ჰერპესი - ძალიან საშიში "მცოცავი" დაავადება - კვირის პალიტრა

ჰერპესი - ძალიან საშიში "მცოცავი" დაავადება

მარტივი ჰერპესი ყველაზე გავრცელებული ვირუსული ინფექციაა. მას იწვევს ჰერპესის ვირუსი, რომელიც კანსა და ლორწოვანზე სითხით სავსე ბუშტუკოვან გამონაყარს აჩენს.

ორგანიზმში მოხვედრილ ამ ვირუსს ჩვენი იმუნური სისტემა ებრძვის და ხელს უშლის დაავადების კლინიკური სიმპტომების ჩამოყალიბებას. როგორც მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა შოთა ცანავამ გვითხრა, ეს დაავადება ამართლებს მისივე სახელწოდებას - ბერძნული სიტყვა "ჰერპესი" ქართულად მცოცავს ნიშნავს.

- მარტივი ჰერპესის ვირუსი შეიძლება ყველა ასაკის ადამიანს შეხვდეს, მაგრამ უმეტესად მათ, ვისაც საერთო იმუნური ფონი ძალიან დაქვეითებული აქვს. ეს ვირუსი თითქმის ყველა ორგანოსა და უჯრედში აღწევს, უჩუმრად მრავლდება და სერიოზულ დაავადებებს იწვევს. მისი სიმპტომები მხოლოდ დროდადრო მჟღავნდება: ეს არის გამონაყარი, ტემპერატურის მატება, საერთო სისუსტე... ეს ძალიან ვერაგი ვირუსი შეიძლება სიცოცხლის ბოლომდე დარჩეს ადამიანის ორგანიზმში, რაც ართულებს მის მკურნალობას.

- რა ხდება, როდესაც ადამიანის იმუნური სისტემა ვერ ერევა ვირუსს და ის თავს იჩენს ხოლმე?

- ასეთ დროს იწყება მარტივი ჰერპესი, თუმცა ზოგჯერ ჰერპესის კლინიკური გამოვლინება საკმაოდ მძიმეა და მასთან ბრძოლაც რთულია. ჰერპესი არ არის მომაკვდინებელი დაავადება, მაგრამ მისთვის დამახასიათებელი ქრონიკული მიმდინარეობა სერიოზულ დისკომფორტს უქმნის ადამიანს ზოგჯერ მთელი სიცოცხლის განმავლობაშიც კი.

გამონაყარი ყველაზე ხშირად ტუჩის ირგვლივ, ცხვირისა და ტუჩის ლორწოვანზე, ცხვირ-ხახის მიდამოებში, ასევე სასქესო ორგანოების ლორწოვანზე ვლინდება. ყველაზე მთავარი ბიოლოგიური თავისებურება არის ამ ვირუსის უჩუმრად ყოფნა უჯრედებში და მუდმივად გამრავლება, შემდგომ კი, ძნელად გამოდევნა იქიდან. თუ ადგილობრივად გამოიყენებთ ანტივირუსულ მალამოს, შეიძლება პროცესი ჩაცხრეს და გადაინაცვლოს სხვა ადგილებში. "ჰერპესი" ბერძნული სიტყვაა და ქართულად მცოცავს ნიშნავს.

- როგორ დავიცვათ თავი ვირუსისგან?

- ყველაზე მეტად ამ საქმეს პირადი ჰიგიენის დაცვა შველის - უნდა გამოვრიცხოთ ჰერპესით დაავადებულთან მჭიდრო კონტაქტი - კოცნა, შეხება, შევზღუდოთ საერთო ჭიქით, საერთო პირსახოცით და საყოფაცხოვრებო ნივთებით სარგებლობა. ჰაერ-წვეთოვანი გზით ჰერპესის ვირუსი ნაკლებად გადადის.

- თუ პაციენტი ოჯახის წევრია, ძნელია ყველა წესის დაცვა.

- რა თქმა უნდა. ამიტომაც არის ჰერპესი ვერაგი დაავადება, მით უმეტეს, რომ ჩვენ არც კი ვიცით, არის თუ არა ეს ვირუსი ჩვენი ახლობლის ან ოჯახის წევრის ორგანიზმში. გარეგნული ნიშნები მწირია. ზოგჯერ ადამიანმა თვითონაც არ იცის, რომ დაინფიცირებულია. ჰერპესით დაავადებულთა რაოდენობა მსოფლიოში საკმაოდ მაღალია.

- რამდენად რთულია ჰერპესის მკურნალობის პროცესი?

- საჭიროა ლაბორატორიული დიაგნოსტიკა, რომ ადამიანის ორგანიზმში ვირუსი ან მისი ნაკვალევი აღმოჩნდეს. ვირუსის ორგანიზმში მოხვედრის შემდგომ წარმოქმნილი ანტისხეულების ნახვა თავისუფლად შეიძლება სისხლის სეროლოგიური ანალიზით. ამ ანტისხეულების რაოდენობის მატებით ექიმი-ინფექციონისტი მსჯელობს ინფექციის ხასიათზე, მის ხანგრძლივობაზე და ა.შ... ჰერპესის მკურნალობა უნდა იყოს სიმპტომურიც და მისი გამომწვევის საწინააღმდეგოც. სიმპტომური მკურნალობა აუცილებელია, რადგან შეიძლება გამონაყარი გართულდეს, ასევე საჭირო და აუცილებელია ანტივირუსული მკურნალობაც. მას შეიძლება სერიოზული გართულებები მოჰყვეს, მათ შორის ჩუტყვავილა, ინფექციური მონონუკლეოზი და სხვა დაავადებები.

- შესაძლოა ჰერპესის ვირუსი ორსულობის დროს დედისგან ნაყოფსაც გადაეცეს?

- სამწუხაროდ, მას ახასიათებს ვერტიკალური გადაცემა, რაც ხშირად სიტუაციას ართულებს, რადგან შეიძლება პატრონის იმუნური სისტემის გადაგვარება გამოიწვიოს.

ხათუნა ჩიგოგიძე