ეს მარგებელი მაყვალი - კვირის პალიტრა

ეს მარგებელი მაყვალი

მაყვალი ყვავილობს მაისიდან აგვისტომდე, ნაყოფი მწიფდება ივლის-ოქტომბერში. ის საქართველოში გავრცელებულია ტყის პირებზე, მდელოებზე, ბუჩქნარებში, გზის, მდინარეებისა და ნაკადულების ნაპირებზე. არსებობს მაყვლის მრავალი სახეობა. ყოველი მათგანი საკვებად ვარგისია. ყირიმში, საბოსტნე ნაკვეთებში, ამრავლებენ კულტურული მაყვლის ჩრდილოამერიკული სახეობის ჰიბრიდს.

სამკურნალოდ გამოიყენება მაყვლის ნაყოფი, ფოთლები და ფესვები. ნაყოფი შეიცავს 3-5% შაქარს (გლუკოზას და ფრუქტოზას), 1,5%-მდე ორგანულ მჟავებს (ვაშლის, ლიმონის), სათრიმლავ ნივთიერებებს, პექტინს, უჯრედისს, B ჯგუფის ვიტამინებს, კაროტინს, ასკორბინის მჟავას, ბევრია მასში კალიუმის მარილები, სპილენძი, მანგანუმი. ფოთლები შეიცავს სათრიმლავ ნივთიერებებს, ფლავონოიდებს, ჩ ვიტამინს, ორგანულ მჟავებს, უმნიშვნელო რაოდენობით _ ეთერზეთს; ფესვების შემადგენლობა საკმარისად არაა შესწავლილი.

ნაყოფს აგროვებენ მისი სიმწიფის პერიოდში, მშრალ ამინდში, შემდეგ აშრობენ 30-40 გრადუს ტემპერატურაზე. შრობის ბოლო ტემპერატურა 60 გრადუსია. მაყვალს იყენებენ როგორც სადესერტო, დიეტურ საკვებს. მისგან ამზადებენ წვენებს, ვაჟინს, მურაბას, კომპოტს, ჯემს, მარმელადს და სხვა საკონდიტრო ნაწარმს.

მაყვლის ფოთლებს აგროვებენ ზაფხულობით მათი სრული განვითარების პერიოდში. აშრობენ ჩვეულებრივ ტემპერატურაზე ჩრდილში, სხვენზე ან ფარდულში, კარგი ვენტილაციის პირობებში.

ფესვებს თხრიან გვიან შემოდგომით, ასუფთავებენ, ჭრიან და კარგად აშრობენ.

მაყვლის ფოთლებისაგან მზადდება ძალზე სასარგებლო და სასიამოვნო ჩაი. ჩაის სუროგატის მისაღებად ნედლი ფოთლები მოათავსეთ დახურულ ჭურჭელში და მოახდინეთ მისი ფერმენტაცია. ფოთლები დაჭკნება და გაშავდება, რის შემდეგ გააშრეთ ჰაერზე, თხელ ფენად გაშლილი.

მაყვლის მწიფე ნაყოფი და წვენი გამოიყენება წყურვილის მოსაკლავად, ციებისა და მაღალი ტემპერატურის დროს. მწიფე ნაყოფი გამოიყენება საღაფარათო საშუალებად კუჭში შეკრულობის დროს, ხოლო მკვახე _ როგორც შემკვრელი.

ნედლი ნაყოფის ჩაი ხალხურ მედიცინაში ითვლება გამამაგრებელ და დამამშვიდებელ საშუალებად კლიმაქსური ნევროზების დროს.

ადრეგამომშრალი ნაყოფის ნაყენები და ნახარშები გამოიყენებოდა ოფლსადენ და შარდმდენ საშუალებად. შემდეგ ასეთი მოქმედება აღმოაჩნდა ფოთლების ნახარშსაც, რომელსაც ხმარობენ გაცივების დროს.

ნაყენი ასე შეიძლება მომზადდეს: 1 სუფრის კოვზ ფოთლებს დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, გააჩერეთ 4 საათი, მიიღეთ 1/2 ჭიქა 3-4-ჯერ დღეში, ჭამის წინ 20-30 წუთით ადრე.

ხალხურ მედიცინაში ფოთლების ნაყენს ამოსახველებლად იყენებენ ზედა სასუნთქი გზების დაავადების დროს, გამოსავლებად _ პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთების, ანგინის, ფარინგიტის დროს. ფოთლების ნახარშის საფენებს იყენებენ სირსველით დაზიანებული ადგილების, ეგზემის, ქრონიკული წყლულების, ძველი ჩირქოვანი ჭრილობების სამკურნალოდ.

მაყვლის ფოთლების შემკვრელი თვისების გამო მის ნახარშს (1:10) იყენებენ კუჭიდან სისხლის დენის, კუჭის აშლილობის დროს. ასეთი წესით მომზადებულ ნახარშს სვამენ 1-2 სუფრის კოვზს 3-4-ჯერ დღეში. კუჭის აშლილობის საწინააღმდეგოდ გამოიყენება აგრეთვე ფოთლებისაგან დამზადებული ფხვნილები.

ხალხურ მედიცინაში მაყვლის დამტკბარი გამთბარი ღვინით მკურნალობენ გაცივებას, გრიპს, ხველებას, ტრაქეიტს, ბრონქიტს, ანგინას.

ბულგარელები გვთავაზობენ შემდეგ რეცეპტს: 2 სუფრის კოვზ ფოთლებს დაასხით 500 მლ მდუღარე წყალი და გააჩერეთ ერთი საათი. გადაწურეთ ნაყენი და დალიეთ პატარა ღვინის ჭიქით 4-ჯერ დღეში, ჭამის წინ. ფესვებსაც ასეთივე სახით გამოიყენებენ, თუმცა, უმჯობესია შემდეგი წესით მომზადებული ნახარში: 2 სუფრის კოვზ ფოთლებს დაასხით წყალი და გააჩერეთ 12 სთ (მთელი ღამე), შემდეგ ხარშეთ 3 წუთი, გააცივეთ 5 წუთი. დალიეთ 3-ჯერ დღეში 150 მლ, უზმოზე.