენალი, პრედნიზოლონი, რისი მოხმარების წესის შესახებ ექიმისაგან უნდა ჰქონდეთ რჩევა მიღებული. ანაფილაქსიური შოკის ნიშნებისას აუცილებელია, ადამიანი ზურგით დავაწვინოთ და ფეხები ზემოთ ავუწიოთ, ნაკბენის ზემოთ კი ზონარი გადავუჭიროთ. პარალელურად უნდა გამოვიძახოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურიც.

- ნორმალური და ლოკალიზებული ნაკბენიც მტკივნეულია.

- გეთანხმებით. თუმცა აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ თუკი ნაკბენი რამდენიმე დღის შემდეგაც შემაწუხებელია და გასივებული, ეს ორგანიზმში ინფექციის არსებობაზე მიუთითებს და საჭიროა ექიმთან ვიზიტი. ფრთიან მწერებში ყველაზე შემპარავი არიან ქინქლები, რომელთა ნაკბენი, კოღოს ნაკბენისგან განსხვავებით, უმტკივნეულოა, რადგანაც კანში ანესთეზინს უშვებენ. ბზიკი, კრაზანა და ფუტკარი ერთმანეთს ძალიან ჰგვანან, მაგრამ ბზიკი და კრაზანა, ფუტკრისაგან განსხვავებით, კანში ნესტარს არ ტოვებენ. რისია ნაკბენი, მისი ამოცნობა ამით შეიძლება, რასაც მკურნალობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ნესტარის ამოღება კი ადვილი და ნაკლებსაშიშია ნაკბენზე სპირტში ან ზეითუნის ზეთში დასველებული ბამბით.

საშიშნი არიან უფრთო მწერები. მაგალითად, ბაღლინჯოები ღამით იკბინებიან. ნაკბენი სივდება, რომელსაც ახლავს ძლიერი ქავილი. ძალიან საშიშია პარაზიტული ტკიპაც, რომელიც რამდენიმე დღე ისე იქნება კანს მიკრული სისხლის ამოსაწოვად, რომ შეიძლება ადამიანმა ვერც გაიგოს, სანამ თავად არ მოშორდება, მექანიკურად მოგლეჯისას კი ორგანიზმში შეიძლება ტკიპის ხორთუმი დარჩეს და ინფექცია განავითაროს, ამიტომაც ტკიპის მოსაშორებლადაც გამოიყენეთ ზეთში დასველებული ბამბა.

- რა უნდა გავაკეთოთ, რომ ნაკბენი ქავილით არ გავიღიზიანოთ?

- უნდა გამოვიყენოთ საჭმელი სოდა - შევაზილოთ ნაკბენს ან წყალში დიდი კონცენტრაციით გავხსნათ. ქავილსაც შევაჩერებთ და შესივების განვითარებასაც. ასევე უებარია ბრილიანტის მწვანის წასმა, რაც შესიების პროცესსაც აჩერებს...

- ხშირად მწერის თითქოს უბრალო ნაკბენი ჩირქდება, სივდება და შემაწუხებელი ხდება...

- ეს ძლიერი ქავილის შედეგია - კანში ინფექცია იჭრება, მისი უჯრედები კვდება და ჩირქდება... სწორედ ამიტომაც არის საჭირო რომ მწერის ნაკბენის დროს ძლიერი ქავილის შეჩერება სხვადასხვა საშუალებით. თუკი მოსახერხებელია კბენის ადგილზე ყინულის ან ფიზიოლოგიურ ხსნარში დასველებული ცივი კომპრესის დადებაც კარგია, პერიოდული ცვლით. ეს აამებს ტკივილს და აცხრობს შეშუპებას.

ეთერ ერაძე