"მშობლებს მგლის ხახისა და კურდღლის ტუჩის გულის მანკზე მეტად ეშინიათ" - კვირის პალიტრა

"მშობლებს მგლის ხახისა და კურდღლის ტუჩის გულის მანკზე მეტად ეშინიათ"

ხალხში ამ პათოლოგიებს მგლის ხახასა და კურდღლის ტუჩს ეძახიან, სამედიცინო ტერმინოლოგიით კი სასისა და ტუჩის ნაპრალი ჰქვია. ეს თანდაყოლილი დეფექტი 200-მდე ყველაზე მძიმე და იშვიათ დაავადებას შორის განიხილება.

ზურაბ ვადაჭკორია (ბავშვთა ყბა-სახის ქირურგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი): "ამ დაავადების გამომწვევ მიზეზთა შორის ბევრი გარემოებაა. მათ შორის, გარემოს მავნე ზემოქმედება ორსულზე, განსაკუთრებით, ფეხმძიმობის პირველი ათი კვირის განმავლობაში. მიზეზი შესაძლოა იყოს მამის ან დედის არაფხიზელი მდგომარეობა ბავშვის ჩასახვის მომენტში - ლაპარაკია როგორც ალკოჰოლურ თრობაზე, ასევე ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედებაზე; დედის მიერ ორსულობის დასაწყისში გადატანილი ვირუსული დაავადებები, როგორიც არის ჩუტყვავილა, წითელა ან გრიპი.

რატომღაც ჩვენში ორსულ ქალს მეტ ყურადღებას უთმობენ ორსულობის მეორე ნახევარში, არადა, პირველი უფრო საყურადღებოა. პათოლოგიის მიზეზი შესაძლოა გახდეს ფსიქოლოგიური სტრესი. სამედიცინო ლიტერატურაში აღწერილია ბევრი შემთხვევა, როცა ორსულობის დასაწყისში ძლიერი ფსიქოლოგიური სტრესის გადატანისას (ახლობელი ადამიანის გარდაცვალება) ეს პათოლოგია ვითარდება. მიზეზთა შორის აღსანიშნავია გარემოს რადიაციული ფონი. ცნობილი ფაქტია და ამაზე გამოკვლევებიც არსებობს, რომ 1985 წლის ჩერნობილის აფეთქების შემდეგ დასავლეთ საქართველოში მოიმატა სასისა და ტუჩის ნაპრალით დაბადებული ბავშვების რიცხვმა.

- ბოლო წლებში თუ იმატა ამ პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევებმა?

- იმატა... არსებობს პათოლოგიები, რისიც რცხვენიათ და მალავენ. მაგალითად, ხშირად, როცა დედას ვესაუბრებით, აღმოჩნდება, რომ ურჩევნია მის შვილს გულის მანკი ჰქონდეს, ვიდრე ტუჩისა და სასის ნაპრალი, რადგან ეს დაავადება თვალნათლივ ჩანს. არადა, გულის მანკი გაცილებით მძიმე დაავადებაა.

ამ პრობლემის შესწავლისას აღმოვაჩინეთ, რომ რაიონული პოლიკლინიკის ავადმყოფობის ისტორიაში პაციენტებს არაფერი უწერიათ ამ პათოლოგიის შესახებ. დაახლოებით თუ შეგვიძლია იმის თქმა, რომ დღეს ყოველი 900 ახალშობილიდან ერთს ტუჩის ან სასის ნაპრალი აქვს, ან კომბინირებული - ტუჩისა და სასის ნაპრალი ერთდროულად. წლების წინ, რაც უფრო განუვითარებელი იყო ქვეყანა, მით დიდი იყო ამ დაავადების გავრცელების მაჩვენებელი.

ამას უკავშირებდნენ მოსახლეობის მავნე ჩვევებს, განსაკუთრებით აზიის ქვეყნებში. დღეს კი პირიქით, რაც უფრო განვითარებულია ქვეყანა, მით მეტია სასისა და ტუჩის ნაპრალის პათოლოგია, რასაც გარემოს მავნე ზემოქმედებით ხსნიან. საქართველოში არსებულ ვითარებას სხვა ქვეყნებს თუ შევადარებთ, საშუალო ადგილი გვიკავია. ეს თეთრი და ყვითელი რასის დაავადებაა, შავკანიანებში ძალიან იშვიათად გვხვდება.

- ამბობენ, ტუჩის ნაპრალი უფრო ხშირად ვაჟებში გვხვდება, სასის ნაპრალი კი გოგონებში. რატომ?

- გადაჭრით ამის თქმა არ შეიძლება, თუმცა მაგალითად, ვაჟებში მარცხენამხრივი ტუჩის ნაპრალი უფრო ხშირია, ვიდრე მარჯვენამხრივი. გოგონებში კი მხოლოდ ერთი ფორმის ნაპრალი გვხვდება, იზოლირებულად მხოლოდ სასის. ამბობენ, გაზაფხულზე ჩასახულებში უფრო ხშირია ეს პათოლოგია. კვლევა-ძიება ამ პათოლოგიის ირგვლივ ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ამიტომ რაიმეს მტკიცება ძნელია. მაგალითად, დასავლეთში მიღებულია, რომ როცა წყვილი შვილის ყოლას გადაწყვეტს, მედიკოგენეტიკურ კონსულტაციას მიმართავს. სამწუხაროდ, ზუსტ პასუხს ვერც ეს კონსულტაცია იძლევა. ძირითადად მშობლის ტუჩის განსაკუთრებული ფორმის გათვალისწინებით, ხელისგულებზე ხაზების დათვალიერებით ადგენენ რისკის ჯგუფებს და ალბათობა მხოლოდ 25%-ს აღწევს. ჩვენთან მედიკოგენეტიკურ კონსულტაციას მხოლოდ მაშინ მიმართავენ, როცა პირველ შვილს აღმოაჩნდება რაიმე დეფექტი.

- ესთეტიკურ მხარესთან ერთად, ეს პათოლოგია სხვა პრობლემებსაც ქმნის. მაგალითად, ასეთ ბავშვებს უჭირთ ძუძუს წოვა, სიცილი, ლაპარაკი, არსებობს საკვების გადაცდენის რისკიც...

- გარდა იმისა, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, ასეთ ბავშვებს აქვთ ზერელე სუნთქვა, რადგან ტუჩი გახსნილია. შედეგად სისხლის მიმოქცევის მცირე წრეში წარმოიქმნება შეგუბება. გარდა ამისა, გაუფილტრავი, გაუმთბარი ჰაერით სუნთქავენ, ამიტომ ინფექციებისა და ვირუსული დაავადებებისკენ უფრო მიდრეკილნი არიან. შედეგად კი დაქვეითებული აქვთ იმუნიტეტი. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ადრეული ოპერაციული ჩარევა გამართლებულია. ოპერაციიდან რამდენიმე თვეში სისხლის მიმოქცევის მცირე წრეში შეგუბება გამოსწორდება. ადრე ოპერაცია გვიან, 13-14 წლის ასაკში კეთდებოდა.

ასეთი ბავშვების ინვალიდობის განმაპირობებელი არასწორი მეტყველება იყო. სასისნაპრალიანები ლაპარაკობენ ცხვირში (ამას რინოვალია ჰქვია).  მეტყველების ჩამოყალიბების შემდეგ კი, როცა არასწორი მეტყველება თავის ტვინის ქერქში აღიბეჭდება, მისი შეცვლა ძნელია. ახლა ამ ოპერაციას ორი წლის ასაკში ვაკეთებთ, როცა ბავშვის მეტყველება ჩამოუყალიბებელია და პატარები უკვე აღდგენილი რეზონატონული აპარატით იწყებენ მეტყველებას. ტუჩის ნაპრალის ოპერაცია კიდევ უფრო ადრე, დაახლოებით სამი თვის ასაკში კეთდება.

ადრე ანესთეზიოლოგიური უზრუნველყოფა არ არსებობდა და ეს ბარბაროსული ოპერაცია ადგილობრივი ანესთეზიით კეთდებოდა. ოპერაცია საკმაოდ ტრავმულია. ჯერ ერთი, ამ ბავშვებს ზედა ყბა ისედაც განუვითარებელი აქვთ და ოპერაციის შემდგომ კიდევ მეტად ჩამორჩება. ამიტომ აკეთებდნენ ოპერაციებს რაც შეიძლება ზრდასრულ ასაკში, რათა ზედა ყბას რაიმე ფორმა მიეღო. ახლა კი განვითარდა ორთოდონტია - სტომატოლოგიის ერთ-ერთი დარგი, რომელიც ყბა-სახის სისტემის ანომალიებს ასწორებს. ბრეისებით, იმავე ბრეკეტებით მკურნალობით ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი ყბის ანომალიის გამოსწორება.

- ამბობენ, ასეთი ბავშვები გონებრივადაც ჩამორჩებიანო...

- ეს მცდარი მოსაზრებაა. ძალიან ბევრ ცნობილ ადამიანს (არა მაქვს ეთიკური უფლება, მათი ვინაობა დავასახელო) აქვს (ან ჰქონდა) ეს ანომალია. მათ შორის არიან ხელოვანებიც. სხვათა შორის, ასეთი ბავშვები ძალიან კარგად მღერიან და ეს ფენომენი ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი...