მამაკაცთა ყველაზე საშიში დაავადებების ტოპათეული - კვირის პალიტრა

მამაკაცთა ყველაზე საშიში დაავადებების ტოპათეული

მამაკაცებს ძლიერ სქესს უწოდებენ, თუმცა ისინი ქალებზე არანაკლებად ავადმყოფობენ.

ზოგიერთი დაავადება კი მხოლოდ მათთვის არის დამახასიათებელი. ამჯერად მამაკაცთა ყველაზე საშიში დაავადებების ათეულს მოვუყარეთ თავი.

მწეველთა დაავადება

თამბაქოსმიერი განგრენა - ამ სახელწოდებით არის ცნობილი მაობლიტერირებელი ენდარტერიტი. ეს სახელწოდება დაავადებამ იმიტომ მიიღო, რომ შესაძლოა ხანგრძლივი მოწევით იყოს პროვოცირებული, რომლის დროსაც ნიკოტინის გავლენით ვითარდება სისხლძარღვთა სპაზმი. ამ დაავადებით ავადმყოფობენ 20-40 წლის მამაკაცები. მოწევასთან ერთად რისკის ფაქტორებია ქვედა კიდურების გადაცივება, ქრონიკული მოწამვლა, ნერვული სისტემის ხანგრძლივი გადაძაბვა და დაზიანება.

მეფეთა დაავადება

ჰემოფილიას მეფეთა დაავადებას უწოდებენ. ისტორიამ ამის არაერთი მაგალითი შემოგვინახა. ჰემოფილიის დროს სისხლის შედედების უნარი ირღვევა. ნებისმიერი დაჟეჟილობა, რომელიც ჯანმრთელ ადამიანთან მცირე სილურჯით თუ ვლინდება, ჰემოფილიით დაავადებულებთან დიდი ზომის ჰემატომას (სისხლჩაქცევას) იწვევს.

კიბო

ქალებსაც ემართებათ და მამაკაცებსაც, მაგრამ მამაკაცები ონკოლოგიური დაავადებების სპეციფიკური ფორმებითაც ავადდებიან, რომლებიც დაკავშირებულია რეპროდუქციულ სისტემასთან. ესენია პროსტატის და სათესლეების კიბო. სტატისტიკის თანახმად, მამაკაცები უფრო ხშირად ავადდებიან ფილტვების, კუჭისა და ნაწლავების კიბოთი.

შაქრიანი დიაბეტი

ამ უკურნებელი დაავადების გამოვლენის რისკი მამაკაცებში 40 წლის შემდეგ ძალიან მაღალია. ცხიმოვანი ქსოვილის დიდი რაოდენობით დაგროვებას მუცლის მიდამოში, სმას, სიგარეტის წევას, მაღალ არტერიულ წნევას, არააქტიური (ნაკლებმოძრავ) ცხოვრების წესს მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის განვითარებამდე მივყავართ.

ჩუტყვავილა

ჩუტყვავილა ადვილად გადააქვთ ბავშვებს. გამოჯანმრთელებულნი სამუდამოდ იძენენ მყარ იმუნიტეტს. ამგვარ იმუნიტეტს აყალიბებს ჩუტყვავილას ვირუსსაწინააღმდეგო ვაქცინაცია. მაგრამ თუ რაიმე მიზეზით ადამიანმა ჩუტყვავილას საწინააღმდეგო იმუნიტეტი ვერ შეიძინა, ზრდასრულ ასაკში ეს დაავადება საკმაოდ მძიმედ გამოვლინდება.

კუნთების დისტროფია

1853 წელს აღწერილი დიუშენის კუნთების დისტროფია იშვიათი გენეტიკური დაავადებაა, რომლის სიმპტომებია: კუნთების ატროფია, ჩონჩხის არასწორი ზრდა, ხერხემლის დეფორმაცია.

მამაკაცთა გულის დაავადებები

მამაკაცის სქესი გულის იშემიური დაავადების განვითარების რისკ-ფაქტორია. ამ დაავადებით 35-44 წლის ასაკში ქალზე 5-ჯერ მეტი მამაკაცი იღუპება.

აუტიზმი

აუტიზმით დაავადებული ვაჟი გოგონაზე 4-ჯერ მეტია. დაავადება სიცოცხლის პირველსავე წლებში ვლინდება და ახასიათებს უცნაური ქცევა, ერთი და იმავე მოძრაობების სტერეოტიპული განმეორება, ინტერესთა წრის შემოფარგვლა და სიახლის შიში.

ალკოჰოლიზმი

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ალკოჰოლიზმი 1952 წელს აღიარა დაავადებად. ის სპირტიანი სასმელებისადმი დაუოკებელი სწრაფვით, სმაზე კონტროლის დაკარგვით, ალკოჰოლის მიჩვევით, მძიმე ფსიქოფიზიკური შედეგებით ვლინდება. მამაკაცები ალკოჰოლიზმით ქალებზე ხშირად იტანჯებიან.

მძინარე მზეთუნახავი

დაავადება "მძინარე მზეთუნახავი" ანუ კლაინ-ლევინის სინდრომი უმეტესად 13-19 წლის მამაკაცებთან გვხვდება. დაავადებისთვის დამახასიათებელია ძილიანობა და ქცევის დარღვევა. დღის დიდ ნაწილს დაავადებული ძილში ატარებს, სიფხიზლის პერიოდში გაღიზიანებულია, დეზორიენტირებული, აპათიური, გამუდმებით შია. მამაკაცები ხშირად ამჟღავნებენ ჰიპერსექსუალურ ქცევას, აქვთ ჰალუცინაციები, ამნეზია, სიზმარი და ცხადი ერთმანეთში ერევათ.