რა იწვევს ხასიათის ცვლილებას? - კვირის პალიტრა

რა იწვევს ხასიათის ცვლილებას?

"ბანანში ჭარბადაა სეროტონინი. ეს ნივთიერება ორგანიზმში მრავალ ადგილას გამომუშავდება და მრავალ ფუნქციასაც ახორციელებს"

"ჰორმონები და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები ნებისმიერ ფსიქოლოგიურ რეაქციას აკონტროლებს"

რამდენი კაციცაა, იმდენი ხასიათიაო, ნათქვამია. თურმე ხასიათს ჰორმონებისა და ბიოლოგიურად აქტიური სხვადასხვა ნივთიერების თანაფარდობა განსაზღვრავს. რა შემთხვევაშია ადამიანი მხიარული, დაღონებული, ეჭვიანი, აგრესიული, ამას დღევანდელ ინტერვიუში ოქსფორდის უნივერსიტეტის სამეცნიერო ექსპერტი ჰორმონთა კვლევაში, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დინარა კასრაძე განგვიმარტავს.

ძველ აფრიკულ ტომებში, რომლებიც გამოირჩევიან მშვიდობისმოყვარე ხასიათით, ბანანი კეთილგანწყობისა და გულისხმიერების სიმბოლოა. ალბათ იკითხავთ, მაინცდამაინც ბანანი რატომო... იმიტომ, რომ ბანანში ჭარბადაა სეროტონინი. ეს ნივთიერება ორგანიზმში მრავალ ადგილას გამომუშავდება და მრავალ ფუნქციასაც ახორციელებს. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია თავის ტვინში გამომუშავებული სეროტონინის დონე. ვისაც სეროტონინი მაღალი შემცველობით აქვს თავის ტვინის ქსოვილში, მხიარული, ხალისიანი, იმედიანი და ბედნიერია. თუ ზედმეტად ხალისიანია და ამის ობიექტური მიზეზი არ აქვს, ესე იგი, სეროტონინის შემცველობა თავის ტვინში განსაკუთრებით მაღალია და, პირიქით, საკმარისია სეროტონინის დონე დაეცეს, ადამიანი უიმედო ხდება - ზოგჯერ თვითმკვლელობამდეც მიდის.

- მაგრამ რა იციან აბორიგენებმა ჰორმონების ან მათი მეტობა-ნაკლებობის შესახებ?

- მართალია, მათ ამის შესახებ არაფერი იციან, მაგრამ სხვა ძველი ხალხების დარად მათაც აქვთ დაკვირვებით დაგროვილი ცოდნა. ამ მხრივ დიდი გამოცდილება ჰქონდათ ძველ ინდოელებს, ეგვიპტელებს, ჩინელებს, ინდიელებს; ანუ დროთა ვითარებაში დაკვირვებაზე დაფუძნებული ცოდნა, იგივე ემპირიული ცოდნა. ძველმა აფრიკელმაც თანდათან შეამჩნია, რომ თუ უგუნებოდაა, ბანანი აუცილებლად უკეთეს განწყობას შეუქმნის.

მეცნიერებას ახსოვს საინტერესო ექსპერიმენტები. ვირთაგვებს ელექტროდენით უზიანებდნენ საყნოსავ ბოლქვებს. ვირთაგვები კარგავდნენ ყნოსვას და აგრესიულები ხდებოდნენ: საკმარისი იყო, პატარა თაგუნები ჩაესვათ მათთან გალიაში, ისინი ესხმოდნენ თავს მსხვერპლს და კლავდნენ; ბოლოს, ცოცხლად დარჩენილი, ბრძოლამოგებული"თითო-ოროლა ვირთაგვა ღრმა დეპრესიაში ვარდებოდა.. აღმოჩნდა, რომ საყნოსავ ბოლქვებში არის უჯრედები, რომლებიც თავის ტვინში სეროტონინის შემცველობის მართვის ცენტრებია. ამ ვირთაგვებს, ერთი მხრივ, უზიანდებოდათ ყნოსვა და, მეორე მხრივ, მათ ცენტრალურ ნერვულ სისტემაში მცირდებოდა ან სრულიად წყდებოდა სეროტონინის გამომუშავება. ამის შედეგი იყო, რომ თავდაპირველი ელექტროსტრესის გამო საოცრად აგრესიულები ხდებოდნენ, ხოლო შემდგომ, სეროტონინის სრული წარმოქმნის გამო დეპრესია ეუფლებოდათ!

ჰორმონების, ნეირომედიატორების, ნეიროპეპტიდების, ნეიროტრანსმიტერების გარკვეული ბალანსი თუ დისბალანსი ადამიანებში (ცხოველებშიც) განაპირობებს მრისხანებას, გულჩვილობას, შიშს თუ სიმამაცეს, ნდობას თუ ეჭვს, და სხვ.

- ეჭვსაც ჰორმონები განაგებს?

- ჰორმონები და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები არა მარტო ეჭვს, ნებისმიერ ფსიქოლოგიურ რეაქციას აკონტროლებს. ამასთანავე, არა მხოლოდ სეროტონინი გამოდის ემოციის მედიატორისა თუ მოდულატორის როლში, არამედ მელატონინიც, შინაგანი ოპიატებიც - ენდორფინები და მრავალი სხვა. მამაკაცის ცენტრალურ ნერვულ სისტემაში სეროტონინი ნაკლებია, ვიდრე ქალისაში. ყნოსვის გრძნობაც მამაკაცს უფრო ნაკლებგამოხატული აქვს, ვიდრე ქალს. შესაბამისად, მამაკაცი ქალზე მეტად აგრესიულია. ეს ალბათ ბუნებამ ასე განუსაზღვრა მამაკაცს, იმიტომ, რომ მისი ბიოლოგიური თავისებურება თუ ვალდებულებაა: მოპოვება, ოჯახის შენახვა, ბრძოლა, სიმამაცე, გულადობა, მტრისგან თავისა თუ სამშობლოს დაცვა და ა.შ. თუ მამაკაცში აგრესია არ დევს (რა თქმა უნდა, ბიოლოგიურად განპირობებული ნორმის საზღვრებში), ისე ამ ყველაფერს თავს ვერ გაართმევს და ამ საქმეში მას ეხმარება სწორედ ტესტოსტერონი - მამაკაცის უპირველესი ჰორმონი.

ორგანიზმში არსებობს კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი ნივთიერება - ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი, რომელიც სხვადასხვა სტრესული ჰორმონის გამომუშავებას განაპირობებს, რასაც ასევე - ან აგრესიამდე, ან შიშამდე მიჰყავს ადამიანი. ყველაფერი ეს: შიში, აგრესია თუ დეპრესია ადამიანში ბადებს ეჭვს! უფრო სწორად, ეჭვი თავადაა შიში, შიში დანაკარგისა და განსაკუთრებით გამანადგურებელია ეჭვი, როცა ის სიყვარულს ახლავს...

სტრესული ჰორმონებიდან განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ ადრენალინი და ნორადრენალინი, რაც აგრეთვე მრავალ სხვა პროცესთან ერთად ემოციებსაც მართავს. ადრენალინი შიშის მოდულატორი და მატერიალური საფუძველია, მას მედიცინაში "შიშის ჰორმონი" ან "კურდღლის ჰორმონი" ჰქვია. ნორადრენალინი კი გახლავთ საპირისპირო ემოციის მოდულატორი, მას "მრისხანების ჰორმონი", ან "ლომის ჰორმონი" ეწოდება.

ორგანიზმში ჩვენ გვაქვს ე. წ. ენდორფინები, იგივე შინაგანი მორფინები, შინაგანი ოპიატები. მათი უპირველესი დანიშნულებაა ტკივილის გაყუჩება. მათ ჰყავთ ანტაგონისტიც - ე. წ. ნივთიერება, რომელიც სწორედ ტკივილს შეაგრძნობინებს ადამიანს. ტკივილი კი აუცილებელია, რადგანაც ის გვამცნობს ამა თუ იმ ავადმყოფობას. თუმცა, ტკივილი რომ უკიდეგანო იყოს, ხომ ვერ მივაღწევთ ექიმამდე? ამიტომაც ბუნებამ ცოცხალ ორგანიზმს მეორე ნივთიერება - ენდორფინები აჩუქა. ამ ნივთიერებათა თანაფარდობა, თითოეული ადამიანისთვის ინდივიდუალურია. ენდორფინს, გარდა ტკივილგამაყუჩებელი ეფექტისა, ეიფორიული ეფექტიც აქვს, ოღონდ არა იმ დოზით, რაც ადამიანის ორგანიზმში გარედან შეყვანილი ნარკოტიკებით მიიღწევა. მაგრამ თუ ეს ნივთიერება, ანუ შინაგანი ოპიატები ადამიანს ნაკლები აქვს, ის ხშირად დეპრესიულია. წინა თაობებში ჩატარებულ კვლევათა სტატისტიკა უჩვენებდა, რომ ნარკოტიკების მომხმარებლებს ორგანიზმში ბუნებრივად ჰქონდათ ნაკლები რაოდენობის ენდორფინები და ამიტომაც მიდრეკილი იყვნენ ნარკოტიკებისაკენ.

მოკლედ, ჰორმონული ფონის აღრევა ადამიანს ურღვევს არა მარტო სხეულებრივ, არამედ სულიერ ჰარმონიას.

ეკა სალაღაია