ძირმაგარა - უსიამო "სტუმარი", რომლის გაღიზიანება არ შეიძლება! - კვირის პალიტრა

ძირმაგარა - უსიამო "სტუმარი", რომლის გაღიზიანება არ შეიძლება!

ძირმაგარა - უსიამო "სტუმარი", რომლის გაღიზიანება არ შეიძლება!

- სამწუხაროდ, ძირმაგარა, ანუ ფურუნკული იშვიათ კანის დაზიანებად არ ითვლება. ფურუნკულის წარმოქმნის მონაკვეთში ანთებითი პროცესი მიმდინარეობს. ის ზოგჯერ ოდნავ დაზიანებულ კანზე ვითარდება, - სტაფილოკოკური ბაქტერია თმის ბუდეში შეაღწევს და თმის ბოლქვის ანთებას იწვევს, რასაც ცხიმოვანი ჯირკვლის ანთებაც დაერთვის და საბოლოოდ, ფურუნკული ვითარდება. თუმცა, შესაძლოა, განვითარდეს დაუზიანებელ კანზეც, რასაც ხელს უწყობს კანის მექანიკური გაღიზიანებაც... სწორედ ამიტომაა, რომ ფურუნკული ხშირად ისეთ ადგილებში ჩნდება, რომელიც მუდმივად განიცდის მექანიკურ გაღიზიანებას, - კისრის უკანა მხარეზე, იღლიის ფოსოში, ბარძაყის შიგნით, ან იქ, სადაც უხვადაა საოფლე ჯირკვლები. ფურუნკულის ერთჯერადი შემთხვევა ხშირად ექიმის ჩარევას არც მოითხოვს, თუმცა მას ახასიათებს მძიმე შემთხვევები. ამიტომაც შემთხვევაშიც, თუკი ერთი ფურუნკული უკვე მოშუშდა და მეორემ იჩინა თავი, ან ერთის გაქრობის შემდეგ მრავალი გაჩნდა, ექიმთან მისვლაა საჭირო.

არსებობს ფურუნკულის საკმაოდ მძიმე ფორმებიც, რაც შეიძლება გართულდეს.

- მძიმე ფორმა როგორ ხასიათდება?

- ზოგადად, რთულად ითვლება ცხვირ-ტუჩის მიდამოში გაჩენილი ფურუნკული. ე. წ ცხვირის კარიბჭის ფურუნკულს ძლიერი ტკივილიც ახასიათებს, რომელიც ზოგჯერ საფეთქელს, კბილებს ან თვალს გადაეცემა. ამ დროს ხშირად სხეულის ტემპერატურაც იმატებს და ზოგადი მდგომარეობაც მძიმდება, - ლიმფური და ვენური ძარღვები თრომბირდება და დაზიანებული ადგილი ძალიან შეშუპდება. ანთებითი შეშუპება ზოგჯერ ვრცელდება გარემომცველ ქსოვილებზეც. პარსვას, ფურუნკულის გაჩხვლეტასა და გამორწყვას შეიძლება მოჰყვეს ინფექციის გავრცელება ქალას ღრუში. ამიტომ საჭიროა ამ დროს ექიმის ჩარევა და წარმონაქმნთან უფრთხილესი დამოკიდებულება.

- ხშირად კანზე ერთდროულად რამდენიმე ფურუნკულიც ჩნდება.

- საკმარისია პაციენტი ფურუნკულის შენახები ხელით კანს სხვა ადგილას შეეხოს ან სულ ოდნავ გაიკაწროს, რომ ფურუნკული იქ "გადავა". ფურუნკულოზის მიზეზად პირველი ფურუნკულის არაშესაბამისი მკურნალობაც გვევლინება. ფურუნკულოზი მწვავედ მიმდინარეობს ორგანიზმის მკვეთრი გადაცივების ან გადახურების დროს. მაგალითად, ზღვაზე, მზის გულზე ყოფნისას ფურუნკულოზი მკვეთრად მწვავდება. თუ სხეულზე ერთდროულად რამდენიმე ფურუნკული ჩნდება, ან ფურუნკული თითქოს უმიზეზოდ ხშირად ჩნდება და არ ემორჩილება მკურნალობას, აუცილებელია ექიმთან ვიზიტი, რადგან, შეიძლება შაქრიანი დიაბეტის ნიშანიც იყოს, - სწორედ შაქრიანი დიაბეტისას არის ხშირი ჩირქოვანი ინფექციის ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანა, რის შედეგადაც ფურუნკულები მრავლდება. ამ დროს კი ძალიან საყურადღებო და სერიოზული მკურნალობაა ჩასატარებელი. ზოგადად ფურუნკულის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი უკავია ორგანიზმის იმუნური სისტემის დაქვეითებას, ნერვული სისტემის დარღვევებს, ავიტამინოზს, მომატებულ ოფლიანობას...

- როდის არის საჭირო ფურუნკულის ოპერაციული მკურნალობა?

- ფურუნკული მსუბუქი დაავადებაა და ორგანიზმში მნიშვნელოვან ცვლილებებს არ იწვევს; ამიტომ მისი ოპერაციები ზოგადად არ კეთდება; თუმცა გართულებულ შემთხვევებში ზოგჯერ ოპერაციის საკითხიც დგება, რადგან ფურუნკულის მოსპობა მხოლოდ ასე შეიძლება. ქირურგიული მკურნალობა საჭიროა გართულებული ფურუნკულის შემთხვევაში და უსათუოდ სამედიცინო დაწესებულებაში. ეს ქირურგმა უნდა გადაწყვიტოს

- ძირმაგარის მკურნალობის ხალხურ საშუალებებზე რას იტყვით?

- ის მცენარეები თუ მალამოები, რომელსაც ხალხში ფურუნკულის სამკურნალოდ მოიხმარენ, ბუნებრივი ანტიბიოტიკების შემცველია და ფურუნკულს მალამოდ ევლინება, თუმცა ფურუნკულის მრავლობითად გაჩენის შემთხვევაში ან გართულებული ფურუნკულების დროს ეს საშუალებები არ გამოდგება. ამ ყველაფერმა მდგომარეობის დამძიმება რომ არ გამოიწვიოს, ექიმის ჩარევა აუცილებელია. გართულებულ ფურუნკულებს ორგანიზმის ზოგადი გამოკვლევა და კომპლექსური მკურნალობის დანიშვნა სჭირდება, რაც ანტიბიოტიკოთერაპიას, იმუნურ თერაპიას და თანმხლები დაავადებების მკურნალობას მოიცავს.