დამარცხდება თუ არა C ჰეპატიტი? - კვირის პალიტრა

დამარცხდება თუ არა C ჰეპატიტი?

"სიახლეებს თუ ასე შევხედავთ, წინსვლა არასოდეს გვექნება"

საქართველოში C ჰეპატიტის მკურნალობა წარმატებით მიმდინარეობს: ჩვენს ქვეყანაში უკვე რამდენიმე თვეა, მოქმედებს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელიც საქართველოს მთავრობასა და ამერიკულ კომპანია "გილეადს" შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ დაიწყო. პროგრამა პაციენტებისთვის ახალი თაობის მედიკამენტ სოფოსბუვირის უსასყიდლოდ მიწოდებას და დიაგნოსტიკური კვლევების თანადაფინანსებას ითვალისწინებს. ამა წლის ივლისში კი ცნობილი გახდა, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართული 32 პაციენტიდან, ერთი თვის მკურნალობის შემდეგ, 23 პაციენტს C ჰეპატიტის ვირუსი სისხლში აღარ აღენიშნებოდა. ამ საკითხზე კომენტარი ვთხოვეთ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ შოთა ცანავას:

- C ჰეპატიტი მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. მისი გავრცელების დონე საქართველოშიც საკმაოდ მაღალია. ამის გამო ქვეყნის მთავრობამ გადაწყვიტა, უფრო ეფექტიანი გზა გამოენახა ამ ვერაგ დაავადებასთან საბრძოლველად. ძალზე დიდი სამუშაო ჩატარდა: კიდევ ერთხელ გამოვიკვლიეთ, რამდენად საშიშია ეს ვირუსი მოსახლეობისთვის, სერიოზული სამუშაოები ჩატარდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის, ასევე შიდსისა და იმუნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ. შესწავლილ იქნა ამ დაავადების გავრცელება მთელი საქართველოს მასშტაბით, ახლა მიმდინარეობს მიღებული შედეგების შეჯამება და ანალიზი. ანალიზის პროცესში ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის სპეციალისტებიც გვეხმარებიან და სულ მალე გვექნება ნამდვილი, მკაფიო სურათი საქართველოში C ჰეპატიტის გავრცელების თაობაზე.

- რას იტყოდით C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე, რომელიც ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს?

- გამოიძებნა ძალზე ეფექტიანი სამკურნალო საშუალება ამ საშიშ დაავადებასთან საბრძოლველად. მკურნალობის ხარჯებს მთლიანად საქართველოს მთავრობა გაიღებს. ეს ნაბიჯი კარგა ხნის წინ უნდა გადადგმულიყო. ბოლომდეა მისაყვანი კვლევის შედეგები, განსასაზღვრია კონტინგენტი, რომელსაც მკურნალობა უნდა ჩაუტარდეს. ადრე ვმკურნალობდით ინტერფერონით. ის სიძვირის გამო ხელმისაწვდომი არ იყო ფართო ფენებისათვის.

- პროგრამის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ გაცხადდა, რომ ელიმინაციის პროგრამაში ჩართული 32 პაციენტიდან 23-ს ვირუსი აღარ ჰქონდა. შეიძლება ასეთი შედეგების მიღწევა?

- რა თქმა უნდა, შეიძლება. მჯერა, რომ ამ დაავადების მკურნალობით მაქსიმალურ შედეგს მივიღებთ. რა თქმა უნდა, ზოგ შემთხვევაში დაავადებას ვერ ვუშველით, მაგრამ ეს იქნება გამონაკლისი. თანაც, ყველაფერი ჯერ არ არის დასრულებული, ეს პროგრამა შუა ეტაპზეა.

- მიუხედავად ახალი თაობის პრეპარატების გამოყენებისა, ალბათ პაციენტზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული.

- გეთანხმებით, ელიმინაციის პროგრამა არ არის პანაცეა და აბსოლუტური გარანტია იმისა, რომ C ჰეპატიტისაგან ყველა განიკურნება. პაციენტის მონდომებაზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული - არ უნდა დალიოს ალკოჰოლური სასმელი, არ მიიღოს ექიმის მიერ აკრძალული საკვები. უნდა ვიცოდეთ, რომ გამოჩნდა უებარი სამკურნალო საშუალება და მკურნალობამ ძალიან კარგი შედეგი მოგვცა. დანარჩენი კი იგივე დარჩა: დიეტა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა და ა.შ...

- ითქვა ისიც, რომ ნოემბრიდან მეორე ეტაპი დაიწყება და კომპანია "გილიარდი" პაციენტების მკურნალობას უფრო თანამედროვე პრეპარატით - ჰარვონით გააგრძელებს.

- დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ახალი პრეპარატი უფრო კარგ შედეგს მოგვიტანს, თუმცა ერთია სამეცნიერო ვარაუდები და მეორე - პრაქტიკა, რომელმაც ეს უნდა დაადასტუროს. მთავარია, მკურნალობის პროცესი შესაბამისი კვლევის საფუძველზე მიმდინარეობს. ამ წამლებმა გაიარა კვლევები, ჩატარდა ლაბორატორიული დაკვირვებები. ყოველივე ეს საფუძველს გვაძლევს ვთქვათ, რომ ამ დაავადების წინააღმდეგ მიზანმიმართული და სწორი ღონისძიებები ტარდება. რაც მთავარია, საქართველოს მოსახლეობას, რომელსაც წამლის ყიდვა უჭირს, ხშირად არა აქვს მკურნალობისა და ლაბორატორიული კვლევის ჩატარების თანხა, ამის საშუალება მიეცა.

- ოპონენტები ამბობენ, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე ცდებს ატარებენ და ელიმინაციის პროგრამაც ერთ-ერთი ასეთი ექსპერიმენტია...

- ასეთი უარყოფითი შეფასებები ნებისმიერი მკურნალობის დროს ისმის ხოლმე. სიახლეს ყოველთვის უნდობლობით ხვდებოდნენ და ეს უცნაურად არ მეჩვენება. მეცნიერებაში და მათ შორის, მედიცინაშიც, ყოველთვის იყო საექსპერიმენტო ნაწილი. ეს ნაწილი აუცილებელია, რომ წინ წავიდეთ, ოღონდ ყველაფერი მეცნიერული კვლევების საფუძველზე უნდა ხდებოდეს. საბედნიეროდ, ჩვენს ქვეყანაში ადამიანებზე კვლევას არავინ ატარებს და ეს არის ჭორი. ხშირად ჩვენი კოლეგებიც გამოთქვამენ ეჭვს, ხომ არ არის საქართველო რაღაც ექსპერიმენტების მოედანიო, მაგრამ სიახლეს თუ ასე შევხედავთ, წინ ვერასოდეს წავალთ.

ხათუნა ჩიგოგიძე