ზამთრის სასიკვდილო ბომბი, - რა აგვაშორებს ბოტულიზმს! - კვირის პალიტრა

ზამთრის სასიკვდილო ბომბი, - რა აგვაშორებს ბოტულიზმს!

ზამთრის დაავადება, ასე ეძახიან ბოტულიზმს, რომლის შემთხვევები ზამთრის განმავლობაში ძალზე ხშირად ფიქსირდება საავადმყოფოებში.

მიზეზი ის არის, რომ სწორედ წელიწადის ამ დროს მიირთმევს მოსახლეობა ზაფხულში შინ დამზადებულ ბოსტნეულისა თუ ბაღჩეულის კონსერვებს. სწორედ ამ კონსერვებში ვითარდება ბოტულიზმის ბაქტერია, რომელიც სიკვდილსაც იწვევს. კიდევ ერთხელ ამ საშიში ინფექციისა და მისი თავიდან არიდების შესახებ ინფექციონისტი ოთარ გერაძე გვესაუბრება.

- ბატონო ოთარ, ბოტულიზმის შემთხვევები ხშირია. ეს ადასტურებს, რომ მას აქტიურად არ ვებრძვით?

- ბოტულიზმთან ბრძოლა რომ აქტიური იყოს და მედიასაშუალებებით ფართოდ შუქდებოდეს, რასაკვირველია, მისით დასნებოვნების შემთხვევებიც ნაკლები იქნება. თუმცა მასთან ბრძოლას ხელს მატერიალური მდგომარეობაც უშლის - ხალხს ურჩევნია, შინ ზამთრის კვებითი მარაგი შეინახოს. ამას ადამიანური ბუნებაც ერთვის - ტრაგედიებს მალე ვივიწყებთ და სწორედ ამიტომაცაა საჭირო მათზე ხშირი საუბარი. ხაზგასმით ვამბობ: ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ბოტულიზმით ავადობით საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ადგილზეა -–წელიწადში 10-40 კაცამდე ავადდება. ამის უპირველესი მიზეზი შინაური კონსერვების მოხმარებაა. ბოტულიზმის ბაქტერია იმიტომაც არის საშიში, რომ ის ბუნებაში ყველგანაა გავრცელებული - ბინადრობს რქოსანი პირუტყვის, ღორის, ცხენის, თევზების, ფრინველების ნაწლავებში და გამოიყოფა განავალთან ერთად. აი, ასე ხვდება ის ნიადაგში, სადაც მკვრივ გარსს იკეთებს და დიდხანს ძლებს. შემდეგ ამ ნიადაგიდან ბინძურდება ხილი, ბოსტნეული, მარცვლეული, სოკო, წყალი... ამ პროდუქტებში ბაქტერია გარსს იშორებს, მრავლდება და გამოიმუშავებს შხამს, რომელიც ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას დაავადებას იწვევს. ჩვენს ორგანიზმში ბაქტერია დაბინძურებული ჭრილობით ან საკვებით ხვდება და მეტად მძიმე შედეგებს იწვევს. მაგრამ მანამდე, სანამ პროდუქტებიდან ბაქტერია ჩვენს ორგანიზმში მოხვდება გასამრავლებლად და შხამის გამოსაყოფად, უჟანგბადო პირობებს ითხოვს. ჩვენც ამ პირობას მაშინ ვუქმნით, როცა შინ კუსტარულად ვბოლავთ თევზს, ძეხვს ან ხორცს, შებოლვისას წარმოქმნილი აპკიდან პროდუქტში ჟანგბადი ვეღარ აღწევს; ან სათანადოდ დაუმუშავებელ ბოტულიზმით დასნებოვნებულ პროდუქტს ქილაში ვაქცევთ, ნახევარი საათი ან თუნდაც ერთი საათი წამოვადუღებთ და ვხუფავთ. სწორედ ეს ქილა იქცევა საშიშ ბომბად - ბოტულიზმის სპორები ერთი საათის დუღილს მშვენივრად უძლებენ. დაახლოებით 6 საათის დუღილი მაინც სჭირდება, რომ დაიხოცონ. მოხუფულ ქილაში კი ეს სპორები გამრავლებას იწყებენ. ბოტულიზმის სპორა დროზე თუ არ შევაჩერეთ, სიკვდილსაც იწვევს. სიტუაციას კი ის ართულებს, რომ ბოტულოტოქსინით გაჯერებულ კონსერვს გარეგნულად არაფერი ეტყობა - არც ამობერილია, არც შემღვრეული, არც სუნი და ფერი აქვს შეცვლილი.

- ცნობილია, რომ არსებობს ჩვილ ბავშვთა ბოტულიზმიც.

- ეს გამოწვეულია იმით, რომ წლამდე ასაკის ჩვილის ფლორა ჩამოუყალიბებელია. როცა ასეთ ფლორაში ბოტულიზმის ბაქტერია აღწევს, შესაძლოა ბოტულიზმის დაავადებაც განვითარდეს. სიმპტომების ამოცნობა შედარებით ძნელია. ერთადერთი - ჩვილი სუსტდება და ძილად მივარდება. საბედნიეროდ, ჩვენში ჩვილ ბავშვთა ბოტულიზმი ნაკლებად ფიქსირდება. უფრო კვებითი ბოტულიზმია გავრცელებული, თუმცა ბოტულიზმის შემთხვევა ამ დროსაც შესაძლოა, თავიდანვე ვერც დადგინდეს, რადგან მისი საინკუბაციო პერიოდი 4-36 საათს, ზოგჯერ კი 2 კვირამდეც გრძელდება. რაც მეტია მიღებული ტოქსინის დოზა, მით ხანმოკლეა საინკუბაციო პერიოდი და დაავადებაც უფრო მძიმედ მიმდინარეობს.

თავდაპირველად ვლინდება თავბრუხვევა, ძლიერი სისუსტე (ავადმყოფს უჭირს საგნებისა და თავის დაჭერა, სწორად გავლა), მუცლის შებერილობა, ტკივილი და სიმძიმის შეგრძნება. ზოგჯერ ამას ერთვის გულისრევა, პირის სიმშრალე, ბოყინი და ყაბზობა. იშვიათია ღებინება და ფაღარათი, რომლებიც ნევროლოგიური ნიშნების გამოვლენისთანავე იცვლება: ფაღარათი - მყარი ყაბზობით, ღებინება - კუჭიდან საკვების ევაკუაციის შენელებით. რამდენიმე საათის შემდეგ გამოვლინდება პარალიზური სინდრომი. თავდაპირველად ავადმყოფი ბუნდოვნად და გაორებულად ხედავს. სინათლეზე გუგების რეაქცია დაქვეითებულია, ქუთუთოები - დაშვებული, მძიმე შემთხვევაში თვალის კაკლები უძრავია, ქუთუთოების აწევა მხოლოდ ხელით შეიძლება. მხედველობის მოშლის შემდეგ ვითარდება ყლაპვისა და მეტყველების მოშლა.

- რა შეიძლება გაკეთდეს ამ დროს პირველი დახმარების მიზნით?

- აუცილებელია საავადმყოფოში სასწრაფოდ წაყვანა. ბოტულიზმის მკურნალობა ტარდება ანტიბოტულინური შხამით ბოტულიზმის გამომწვევი ბაქტერიის ტიპის დასადგენად. შემდგომ კი მკურნალობა პირდაპირ ამ ტიპის წინააღმდეგ მიმდინარეობს.

- როცა ექიმები ბოტულიზმის თავიდან ასაცილებლად შინ დამზადებული კონსერვის 30-წუთიან წამოდუღებას ურჩევენ, ეს ნიშნავს, რომ ამ დროს ბოტულიზმის სპორა წამოდუღებისას ნადგურდება?

- რა თქმა უნდა, არ განადგურდება. მაგრამ ამ დროს დაიშლება და უვნებელი გახდება ის შხამი, რომელიც შესაძლოა კონსერვში იყოს დაგროვილი.