დაავადება, რომლის ნაკვალევიც წლობით რჩება - კვირის პალიტრა

დაავადება, რომლის ნაკვალევიც წლობით რჩება

სებორეა კანის ხშირი დაავადებაა. ამ დროს ცხიმი ან ჭარბად გამომუშავდება, ან პირიქით - მცირე რაოდენობით, რაც კანის ხარისხზე უარყოფითად მოქმედებს.

სებორეის დროს მიმდინარე პროცესები ხელს უწყობს მიკროორგანიზმებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას და ანთების განვითარებას. ამ უსიამოვნო დაავადების შესახებ გვიამბობს ექიმი-დერმატოლოგი ალექსანდრე ტყემალაძე:

- სებორეის, ანუ სებორეული დერმატიტის გაჩენას ხელს უწყობს ასაკი, სქესი, გენეტიკა, ჰორმონები და ცხოვრების სტილი. არსებობს მშრალი, ცხიმიანი და შერეული სებორეა. სებორეისთვის ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი ზონაა თავის თმიანი მიდამო, პირისახე, ზურგი და მკერდის არე. ჭარბი ცხიმიანობის დროს პაციენტს აწუხებს ქავილი, წვა, ზოგჯერ უსიამოვნო სუნი თავის მიდამოდან; უცხიმო სებორეა აქერცვლით ხასიათდება. სებორეის ერთ-ერთი გამოვლინებაა ქერტლი.

- სებორეით დაავადებულმა პაციენტებმა როგორ უნდა შეანელონ ეს სიმპტომები?

- სებორეის დროს ძალიან კარგია ზღვის წყალი და გარუჯვა. ამიტომ პაციენტმა წელიწადში ერთხელ მაინც დაისვენოს და გაირუჯოს, ოღონდ რა თქმა უნდა, ზომიერად.

- გენეტიკური განწყობა მოქმედებს სებორეის წარმოქმნა-განვითარებაზე?

- თუ მშობლებს და ახლო ნათესავებს აქვთ ასეთი განწყობა, ის ბავშვებზეც გადავა. მნიშვნელოვანია ასაკიც: რაც უფრო ახალგაზარდა ასაკისაა პაციენტი, მით მეტია სებორეის გაჩენის რისკი. სებორეა უფრო მომწიფების ასაკში იჩენს თავს და შესაძლოა რამდენიმე წელი ან მთელი სიცოცხლის მანძილზეც კი გაგრძელდეს. ეს დაავადება კანის მუდმივ და სწორ მოვლას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება უფრო გართულდეს.

- სებორეის მიმდინარეობაზე შინაგანი ფაქტორებიც მოქმედებს?

- რა თქმა უნდა, თუმცა წამყვანი ფაქტორი მაინც კანის მოვლაა. კანის სწორი მოვლა გამოიხატება გარკვეული რეჟიმით: ცხიმიანი სებორეის დროს კანი დღეში ორჯერ უნდა დაიბანოთ და არ უნდა გამოიყენოთ ცხიმიანი კრემები, ხოლო მშრალი სებორეისას იშვიათად უნდა დაიბანოთ და დამატენიანებელი საშუალებები გამოიყენოთ. დიეტა და სხვა კომპონენტები დამხმარე საშუალებებია, მაგრამ არა გადამწყვეტი.

- ცხიმიანი სებორეა უფრო ხშირად გვხვდება, თუ მშრალი?

- სებორეის ცხიმიანი ფორმა უფრო ხშირად გვხვდება. ცხიმიანი სებორეის დროს კანი და თავის თმიანი ნაწილი ძალიან სწრაფად ცხიმიანდება. ჭარბი ცხიმიანობა კი ხელს უწყობს თმის ცვენას, კანის ანთებას და ქავილს. მშრალი სებორეის დროს ნორმაზე ნაკლები ცხიმი გამოიყოფა და თმა ნაკლებად ცხიმიანდება. ამ შემთხვევაში კანი ჭარბად არის აქერცლილი, ხშირად ქატოსებურად. ასეთ პაციენტებს ვურჩევთ, ნაკლებად გამოიყენონ ცხელი წყალი, ბევრი საპონი, არ გაიხეხონ კანი, ფრთხილად გაიმშრალონ და დამატენიანებელი საშუალებები იხმარონ. ცხიმიანი სებორეის დროს კი პაციენტმა დღეში ორჯერაც უნდა დაიბანოს.

- სებორეის თავიდან აცილება თუ შეიძლება?

- გენეტიკას ვერ შეცვლი, თუმცა ასაკთან ერთად შეიძლება სებორეის გამოვლინებები შემცირდეს, რადგანაც ასაკთან ერთად კანის ცხიმიანობაც იცვლება. იმის გარანტია, რომ სებორეის დროს რაიმე კურსი ჩაიტარო და მერე აღარაფერმა შეგაწუხოს, არ არსებობს. ეს მუდმივი მოვლის პროცესია.

- როგორ მკურნალობენ სებორეას?

- მკურნალობის მიზანია, ჭარბი ცხიმის დროს კანის ცხიმიანობის შემცირება, მაგრამ ნაკლები ცხიმიანობისას შევეცადოთ, კანი დავატენიანოთ. დანარჩენი მკურნალობა უკვე მიმართულია შედეგების წინააღმდეგ: ხდება აქერცვლის, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენება. ძირითადად აქცენტი კეთდება გარეგან საშუალებებზე და არა შინაგანზე.

სებორეის დროს ზოგადი რეკომენდაციებია: ჯანსაღი ცხოვრების სტილის დაცვა, ნატურალური პროდუქტის მიღება და ა.შ... ეს მხოლოდ დამხმარე საშუალებებია.

საერთოდ, სებორეა ყველაზე ხშირად მოზარდებში გვხვდება, რადგან ეს არის პიკი ჰორმონული დატვირთვისა და კანის ცხიმიანობისა.

როდესაც კანი ძალიან ცხიმიანია, სებორეის ფონზე ჩნდება აკნეც. აკნეს ეძახიან ფერიმჭამელებს, რომელიც სახეზე, ზურგსა და მკერდზე ჩნდება. ესეც ერთ-ერთი რგოლია ამ დაავადებისა. აკნე სებორეა და სებორეული დერმატიტი ერთმანეთზეა გადაბმული. ხშირად პაციენტს სებორეის სიმპტომები თვითონ გაუვლის ხოლმე, ექიმთან 5-10% მოდის მათგან, ვისაც ეს პრობლემა აწუხებს, დანარჩენები ან თვითმკურნალობას მიმართავენ, ან სულ არ აქცევენ ყურადღებას და გარკვეულ ასაკში ეს პრობლემები მართლაც გადის.

ექიმების ამოცანაა, რომ პაციენტმა დისკომფორტი არ განიცადოს თავისი გარეგნობის გამო და კანზე არ დარჩეს ისეთი კვალი, რომელიც მთელი სიცოცხლის მანძილზე გაჰყვება - ვგულისხმობ ნაწიბურებს, რომელიც ხშირად ჩნდება, თუ ადამიანი სებორეის მძიმე ფორმას სათანადოდ არ მოუვლის. ამის გამო პაციენტს შეიძლება სახეც დაუმახინჯდეს, ამიტომ, ვისაც სებორეის მძიმე ფორმა აქვს, დაავადებას დროულად უნდა მიხედოს.

ხათუნა ჩიგოგიძე