ყურის ტკივილთან შედარებით სხვა ტკივილი აღარც გვახსენდება! - კვირის პალიტრა

ყურის ტკივილთან შედარებით სხვა ტკივილი აღარც გვახსენდება!

ვისაც ყურის ანთება თუნდაც ერთხელ გადაუტანია, დაგვეთანხმება, რომ მასთან შედარებით ბევრი ტკივილი არაფერია.

ის ყველაზე მეტად ბავშვებს ემართება (არც მოზრდილებისთვის არის უცხო), განსაკუთრებით კი წლის ცივ პერიოდში. ყურის ტკივილის დაწყებისას ადამიანები თვითმკურნალობას იწყებენ, რასაც გართულებებიც ხშირად მოჰყვება. ტკივილის გარდა, რა სიმპტომები აქვს ყურის ანთებას და როგორ მიმდინარეობს ის, ამის შესახებ ექიმი სოსო ლომჯარია გვესაუბრება.

- ყურის ანთებას თვითმკურნალობა არ შველის, უყურადღებობა ხშირად გამოუსწორებელ შედეგს იწვევს. ყური სამი ნაწილისაგან შედგება და იმის მიხედვით, ყურის რომელი ნაწილის ანთებასთან გვაქვს საქმე, გამოყოფენ ანთების სამ სახეობას: გარეთა ოტიტს (ყურის ნიჟარიდან დაფის აპკამდე); შუა ოტიტს (დაფის ღრუში, დაფის აპკის შიგნითა მხარეს); შიგნითა ოტიტს (მოიცავს ლოკოკინას და სმენის ნერვს). 5 წლამდე ასაკის ბავშვთა თითქმის 90%-ს კი ერთხელ მაინც აქვს გადატანილი ყურის მწვავე ანთება. ამას ასაკობრივი თავისებურება განაპირობებს: ცხვირ-ხახის შუა ყურთან შემაერთებელი მილი ბავშვებს მოზრდილებზე უფრო მოკლე და განიერი აქვთ და ისეთი დახრილობისა, რომ ცხვირიდან და ყელიდან მიკრობები ადვილად აღწევენ შუა ყურში. ასე რომ, შუა ყურის ანთების შემთხვევები ხშირია. ამ დროს ტკივილი ზოგჯერ ისე მწვავედ მიმდინარეობს, რომ თვალბუდეს, თავს, ყბის ძვალს გადაეცემა და ცემინების, მთქნარების თუ ტირილის დროს უფრო მწვავდება. ჩვილებში ტკივილს უფრო მეტად აძლიერებს ანთებისას გარეთა სასმენი მილის ხრტილოვან წარმონაქმნზე ზეწოლა. ხშირია მაღალი ტემპერატურა, სისუსტე, გაღიზიანებადობა... გართულებისას ანთება შეიძლება გავრცელდეს შიგნითა ყურშიც, განსაკუთრებით მაშინ, თუ შუა ოტიტი ქრონიკულია.

- რა იწვევს ოტიტს?

- სხვადასხვა მიზეზი. შუა ოტიტი სხვადასხვა ბაქტერიული (პნევმოკოკი, ჰემოფილური ჩხირები) და ვირუსული ინფექციების (გრიპი, ქუნთრუშა, წითურა და ა.შ.) დროს ვითარდება. მწვავე შუა ოტიტის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს: ზედა სასუნთქი გზების შეშუპებით მიმდინარე ალერგიული რეაქციები; იმუნური სისტემის დასუსტება; ცხვირის ღრუს, პარანაზალური წიაღებისა და ცხვირ-ხახის ცვლილებები; მაგალითად, ცხვირის ძგიდის გამრუდება, სინუსიტი, ადენოიდები... ოტიტი შეიძლება დაბინძურებულმა წყალმაც გამოიწვიოს. ახალშობილებში ყურის ანთებას ხშირად ყურში სანაყოფე წყლის მოხვედრა იწვევს. ამიტომ არის აუცილებელი ცურვის შემდეგ ყურის კარგად გამშრალება. დაუშვებელია ყურის ძლიერი ქავილისას ჩხირით ან სხვა რაიმე ნივთით მოქავება - სასმენი მილის კანი თხელია და ნაზი, თუ გაიფხაჭნა, დაზიანდება და ინფექცია იოლად შეიჭრება.

- ზოგიერთს ყურიდან ჩირქი პერიოდულად სდის. ამას რა იწვევს?

- ოტიტის არასწორი, არარაციონალური მკურნალობა. თუ მწვავე ოტიტის დროს მკურნალობა დროულად არ დაიწყო, შესაძლოა ყურში ჩაგროვილმა ექსუდატმა ყურის დაფის აპკი გაარღვიოს და გარეთ გამოვიდეს (ზოგჯერ დაგროვებული ექსუდატი აპკს ვერ არღვევს და მცირე ქირურგიული ჩარევა, დაფის აპკის გაჭრა და სითხის გამოშვება ხდება საჭირო); ამის შემდეგ ტკივილი მცირდება. თუ ავადმყოფი დროულად მიმართავს ექიმს, დაფის აპკი აღდგება და დადგება გამოჯანმრთელების პერიოდი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსალოდნელია სიცოცხლისთვის საშიში გართულებები.

- ორსულებსაც ემართებათ ყურის ანთება. მათ როგორ მკურნალობენ?

- მკურნალობა ადგილობრივი საშუალებებით ინიშნება, მაგრამ აუცილებლობის შემთხვევაში ინიშნება ისეთი ანტიბიოტიკები, რომლებსაც ნაყოფზე მძიმე ტოქსიკური მოქმედება არ ახასიათებთ.

- აქამდე გავრცელებული იყო აზრი, რომ ყურები ხშირად და საგულდაგულოდ უნდა გამოვიწმინდოთ, ამჟამად ყურების რაც შეიძლება ნაკლებად გამოწმენდას გვირჩევენ და თანაც ბუნებრივი საშუალებებით.

- ბოლო რჩევას უნდა მივყვეთ: გოგირდი ყურში სისუფთავესა და ტენიანობის დაცვას აწესრიგებს. ნებისმიერმა ორგანომ `მშვენივრად იცის~, რა ფუნქცია აკისრია და კარგადაც ასრულებს. მაგალითად, ჯანმრთელ ყურებს თვითგაწმენდის პროცესი ახასიათებს და მათ ამ საქმეში გარეთა სასმენი მილის წინა კედელთან მდებარე საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის მოძრაობა ეხმარება - ღეჭვა, ლაპარაკი, ხველა... ყური უნდა გაიწმინდოს რეგულარულად და აუცილებლად დიდთავიანი საწმენდით, რომელიც ყურში ღრმად არ ჩავა და თავის ფუნქციას კი შეასრულებს.

- ხშირად, თუკი ნიავი ქრის, დედა ყურის ანთებაგადატანილ შვილს გარეთ უქუდოდ არ უშვებს. ამ დროს ბავშვები ნამდვილად იტანჯებიან. რას ურჩევდით ასეთ მშობლებს?

- არსებობს სამედიცინო თვალსაზრისით მყარად დადასტურებული დიაგნოზი, რომ თბილად ჩაცმა და შინ გამოკეტვა იმუნიტეტს აქვეითებს. დაქვეითებულ იმუნიტეტზე კი ორგანიზმის ოდნავი გაოფლიანება უკვე დაავადების საშიშროებას ქმნის. ამიტომ ბავშვების პირველი მკურნალობა დაავადების თავიდან ასაშორებლად ის არის, რომ რაც შეიძლება ხშირად იყვნენ სუფთა ჰაერზე და გაკაჟდნენ სპორტით. ქუდის დახურვის საჭიროება კი მშობლის ზომიერებამ უნდა განსაზღვროს, - სიცივესა და ქარში ქუდი საჭიროა, მაგრამ თუ პატარას სიცხისგან ქუდში თავი უოფლიანდება, არა მგონია, ეს მის ყურებს წაადგეს...