რა უნდა გავითვალისწინოთ, თუ ახალშობილს ჰემანგიომა აღმოაჩნდა - კვირის პალიტრა

რა უნდა გავითვალისწინოთ, თუ ახალშობილს ჰემანგიომა აღმოაჩნდა

"კვირის პალიტრის" ერთგული მკითხველი ვარ. ორიოდე თვის წინ დისშვილი შემეძინა, რომელმაც ჩვენს ოჯახს დიდ სიხარულთან ერთად დიდი მღელვარებაც მოუტანა: ახალშობილს სახესა და სხეულზე წითელი ლაქები გაუჩნდა.

ექიმებმა თქვეს, პატარას ჰემანგიომა აქვსო. რამდენად რთული დაავადებაა ეს და ძნელია თუ არა მისი მკურნალობა?"

მკითხველს უპასუხებს ექიმი-დერმატოლოგი ალექსანდრე თვალჭრელიძე:

- მხოლოდ სიტყვა "ჰემანგიომა" არაფერს გვეუბნება. ჯერ უნდა გაირკვეს, ჰემანგიომა რა ხასიათისაა, როგორია ანალიზისა და გამოკვლევების პასუხები, რა ასაკში გაჩნდა და ა.შ... მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ტიპის დადგენა და სათანადო მკურნალობა.

ამ სახელწოდების მქონე დაავადებებს შორის ყველაზე დიდი ჯგუფი, ბავშვთა ჰემანგიომა, ხშირად დაბადების პირველსავე დღეს ჩნდება და იზრდება დაახლოებით ერთი წლის ასაკამდე. 5 წლის ასაკში ლაქების 50% გაიწოვება, 10 წლის ასაკამდე - დაახლოებით 98% და მხოლოდ 1-2% რჩება 10 წლის ასაკის შემდეგ. ამ დროს უნდა გაკეთდეს ოპერაცია, ან ჰემანგიომა სამუდამოდ დარჩება. დაახლოებით ასეთი სურათი გვაქვს ბავშვთა კაპილარული ჰემანგიომისას.

- ეს დაავადება რაიმე საშიშროებას თუ უქმნის მოზარდს?

- კაპილარული ჰემანგიომა სისხლძარღვოვანი, კეთილთვისებიანი წარმონაქმნია, რომელიც ავთვისებიანად არ იქცევა. ის საშიში არ არის, თუ მომვლელი შემთხვევით ხელს არ გაჰკრავს პრობლემურ ადგილს - ამ დროს ჭრილობა წარმოიქმნება, როცა ბავშვი იზრდება, შეიძლება კანი თვითონაც გაიკაწროს. ბავშვთა ჰემანგიომის ზოგიერთი შემთხვევა მაინც საჭიროებს ექიმის სასწრაფოდ ჩარევას, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჰემანგიომა ისეთ არეშია, რომელიც ხშირად ღიზიანდება. ასეთ დროს არ უნდა დაველოდოთ მის თანდათან გაწოვას. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ლაქების ადგილმდებარეობა. ყველაზე საშიში ადგილებია თვალთან, ყურის მილის ახლოს და ლორწოვანზე, სარისკო ზონაა საშარდე მილის მიმდებარე ადგილი, ხორხი და პირის ღრუც.

- რატომ არის ეს ადგილები საშიში?

- იმიტომ, რომ შეიძლება ჰემანგიომამ ზრდის პროცესში გამოიწვიოს ზეწოლა და დააზიანოს თვალი ან შუა ყური, გამოიწვიოს ხორხის გადაკეტვა, მოხრჩობა, ან სისხლდენა. ამიტომ, თუ ჰემანგიომა დიდი ზომისაა და ახლოს არის სარისკო ადგილებთან, ექიმის კონსულტაცია და ჩარევა აუცილებელია. დღეს ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებს უფასოდ ემსახურებიან ოჯახის ექიმები. ამიტომ პატარა აუცილებლად უნდა მიიყვანოთ ექიმთან, მან უნდა დასვას დიაგნოზი, მერე კი, მშობელი უნდა დააკვირდეს, იზრდება თუ არა ჰემანგიომა. ექიმები ასეთი ბავშვის მშობლებს ხშირად ვთხოვთ, გადაიღონ ფოტოები, რომ თვალნათლივ დაინახონ, რამდენად იკლებს ან მატულობს ჰემანგიომა.

- რა ადგილებში ჩნდება ყველაზე ხშირად ბავშვთა კაპილარული ჰემანგიომა?

- ჰემანგიომას ლაქები შეიძლება იყოს კანქვეშ, კანის ზედაპირზე ან ლორწოვანზე. მათი ნახევარი განლაგებულია თავსა და კისერზე, ხოლო 25% - სხეულზე. დღენაკლულ ბავშვებში დაავადება უფრო სწრაფად პროგრესირებს, ამიტომ ასეთი ბავშვები განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ. უმრავლეს შემთხვევაში ჩნდება ერთეული გამონაყარი, ამავე დროს, შეიძლება იყოს რამდენიმე ლაქა, ან ის მთელ ტანზეც იყოს დაყრილი.

- თუ არის ცნობილი მიზეზი, რომლის გამოც ეს დაავადება ჩნდება?

- დაავადების ეტიოლოგია უცნობია, ამბობენ, რომ ორსულობის დროს დედის გაცივება ნაყოფზე მოქმედებს და ამ სახით ვლინდება, მაგრამ ეს მხოლოდ ვერსიაა.

- ჰემანგიომას სხვა ფორმებიც არსებობს, რომლებიც გაცილებით რთული და საშიშია?

- დიახ, სწორედ ამიტომ ყველაფერი ექიმმა უნდა გადაწყვიტოს - უნდა დაადგინოს, რა სახის ჰემანგიომასთან გვაქვს საქმე. დიაგნოზი სწორად უნდა იყოს დასმული.თუ ეს არის კავერნული, ლიმფური, ვენური ან სხვა ტიპის ჰემანგიომა, მაშინ სხვა სურათი იკვეთება. ბავშვთა ჰემანგიომისგან განსხვავებით, ეს სხვა დაავადებებია. ამ შემთხვევაში ოპერატიული ჩარევის გარეშე ფონს ვერ გავალთ. ალბათ შეგხვედრიათ ადამიანი, რომელსაც სახეზე მოწითალო-მოლურჯო ფერის ლაქა აქვს, ეს არის ჰემანგიომა, რომლის მკურნალობაც რთულია, ის თავისით არ რჩება, არც გაიწოვება, მას ოპერატიული მკურნალობა სჭირდება. ოპერატიულ ჩარევაში იგულისხმება ლაზერით მკურნალობა, მოწვა, ან სხვა საშუალებები... ბავშვთა კაპილარული ჰემანგიომა სავსებით უწყინარი, კეთილთვისებიანი დაავადებაა, რომელიც პატარებში საკმაოდ ხშირად გვხვდება. კიდევ გავიმეორებ, თუ ახლოს არ არის თვალთან, ყურთან ან ხორხთან, სერიოზულ ჩარევას არ საჭიროებს.

- რას ურჩევდით ასეთი პაციენტების მშობლებს?

- უპირველესად, ექიმთან მისვლას. ექიმი განსაზღვრავს, რა ჯობია. საჭიროა ჰემანგიომას სურათის გადაღება და დაკვირვება. უწინარესად, ექოსკოპიისა და სპეციალური გამოკვლევების დახმარებით უნდა დადგინდეს, კაპილარული ჰემანგიომაა ეს, თუ სხვა, უფრო რთული ფორმის წარმონაქმნი. სხვათა შორის, არსებობს მოხუცთა ჰემანგიომაც, რომელიც მოხუცებულობის ასაკში ჩნდება. ეს სულ სხვა ტიპის ჰემანგიომაა, რომლის დროსაც მცირე ზომის 3-5 მმ-იანი წითელი წერტილები უჩნდებათ მთელ სხეულზე, შეიძლება მათი ნაწილი გაიწოვოს, ესეც არ არის საშიში წარმონაქმნი, ისიც არ აწუხებს ადამიანს. ამ შემთხვევაში გაჩენილი ლაქები შეიძლება იყოს წითელი, იისფერი ან შავი. მოზრდილ ასაკში ჩნდება აგრეთვე ვარსკვლავისებური ჰემანგიომა, რომელსაც ვარსკვლავის ფორმა აქვს. ესეც კეთილთვისებიანი წარმონაქმნია, რომელიც ასაკოვანი ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის.

ხათუნა ჩიგოგიძე