იდიოსინკრაზია - უჩვეულო რეაქცია ჩვეულებრივი საკვების მიმართ
26-10-2015
იდიოსინკრაზია - უჩვეულო რეაქცია ჩვეულებრივი საკვების მიმართ
ამას წინათ სუფრასთან სტუმრის საქციელმა გამაოგნა, - ყველა კერძის შემოტანისას დაფეთებული აქეთ-იქით იყურებოდა და ყველას ეკითხებოდა, - ამ კერძში მდოგვი ხომ არ არის შერეულიო! იმდენი იწრიალა, გაკვირვებულმა ვკითხე, - რატომ გეშინია ამ მდოგვის-მეთქი?! საშინელებას დამმართებს, ანაფილაქსიური შოკი დამეწყება.

მდოგვი პირველად 17 წლისამ გავსინჯე და კინაღამ დამახრჩო, საავადმყოფოში წაყვანა დამჭირდა. დედაჩემი ბავშვობაში მდოგვს არ მაჭმევდა და იმიტომ დამემართა ესო... მსგავს რამეს დღეს ხშირად გაიგონებთ, - კვებითი ალერგია არა მხოლოდ ბავშვებისთვის არის
საშიში, მოზრდილებისთვისაც საფრთხილოა. თუ რა არის კვებითი ალერგია, ამის შესახებ ექიმი გია ბაზაძე გვესაუბრება.

- კვებითი ალერგია, რომელსაც ზოგჯერ იდიოსინკრაზიად მოიხსენიებენ, გამოიხატება იმით, რომ გემრიელი საჭმლის მირთმევის შემდეგ შეიძლება უსიამოვნო ფაქტორებმა დიდხანს არ დატოვოს ადამიანი. ეს, შესაძლოა, მთელი სიცოცხლე გაგრძელდეს. კვებითი ალერგიული რეაქცია დამოკიდებულია საკვების
ქიმიურ შემადგენლობაზე... ჩვენი ორგანიზმი კვების გარეშე ვერ იარსებებს, მაგრამ არცთუ იშვიათად ის "ვერ ცნობს" ჩვეულებრივი საკვების ცილას, უცხო ნივთიერებად აღიქვამს და ასე იწყებს პრაქტიკულად უვნებელ საკვებთან ბრძოლას. სწორედ ეს "ბრძოლა" გახლავთ კვებითი ალერგიის ნიშანი, რომელიც მოსახლეობის დაახლოებით მეხუთედს აწუხებს. ქალბატონებთან შედარებით მამაკაცებთან ამ პრობლემას ორჯერ უფრო ხშირად ვაწყდებით. მცირეწლოვან ბავშვებთან კი კვებითი ალერგიის მაჩვენებელი 7-8%-ია და უმეტესად (10-დან 8 შემთხვევაში) წლამდე იჩენს თავს. გენეტიკური განწყობის შემთხვევაში რისკი იმატებს...

- კვებითი ალერგიის პირველი ნიშანი როდის იჩენს თავს?
- სიცოცხლის პირველსავე თვეებში. ამას ხელს უწყობს ახალშობილთა საჭმლის მომნელებელი ტრაქტის თავისებურებები და მოუმწიფებელი ფერმენტული სისტემა. პატარას ლორწოვან გარსს მაღალი გამავლობა ახასიათებს, რის გამოც ალერგენები ადვილად ხვდება სისხლში. როცა პატარას ორგანიზმი ამ თავისებურებებს გადალახავს, შესაძლოა, ალერგიული რეაქციები შესუსტდეს ან გაქრეს.

- როცა ალერგია პატარას 3 წლის შემდეგ ემართება?
- ასეთ შემთხვევებში ბევრად ნაკლებია კვებითი ალერგიების გასვლის რისკი. ზოგჯერ კვებითი ალერგიები სხვადასხვა ნიშნით შეიძლება მთელი სიცოცხლეც გაგრძელდეს.

- არსებობს ალერგიის ცნობილი ნიშნები, მაგრამ შეიძლება ჩაითვალოს კუჭ-ნაწლავის აშლილობა ალერგიის ნიშნად?
- ყველა შემთხვევაში ამას გამოკვლევა სჭირდება, მაგრამ გამოკვლევის შედეგად შეიძლება დადგინდეს, რომ პატარის კუჭ-ნაწლავის აშლილობა, რომელსაც ხშირად ღებინებაც ახლავს, სწორედ ალერგიით არის გამოწვეული. ალერგიისთვის დამახასიათებელია კანის სიმშრალე და აქერცვლაც, საკვების მირთმევის შემდეგ ტუჩის ირგვლივ ქავილიც კი...

- თანამედროვე ტექნოლოგიების მიუხედავად, ნებისმიერი ალერგიის, მათ შორის კვებითი ალერგიის გამომწვევი კომპონენტის დადგენაც ძნელია - არ ვგულისხმობ საყოველთაოდ ცნობილ ალერგიულ საკვებს. რა შესაძლებლობები აქვს დღეს მედიცინას თუნდაც კვებითი ალერგიების მიზეზის დასადგენად?
- მედიცინა უმნიშვნელოვანესია, მაგრამ ასეთივე მნიშვნელოვანია დედის და ზოგადად ადამიანის დაკვირვება იმაზე, თუ რომელი საკვების მიმართ სჭირს ალერგია. მედიცინაში კი ვიყენებთ დიაგნოსტიკის სხვადასხვა მეთოდს, რომელთა შორის წამყვანია კანის ალერგიული სინჯები ზედაპირული ჩხვლეტით. ასევე მოქმედებს იმუნოლოგიური გამოკვლევაც, რომელიც სისხლში მოცირკულირე იმუნოგლობულინ "ე"-ს განსაზ­ღვრაზეა დამოკიდებული. ზოგიერთი ექიმი მიმართავს ე.წ. პროვოკაციულ ტესტსაც - პაციენტს მზარდი დოზებით და განსაზღვრული ინტერვალით აძლევს კვებით ალერგენებს და აკვირდება ორგანიზმზე მათ მოქმედებას. თუმცა, ეს მეთოდი გარკვეულ საფრთხესაც შეიცავს - თუ რომელიმე პროდუქტზე უკვე სახეზეა მძიმე ალერგიული რეაქცია, პროვოკაციული ტესტის გამოყენებას მედიცინა ერიდება. ზოგადად კი მაინც ყველას გვიწევს იმ აზრთან შეგუება, რომ ზოგჯერ რაციონიდან ალერგენის სრული გამორიცხვა ძნელია, რადგან ჯვარედინი რეაქციები ძალზე ხშირია და რომელი პროდუქტია დამნაშავე, ამის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება. სწორედ ამიტომაც ენიჭება უდიდესი მნიშვნელობა ალერგიის მკურნალობაში პაციენტის ჩართულობას. ალერგიული დაავადებების მკურნალობაში თანამედროვე ტექნოლოგიების შეტანის მიუხედავად, ამ დაავადების შემთხვევები მთელ მსოფლიოში იმატებს, რაც სულ უფრო და უფრო მოითხოვს, რომ მასთან ბრძოლაში პაციენტმა და ექიმმა აუცილებლად ითანამშრომლონ, მათ თანაბარი პასუხისმგებლობა აქვს მკურნალობის წარმატებით დამთავრებაში.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით