მედიკოსთა კურიოზები - კვირის პალიტრა

მედიკოსთა კურიოზები

კურიოზების ჩასაწერად სასწრაფო დახმარების ცენტრში შუადღისას მივდივარ - ისეთი დროა, როცა გამოძახება ნაკლებია და იქნებ ექიმებს საუბრის დრო ჰქონდეთ-მეთქი.

სულ ტყუილად - ერთი რომ გამოძახებიდან დაბრუნებული ცენტრში შემორბოდა, მეორე ახალ გამოძახებაზე მირბოდა. ისე კი, ამ მირბენა-მორბენაში რამდენიმე კურიოზი მაინც ჩავიწერე.

"ვირთხამ მიკბინა, მიშველეთ!"

გია ლოლაძე, სასწრაფო დახმარების ექიმი: - ღამის 2 საათი იქნებოდა, როცა გამოგვიძახეს. ადგილზე მისულებს კარი ღია დაგვხვდა. პაციენტი საწოლიდან გამოგვეხმაურა, - ვირთხამ მუცელზე მიკბინა და ფეხზე ვერ ვდგებიო. შეშფოთებულები მივუახლოვდით და ვთხოვეთ, მუცელი ენახვებინა. მაგრამ ნაკბენის კვალს ვერსად წავაწყდით. ქალბატონმა თავადაც დაიხედა მუცელზე, კარგად მოითვალიერა და დანანებით თქვა, - ეტყობა, სიზმარში მიკბინა და მე კი ნამდვილი მეგონაო!

"ცოლიანი ხარ, ნენა?"

- კიდევ ერთი პაციენტი მყავს, ნუცა ბებო. ჯანსაღ ჰაერზეა ნაცხოვრები და კაჟივით ჯანმრთელიც არის. ამას პირველი გამოძახებისთანავე მივხვდი, როცა მითხრა, მაღალი წნევა მაქვსო, არადა, არ ჰქონდა. ვუთხარი კიდეც, ნეტავი შენისთანა ჯანმრთელი ყველა იყოს-მეთქი. მან კი პასუხის ნაცვლად ვიღაცას გასძახა სამზარეულოში, - გოგო, ექიმს ყავა მოუტანეო. კი გამიკვირდა, - ნეტა, ყავა როდის ვითხოვე-მეთქი და ხელიც გავაქნიე უარის ნიშნად, მაგრამ ნუცა ბებომ ისევ დასჭექა, - გოგო, ყავა თუ არ მოგაქვს, წყალი მაინც მოიტანეო! ამასობაში ასე, 30-35 წლის ქალმა ყავა შემოიტანა, ერთი გამომხედა და ოთახიდან სწრაფი ნაბიჯით გავიდა. ის იყო, გაოცებულმა მდუღარე ყავა პირთან მივიტანე, რომ ნუცა ბებომ სახელოზე მომქაჩა: - ცოლიანი ხარ, ნენა? დაბნეულმა თავი დავუქნიე, - ჰო-მეთქი. რაიზა მერე?! აბა, ვინცხა ამხანაგი მაინც გეყოლება უცოლო და მადლიზა გამირიგე ამ ბაღნიზა! თურმე შვილიშვილი ჰყოლია გასათხოვარი და სასიძოს სახლიდან გაუსვლელად ეძებდა. მეც ქაფქაფა ყავა მაგიდაზე დავდგი და შევპირდი, - შევეცდები-მეთქი. მაგრამ ჯერჯერობით ვერავინ ვიპოვე და ნუცა ბებოსთან მისვლა უკვე მერიდება.

მეორე პაციენტს ელენე ბებოს სერიოზული არაფერი აწუხებს, მაგრამ მარტო ცხოვრობს და ჩვენი დახმარება ხშირად სჭირდება. მისი კორპუსი ჩვენი ცენტრის პირდაპირ დგას და ფანჯარაში ანთებულ შუქზეც კი ვატყობთ, სძინავს თუ ღვიძავს. ჩვენც მივდივართ, წნევას ვუზომავთ, დამამშვიდებელ საშუალებებს მივცემთ და გულდამშვიდებული ვტოვებთ. ასე ხდება კვირაში ორ-სამჯერ მაინც. ერთხელაც მთელი კვირა ისე გავიდა, არ გამოგვიძახა და შევშფოთდით. მოკლედ, ვსხედვართ ცენტრში, დილის 4 საათზე ქანცმილეულები მივირთმევთ ძეხვსა და პურს და თან ელენე ბებოზე ვლაპარაკობთ, ეტყობა, გული რაღაცას გვიგრძნობს; ამ დროს კარზე კაკუნი ისმის. გაკვირვებული ჩვენი მძღოლი კარის გასაღებად მიდის. ზღურბლზე ელენე ბებო დგას, ხელში ჯოხითა და იღლიაში საბნით: - არ დამეძინა, შვილებო, გავათევ ამაღამ აგერ, ამ საწოლზე - და სამედიცინო საწოლისკენ ჯოხის კაკუნით გამოემართა. რაღა დაგვრჩენოდა, ელენე ბებოს შინ დასაბრუნებლად დრო ვითხოვეთ და სანამ არ დავაძინეთ, მანამდე მისი ბინა არ დაგვიტოვებია.

"ბაყაყმა რომ თქვა ჩემზე, ორსულად არ არისო?!"

ლადო კახაძე, გინეკოლოგი: - ბევრი უცნაური პაციენტი მყოლია. მოსულან მუცელგაბერილი ქალები, მაგრამ სინამდვილეში ორსულად არ ყოფილან. მინახავს 11 წლის ორსული გოგონაც. ერთმა პაციენტმა 56 წლის ასაკში გააჩინა მშვენიერი, ჯანმრთელი ბავშვი.

გასული საუკუნის 80-იან წლებში ორსულობის ტესტი ჯერ კიდევ არ არსებობდა. სამაგიეროდ, იყო ლაბორატორიული მეთოდი, რომლის დროსაც ორსულობის დასადგენად ბაყაყს იყენებდნენ: ჯერ ქალის შარდი შეჰყავდათ ბაყაყის ორგანიზმში, მერე აკვირდებოდნენ ბაყაყის საკვერცხეებს და ამის მიხედვით ადგენდნენ, მართლა იყო ქალი ორსულად თუ არა. ერთხელ ჩემთან მოვიდა ახალგაზრდა ქალი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ სწორედ ეს ტესტი გაუვლია... გადავუღე ექოსკოპია და ფეხმძიმედ აღმოჩნდა. რომ ვუთხარი, ორსულად ხარ-მეთქი, ცოცხალი თავით არ მიჯერებდა - როგორ, ბაყაყმა ხომ თქვა ჩემზე, ორსულად არ არისო?! რომ აღარ გაჩუმდა, ვერ მოვითმინე და ვუთხარი, - ორმეტრიანი კაცი ვარ, ჩემი არ გჯერა და ბაყაყის გჯერა-მეთქი?!

ეთერ ერაძე, ხათუნა ჩიგოგიძე