ნიგოზი და გოგრის თესლი - ბუნებრივი ანტიდეპრესანტები - კვირის პალიტრა

ნიგოზი და გოგრის თესლი - ბუნებრივი ანტიდეპრესანტები

ნიგვზის პრაქტიკულად ყველა სახეობა ძალიან სასარგებლოა ტვინისთვის. ნიგოზში შემავალ საკვებ ნივთიერებათა ნაკრები ხელს უწყობს ნათელ აზროვნებას, პოზიტიურს ხდის ცხოვრებისადმი შეხედულებას და ზოგად განწყობას.

ეს, უპირველესად, ომეგა-3 და ომეგა-6 ცხიმოვანი მჟავების დამსახურებაა. ისინი ხომ ანტიდეპრესანტების როლს ასრულებს. ზოგიერთ ნიგოზსა და გოგრის თესლში ბევრია თიამინი და მაგნიუმი, რომლებიც აუმჯობესებს მეხსიერებას, კოგნიტიურ ფუნქციებსა და ტვინის კვებას.

ჩვეულებრივი ნიგოზი თუთიის, კალიუმის, კალციუმის, მაგნიუმის, რკინისა და ფოსფორის მნიშვნელოვანი წყაროა. ეს ელემენტები კი ტვინის უჯრედთა (ნეირონების) ძირითადი შემადგენელი ნაწილია. ნიგოზი მდიდარია აგრეთვე C, P, PP ვიტამინებით, რომლებიც ზრდის ტვინის აქტივობას.

ბრაზილიური ნიგოზი (ერთ-ერთი ყველაზე ცხიმიანი სახეობა) სელენის უმდიდრესი წყაროა. სელენი კი ტვინისათვის მეტად მნიშვნელოვანი ელემენტია.

გოგრის თესლი უხვად შეიცავს თუთიას, სხვადასხვა მჟავას, A და B ვიტამინებს, რომლებიც ამცირებს ორგანიზმის ზოგად დაღლას და ამაღლებს გუნება-განწყობას.

ამ სასარგებლო პროდუქტთა ოპტიმალური დღეღამური დოზა 30-50 გრამია. თუმცა, ნიგვზის მსგავსად, გოგრის თესლსაც გააჩნია გარკვეული უკუჩვენებები. ალერგიულმა პირებმა სიფრთხილით უნდა მიირთვან როგორც ერთი, ასევე მეორე პროდუქტი. გარდა ამისა, ნიგვზის დიდი რაოდენობით მიღებამ შესაძლოა ღვიძლისა და პანკრეასის დაავადებათა გამწვავება გამოიწვიოს.