კუჭ-ნაწლავის დაავადებები - კვირის პალიტრა

კუჭ-ნაწლავის დაავადებები

კუჭ-ნაწლავის დაავადებები დღეს საკმაოდ გავრცელებულია. პრობლემა, რომელსაც საზოგადოება თითქმის ვერ უმკლავდება, ჩვენთვისაც საინტერესოა.

"კვირის პალიტრა" ესაუბრა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორ გელა სულაბერიძეს:

- დღეისთვის კუჭ-ნაწლავის საკმაოდ ბევრი დაავადებაა გავრცელებული, მაგრამ განსაკუთრებით ბოლო ხანებში, XX საუკუნის მეორე ნახევარსა და 21-ე საუკუნეში ქრონიკული არაგადამდები დაავადებები გახშირდა: კუჭ-ნაწლავის ტრაქტი, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, ნაწლავის დივერტიკულოზი. რაც შეეხება გასტრიტსა და წყლულს, ესეც საკმაოდ ხშირია.

გავრცელებულია B და C ვირუსული ჰეპატიტები, რომელიც წარმოადგენს ღვიძლის ქრონიკულ ანთებას და იწვევს ციროზს.

ესენია ვირუსული ინფექციები და სისხლით გადადის, მაგრამ ნაწლავის დაავადებების ძირითადი მიზეზი არის არასწორი კვება, ამაში იგულისხმება როგორც კვებითი რეჟიმი, ასევე ცხოვრების არაბუნებრივი რეჟიმი. აღსანიშნავია, რომ სწრაფი კვების ობიექტები გვთავაზობენ საკვებს, სადაც არ არის ჯანსაღი პროდუქტი. რაფინირებული ნახშირწყლებითა და ცხიმებით გაჯერებული საკვები დაავადებების გახშირების მიზეზია, ასევე მნიშვნელოვანია მცენარეული ბოჭკოების ნაკლებობა, რადგაც საკვები, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად მივირთმევთ, არ შეიცავს სასარგებლო ნივთიერებებს.

- რამდენად დიდ გავლენას ახდენს ნერვული სტრესი კუჭ-ნაწლავის მოქმედებაზე?

- ყველა ორგანოთა სისტემას განაგებს ვეგეტატიური ნერვული სისტემა. მას მნიშვნელოვანი როლი აქვს, სტრესი და გადაღლილობა კუჭ-ნაწლავზეც აისახება, ამიტომ შემოვიდა ფენომენი - ჯანსაღი ცხოვრების წესი. დაძაბული ცხოვრების ტემპი არ არის მისაღები, რადგან აუცილებელია ნორმალური კვება, უნდა მივიღოთ ტრადიციული საკვები და მათ შორის მცენარეული საკვები, არ არის აუცილებელი მაინცდამაინც ხინკალი მივირთვათ, ან ბევრი სანელებლებით და ბევრი მარილით მომზადებული კერძი, შეიძლება მოხარშული თევზისა და სხვა სასარგებლო ბოსტნეულის მიღება, რათა ორგანიზმში არ დაირღვეს ბალანსი.

ეკა გადახაბაძე