რა კავშირი აქვს სოიის პროდუქტებს უშვილობასთან - კვირის პალიტრა

რა კავშირი აქვს სოიის პროდუქტებს უშვილობასთან

ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ სოიის პროდუქტები სპერმის კონცენტრაციას აქვეითებს.

სავარაუდოდ, ამგვარ ეფექტს იწვევს იზოფლავონი, რომელსაც ესტროგენების მსგავსი მოქმედება აქვს. ბოსტონში, ჰარვარდის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლაში, შეისწავლეს ასამდე მამაკაცის რაციონი, რომლებმაც 2000-2006 წლებში კლინიკებს უშვილობის გამო მიმართეს. ყოველი მათგანის რაციონში შედიოდა სოიის პროდუქტები. ისეთი ფაქტორების გათვალისწინებით, როგორებიცაა ასაკი, სხეულის მასის ინდექსი, ანალიზის გაკეთების დრო, ალკოჰოლი, ნიკოტინისა და კოფეინის მოხმარება, გაკეთებულმა გათვლებმა აჩვენა, რომ მათი სპერმა, ვინც დიდი რაოდენობით მოიხმარდა იზოფლავონს, დანარჩენებზე გაცილებით (მილილიტრში 40 მილიონით) ნაკლებ სპერმატოზოიდს შეიცავდა (ცნობისათვის: სპერმატოზოიდების ნორმალური შემცველობა მილილიტრში 80-120 მილიონია). გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ სოიის პროდუქტების მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეა ჭარბწონიანი მამაკაცების სპერმა. გამოკვლევის ხელმძღვანელის, ხორხე კავაროს აზრით, სოიის ეფექტი მსუქან მამაკაცებში უფრო მკაფიო იმიტომ არის, რომ ცხიმოვანი ქსოვილი თავად გამოიმუშავებს ესტროგენებს, რომელთა მოქმედებას იზოფლავონების ეფექტიც ემატება.