ბრონქები და ინფექცია - კვირის პალიტრა

ბრონქები და ინფექცია

თუ დილით გაღვიძებთ ხველება, ყელში გიჭერთ, ამოსუნთქვისას მკერდიდან ისმის ხიხინი და ჰაერის უკმარისობას გრძნობთ, ე.ი. თქვენ ბრონქიტი გაქვთ. ბრონქების

ამოცანაა, ჩასუნთქული ჰაერი გაასუფთაოს და მიაწოდოს ფილტვებს, მაშინაც კი, როდესაც მათში აღწევს ინფექცია... ბრონქიტი (ბრონქების კედლების ლორწოვანას ანთება) ყველაზე ხშირია გაცივებისა და მწვავე რესპირატორული ვირუსული დაავადებების შემდეგ.

დაავადება იწყება გრიპით, გაცივებით, ყელის ტკივილით, ხველებით, მაღალი ტემპერატურით. ავადმყოფს ტანში ამტვრევს. თუმცა ვირუსულმა და ბაქტერიულმა ინფექციებმა შეიძლება ვერც შეაღწიოს ბრონქებში, თუკი იმუნიტეტი ძლიერია. ამ დროს ინფექცია "მუხრუჭდება" ცხვირ-ხახაში და რამდენიმე დღეში ავადმყოფი კარგად გრძნობს თავს. მაგრამ თუ იმუნური სისტემა დაქვეითებულია, ინფექციები სწრაფად აღწევს ბრონქებში და დაავადების რისკიც იზრდება. ასევე დიდ დარტყმას აყენებს ბრონქებს სიგარეტი, ალკოჰოლი, გადაცივება, ყელის ქრონიკული დაავადებები (ფარინგიტი, ტონზილიტი, ლარინგიტი, ტრაქეიტი).

სხვათა შორის, ბრონქიტის პროფილაქტიკაში დიდ როლს ასრულებს სწორი აღნაგობა (ზურგი გამართულია), ამ დროს ყელი და შინაგანი ორგანოები დაძაბული არ არის და ბრონქები სრულფასოვნად ფუნქციონირებს.

დაგვიანებული მკურნალობისას მწვავე ბრონქიტი გადადის ქრონიკულში, შეიძლება განვითარდეს ობსტრუქციული ასთმა, პოლიართრიტი, რევმატიზმი, დაავადდეს გული, თირკმლები, ყურები, ყელი).

ეს რომ არ მოხდეს, დროზე უნდა მიმართოთ ექიმ-პულმონოლოგს, რომელიც გამოკვლევის შემდეგ წამლებთან ერთად დაგინიშნავთ ინჰალაციებს, ფიზიოთერაპიას და ეთეროვანი ზეთებით მასაჟს.