რინიტი - შემოდგომის ყველაზე გავრცელებული დაავადება - კვირის პალიტრა

რინიტი - შემოდგომის ყველაზე გავრცელებული დაავადება

რინიტი ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებაა. განასხვავებენ ქრონიკულ მარტივ, ქრონიკულ ჰიპერტროფიულ და ქრონიკულ ატროფიულ რინიტებს, ეტიოპათოგენეზის მიხედვით კი რინიტი შეიძლება იყოს ინფექციური, ალერგიული და ვაზომოტორული.

"კვირის პალიტრა" რინიტის შესახებ ესაუბრა ალერგოლოგ გიგა უჩავას.

- რინიტი, რომელიც ყველაზე მეტადაა გავრცელებული, სეზონურია და თავს ძირითადად შემოდგომა-გაზაფხულზე იჩენს.

სიმპტომები, რომელიც ამ დროს გვაწუხებს, არის ცხვირის ცემინება, თვალების აცრემლება, ყელში ფხაჭნის შეგრძება; ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ალერგენებით. ალერგენი მრავალგვარია, ერთ-ერთი მათგანია აეროალერგენები. რინიტისა და სხვა ალერგიული დაავადებებისგან თავის დასაზღვევად აუცილებელია ვიცოდეთ, თუ რომელი მცენარე იწვევს ალერგიას. არსებობს კალენდარი, რომელიც ზუსტად გვაჩვენებს, რომელი მცენარე როდის ყვავილობს როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში. ამ ცხრილის მიხედვით ადვილად შეიძლება თავი დავიზღვიოთ და მცენარეთა ყვავილობის პერიოდს მომზადებული დავხვდეთ.

- როგორ უნდა ვუმკურნალოთ ალერგიულ რინიტს?

- ალერგიული რინიტი ყველაზე მეტად არის გავრცელებული. მიზეზი მრავალი რამ შეიძლება იყოს, ყველაზე ხშირად კი ეს არის მცენარეების მტვერი. ამ ტიპის ალერგიის დროს პროცესი მწვავდება მცენარეთა ყვავილობის პერიოდში. ალერგიის მიზეზად ასევე შეიძლება იქცეს ოთახის მტვერი, მედიკამენტები, ქაღალდის მტვერი, საკვები, შინაური ცხოველები... მკურნალობისას ალერგიული ტესტებით დგინდება, რომელი მცენარის მიმართ ვართ ალერგიულები. რელიზიის ფაზაში ნელ-ნელა შეჰყავთ ის ალერგენი, რომელიც აქრობს პოლინოზს. დიაგნოსტირება ხდება ალერგოლოგიისა და იმუნოლოგიის ცენტრში. სხეულში ალერგენების შეყვანის შემდეგ ალერგიული დამოკიდებულება მცირდება და ორგანიზმი იმუნიტეტს გამოიმუშავებს.

საყურადღებოა, რომ მკურნალობა ყოველგვარი სახის ალერგიის დროს თითქმის ერთნაირია. თავდაპირველად, არა უმეტეს 10 დღის განმავლობაში, რეკომენდებულია ცხვირის სისხლძარღვთა შემავიწროებელი წვეთების ხმარება გართულებების (ოტიტი, სინუსიტი) თავიდან ასაცილებლად. ალერგიული რინიტის მკურნალობისა და პროფილაქტიკის დროს აუცილებელია ანტიჰისტამინური პრეპარატების გამოყენებაც. სასურველია, ალერგიული რინიტის დროს დროულად დადგინდეს დაავადების გამომწვევი ალერგენი, რათა პროფილაქტიკა და მკურნალობა დროულად და სწორად წარიმართოს.

ეკა გადახაბაძე