ჟურნალი "ოჯახის მკურნალი" ახალი ფორმატით გამოვა
07-09-2015
ჟურნალი "ოჯახის მკურნალი" ახალი ფორმატით გამოვა
ჟურნალი ჯიხურებში ყოველი თვის დასაწყისში გამოჩნდება და ერთგულ მკითხველს მრავალფეროვან რუბრიკებს შესთავაზებს

ჟურნალმა "ოჯახის მკურნალმა", არსებობის 12 წლის მანძილზე, მაღალი კვალიფიკაციისა და თავდაუზოგავი გარჯის წყალობით, ერთგული მკითხველის არმიას მოუყარა თავი " იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში საზოგადოების უდიდესი ნაწილი თვითმკურნალობას ეწევა, ჟურნალი მკითხველებს დაავადებებსა და მათ პრევენციაზე კვალიფიციურ ინფორმაციას აწვდის. მეტიც, ჟურნალმა დაფუძნების დღიდან სწორედ თვითმკურნალობის პროცესში ფატალური შედეგების თავიდან აცილება დაისახა მიზნად. ამჯერად "ოჯახის მკურნალი" სიახლეებისთვის ემზადება " ჟურნალი ჯიხურებში
ყოველი თვის დასაწყისში გამოჩნდება და ერთგულ მკითხველს გამრავალფეროვნებულ რუბრიკებს შესთავაზებს. დეტალებზე ჟურნალ "ოჯახის მკურნალის" მთავარ რედაქტორ თამარ მამაცაშვილს ვესაუბრეთ:

- ჟურნალი "ოჯახის მკურნალი" ორ კვირაში ერთხელ გამოდიოდა, ამჯერად გადავწყვიტეთ, ის ახალი ფორმატით გამოვცეთ, უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ, ჟურნალის დიზაინიც უფრო დავხვეწოთ და რუბრიკებიც დავამატოთ. შესაბამისად, ჟურნალის
მოცულობაც გაიზარდა და 84-გვერდიანი გახდა. "ოჯახის მკურნალი" ჯიხურებში ამჯერ­ად ყოველი თვის დასაწყისში გამოჩნდება.

- რა რუბრიკები დაემატა ჟურნალს?
- გადავწყვიტეთ, ჟურნალს მეტი პრაქტიკული დანიშნულება შევძინოთ, ამიტომ მასში უფრო მრავლად იქნება კონკრეტული რჩევები ამა თუ იმ პათოლოგიის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესახებ. ასევე ვეცდებით, უფრო ხშირად ვისაუბროთ აქტუალურ სამედიცინო პრობლემებსა და პათოლოგიებზე.
მრავალფეროვანი გა­ხდება რუბრიკები, რომლებშიც ხალხური მეთოდებით მკურნალობაზე მოვუთხრობთ მკითხველს.

მკითხველი ხშირად გვწერს, რომ სასურველი იქნებოდა ბავშვებზე მეტი სამედიცინო ინფორმაციის მიღება. ამიტომ გადავწყვიტეთ, ჟურნალისთვის რუბრიკა " "პედიატრიის ცნობარი" დაგვემატებინა. ყოველ ნომერში საზოგადოებას სხვადასხვა პედიატრიულ დაავადებაზე დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით. ფრაგმენტულად მიმოვიხილავდით კოსმეტოლოგიასაც, თუმცა ამჯერად ამ რუბრიკასაც მაქსიმალურად თანამიმდევრულად გავშლით და ქალბატონები ჩვენს ჟურნალში კანის მოვლის მეთოდებზე საკმაოდ ბევრს შეიტყობენ.  განახლდება რუბრიკები მამაკაცთა პათოლოგიებზეც. სხვათა შორის, მამაკაცები ხშირად გვწერენ, რომ მათ ამ მხრივ მეტი ინფორმაციის მიღების სურვილი აქვთ. ვეცდებით, ჟურნალის სამედიცინო ენა კიდევ უფრო გავამარტივოთ და რთულ თემებზე მარტივად ვესაუბროთ ჩვენს ერთგულ მკითხველს. თუმცა ჟურნალის რამდენიმე გვერდი აუცილებლად დაეთმობა ექიმებისთვის საინტერესო სიახლეებსაც მედიცინაში.

- ხშირად კითხულობენ, რამდენად კვალიფიციურია ინტერნეტით მოწოდებული სამედიცინო რჩევებიო. როგორც ვიცი, "მკურნალში" მასალებს ექიმები წერენ.
- რა თქმა უნდა, ამ მხრივ "ოჯახის მკურნალი" მართლაც გამორჩეულია. ჩვენთან მხოლოდ ექიმი-ჟურნალისტები არიან დასაქმებულნი. საერთოდ, სამედიცინო თემებზე არამედიკოს ჟურნალისტებს წერა უჭირთ, ეს, გარკვეულწილად, სარისკოცაა, რადგან ელემენტარული შეცდომაც კი, შესაძლოა, ფატალური შედეგით დასრულდეს.
ჟურნალ "ოჯ­ახის მკურნ­ალში" მარტივ საკითხებზეც კი, კვალიფიციური ექიმები საუბრობენ. შესაბამის­ად, შეცდომების ალბათობა, პრაქტიკულად, არ არსებობს. მეც პროფესიით ექიმი ვარ და ყველა ინფორმაციას მკაცრად ვაკონტროლებ. მართალია, სამედიცინო თემებზე სხვა ჟურნალებშიც ბევრს წერენ, მაგრამ თუ სამედიცინო საკითხებში გაურკვეველი მკითხველისთვის ტექსტში არსებული ლაფსუსები შეუმჩნეველია, როგორც წესი, ექიმები მას პირველსავე წინადადებაში ვპოულობთ.

"მკურნალი" მკითხველს კიდევ ერთ მნიშვნელოვან სიახლეს სთავაზობს: ჟურნალთან ერთად წლების განმავლობაში გამოიცემოდა სამედიცინო წიგნების სერია "იცნობდე, რათა დაამარცხო". 60 დასახელების სამედიცინო წიგნი უკვე შევთავაზეთ მკითხველს. სერიამ დასაწყისიდანვე ძალიან დააინტერესა მკითხველი. ბევრმა ვერ მოასწრო ყველა ტომის შეძენა. სწორედ ამიტომ ჟურნალი კიდევ ერთ შესაძლებლობას აძლევს მკითხველს, შეიძინოს ეს მნიშვნელოვანი სერია. სექტემბრიდან ყოველთვიურად ისევ გამოვა სერიის ყველა წიგნი სპეციალურ ფასად.

სექტემბრის ნომერთან ერთად გაიყიდება "წიგნი N1"- "ყველაფერი დიაბეტის შესახებ"; ოქტომბრის ნომერთან ერთად კი " წიგნი N2 " "ყველაფერი წნევის შესახებ". სხვათა შორის, "ყველაფერი დიაბეტის შესახებ" ენდოკრინოლოგებმა მნიშვნელოვან ნაშრომად შეაფასეს.

ჟურნალში დასრულდა "მედიცინის დიდი საოჯახო ენციკლოპედიის" პუბლიკაცია გაგრძელებებით. "ოჯახის მკურნალის" რედაქცია გამომცემლობა "პალიტრა-L"თან ერთად გეგმავს ამ ენციკლოპედიის წიგნად გამოცემას. წიგნი დაახლოებით 900-გვერდიანი იქნება, ექნება საგნობრივი და თემატური საძიებლები, რაც ამ უხვი სამედიცინო ინფორმაციის პრაქტიკულ გამოყენებას გაგიადვილებთ. წიგნის გამოცემა 2016 წლისთვის იგეგმება.

ენციკლოპედიის ცალკეულ თავს ურედაქტორებს შესაბამისი დარგის ცნობილი სპეციალისტი. ქართულ ენაზე ასეთი მრავალფეროვანი შინაარსის მქონე გამოცემა ჯერ არ გვქონია!

ასე რომ, ერთგულ მკითხველს უამრავ სიახლეს ვპირდებით.

რუსუდან შელია

რედაქტორის რჩევით