კიბოს საწინააღმდეგო ადრონული თერაპია
26-10-2015
კიბოს საწინააღმდეგო ადრონული თერაპია
ბირთვული ფიზიკის ბოლო მიღწევების გამოყენება სიმსივნის საწინააღმდეგო თერაპიაში გახდა შესაძლებელი. თუმცა ქირურგია და ქიმიოთერაპია ჯერჯერობით ონკოლოგიურ დაავადებებთან ბრძოლის ძირითად მეთოდებად რჩება.

დღეისათვის ადრონული თერაპია ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის ყველაზე პერსპექტიული საშუალებაა. ეს მეთოდი დაფუძნებულია ნახშირბადის პროტონებისა და იონების კონის გამოყენებაზე. ის ღრმად განლაგებული და რადიორეზისტენტული სიმსივნის ადრეული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საშუალებას იძლევა.
ადრონული თერაპიის უპირატესობა ისაა, რომ სწრაფად მოძრავი იონები ადვილად ფორმირდება შესაბამისად მიმართულ ვიწრო კონებად. ნახშირბადის იონების შეღწევა თითქმის გაუფანტავად
ხდება, ამიტომ ადვილია მათი ზუსტი ფოკუსირება ავთვისებიანი წარმონაქმნის მიდამოში. იონები აღწევს ცოცხალ ქსოვილში აუცილებელ სიღრმემდე (ეს დამოკიდებულია კონის ენერგიასთან).

კონები აზიანებს მხოლოდ კიბოს უჯრედებს, სიმსივნის გვერდით განლაგებულ ჯანსაღ ქსოვილს პრაქტიკულად არ ეხება. სიმსივნის უჯრედში ხდება დნმ-ის ორმაგი სპირალის მრავალჯერადი გაწყვეტა, რის შემდეგაც სიმსივნის უჯრედებს გადარჩენის
შანსი აღარ რჩება.

ტრადიციული სხივური თერაპიის (რადიოთერაპია) პრინციპი სხვანაირია. მისი მოქმედება დაფუძნებულია დასხივების შემდეგ, ჯანმრთელი და კიბოს უჯრედების მოლეკულების დნმ-ის აღდგენის სხვადასხვა უნარზე. დასხივების ზემოქმედებით ხდება დნმ-ის სპირალის ერთჯერადი დაზიანება, მაგრამ ჯანმრთელ უჯრედებში დნმ სწრაფად აღდგება, დაავადებულში კი არა. სიმსივნის უჯრედების გამრავლება ნელდება ან წყდება. სხივურ თერაპიას ბევრი მინუსი გააჩნია. იდეალური თერაპია უნდა მოქმედებდეს დაავადებულ ქსოვილებზე და არ ეხებოდეს ჯანმრთელს. ამასთან, ზოგიერთი სიმსივნე სუსტად მგრძნობიარეა დასხივებისადმი (რადიორეზისტენტული სიმსივნეები).
გარდა შერჩევითი ზემოქმედებისა, სხივურ თერაპიასთან შედარებით, ადრონული თერაპიის ბიოლოგიური ეფექტურობა რამდენიმეჯერ მაღალია. მკურნალობის მოქმედება 80-90%-ს აღწევს. მკურნალობის მთელი კურსი შეიძლება შეადგენდეს ერთიდან ათ სეანსამდე, სხივური თერაპია კი ითხოვს დასხივების 30-დან 40-მდე სეანსს.
მეცნიერები დღემდე კამათობენ იმაზე, გამოდევნის თუ არა ადრონული თერაპია მკურნალობის ზოგადად მიღებულ მეთოდებს - ქირურგიას და ქიმიოთერაპიას. ადრონული თერაპია თანამედროვე, კომბინირებული მკურნალობის სისტემის ნაწილია. ის არ გამორიცხავს ქიმიოთერაპიასა და ქირურგიას, თუმცა, ბირთვული ფიზიკის უკანასკნელ მიღწევებზე დაფუძნებული უახლესი ტექნოლოგიების გამოყენება დღითი დღე ფართოვდება.

ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრის კოორდინაციით ევროპაში იქმნება ადრონული თერაპიის საერთაშორისო კვლევითი ცენტრების ქსელი (ENLIGHT). ასეთი კომპლექსები უკვე გახსნილია გერმანიაში, იტალიაში, ავსტრიაში, საფრანგეთში, იაპონიაში. განზრახულია კომპლექსების გახსნა ბელგიაში, შვედეთსა და ჩინეთში.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით