მცირე "ხრიკები" საახალწლო სუფრის გასანეიტრალებლად
04-01-2016
მცირე "ხრიკები" საახალწლო სუფრის გასანეიტრალებლად
ახალი წელი უცვლელი ზეიმია, უცვლელი რჩება საახალწლო ჩივილი კუჭ-ნაწლავის პრობლემებზეც, - მეტად მრავალფეროვანი და ცხიმებით გაჯერებული საკვების ერთად მიღებას ორგანიზმი "აჯანყებით" უპასუხებს.

სავარაუდოდ, მრავალფეროვანი საკვების ერთბაშად და ერთად მიღების ტრადიციაც შეიცვლება. ექიმი თამაზ ლომაძე გვესაუბრება, თუ რა იწვევს "საახალწლო დისკომფორტს" ჩვენს ორგანიზმში და როგორ განვტვირთოთ იგი.

- ახალი წელი გულს უხარია, მაგრამ კუჭ-ნაწლავს სწყინს!
ჩვენი გადატვირთული საკვების მომნელებელი ორგანოებისთვის ახალი წლის დღეებში მთავარი "ბუა" ცხიმებია, რომლის გადაჭარბებით მიღებას "დესერტივით" მოსდევს
წყლულოვანი დაავადებების თუ გასტრიტის ან ქოლეცისტიტის გამწვავება, ინსულტიც კი, როგორც ლიპიდური ცვლის დარღვევა. ზედმეტი ალკოჰოლი კატასტროფულად ტვირთავს სისხლძარღვებს. გვიან ღამით საკვებით გადატვირთვა კი კუჭსაც ცუდ დღეში აყენებს!
ქოლესტეროლს, ანუ ყველაზე ცნობილ ცხიმოვან ნაერთს, ორგანიზმი ორი წყაროდან იღებს: ნაწილს საკვებიდან (კვერცხი, რძის ნაწარმი, ხორცი), ნაწილს კი
ჩვენივე ღვიძლი წარმოქმნის და ასე იქმნება ორგანიზმში მისი რაოდენობა. ამ რაოდენობის ზღვარი კი 3.9 მმოლ/ლ-ია; 5.2 მმოლ/ლ უკვე საშიშად ითვლება, ამის შემდგომ მატება კი ლამის კატასტროფად მიიჩნევა. ანომალიურ ვითარებაში ორგანიზმი ქოლესტეროლის მარაგს გლუვი კუნთების ბოჭკოებს შორის ალაგებს და ორგანიზმისთვის საფრთხეს ქმნის. ქრონიკული ქოლეცისტიტისა და გასტრიტის გამწვავების პროვოცირებისთვის კი ნიგვზიანი და ძმრიანი საკვებიც საკმარისია - იწყება ტკივილი კუჭის არეში და მარჯვენა ფერდქვეშ, გულძმარვა და ბოყინი. მძიმე მოსანელებელია ტკბილეული და ცომეული.
არის რამდენიმე ხერხი, რაც ზეიმს შეგვარგებს, მაგრამ ცხიმს ნაკლებს მოგვახმარინებს. მაგალითად, თუ შემწვარ თევზს ან ქათამს კანს მოვაშორებთ, ცხიმის რაოდენობას მნიშვნელოვნად შევამცირებთ, რადგან სწორედ კანია გაჯერებული ცხიმით. ასევე საჭირო არ არის, ფრინველის თუ პირუტყვის ხორცის ცხიმში მოხრაკვა, მათ საკუთარი ცხიმიც ეყოფათ ამისთვის. ვისაც კუჭ-ნაწლავი აწუხებს, კარგი იქნება, თუ სუფრასთან მინერალური წყლით გაზავებულ წყალს მიირთმევს. უებარია ჭარბ ცხიმიან კერძებზე ლიმონის დაყოლება... ლიმონი, ანანასი ან პაპაია მდიდარია ფერმენტებით, რომლებიც ცხიმის დაშლაში მონაწილეობენ. კარგი იქნება, თუკი წვეულებაზე წასვლამდე შინ შიგადაშიგ თითო-ოროლა ლუკმას მივირთმევთ და ამით მასპინძლის საზეიმო სუფრის "ასათვისებლად" თავს არ გავწირავთ.

- ამბობენ, ზედმეტი ბახუსის "ათვისებას" სწორედ ცხიმიანი საკვები უშლის ხელსო.

- ცხიმი ორგანიზმში დამცავ ფენას ქმნის და ალკოჰოლის შეწოვას უშლის ხელს. მაგრამ ამისთვის აუცილებელი არ არის ცხიმიანი კერძების ერთიმეორის მიყოლებით მირთმევა, მისი მცირედ მიღებაც საკმარისია.

ჩვენთან ნაბახუსევის გასანეიტრალებლად ისევ ალკოჰოლს იღებენ. ეს თვითშეგრძნებას აუმჯობესებს, მაგრამ შეჩვევაც იცის. უკეთესია უალკოჰოლო სითხე ("ბორჯომი", "ნაბეღლავი", ჩაი, ხილის წვენი) მივიღოთ. განსაკუთრებით კარგია ტკბილი სითხეები, მაგალითად, კომპოტი, რომელიც ორგანიზმს მჟავატუტოვანი ბალანსის აღდგენაში ეხმარება, წყალში ხსნადი ასპირინი, მაწონი. სასარგებლოა განტვირთვის დღის მოწყობა, უჯრედისით მდიდარი საკვების მიღება. მცენარეული საკვები მალამოდ ედება საჭმლის მომნელებელი სისტემის ლორწოვანს. თუ მცენარეული საკვების, მაგალითად, ისპანახის მიღებისას დისკომფორტმა (მუცლის ბერვა, ან სხვა მოვლენები) შეგაწუხათ, უყოყმანოდ გადადით ჭარხალზე, შვრიაზე, ბურღულზე, ბოსტნეულზე, ვაშლზე, სვით უშაქრო ჩაი, მინერალური და ჩვეულებრივი სასმელი წყალი. განტვირთვის დღეს წნევიანებმა უნდა მიირთვან უმარილო საკვები და დააყოლონ სითხე. ამ დროს შარდდენა იწყება და ორგანიზმიდან წიდები გამოიდევნება. როცა მარილიან საკვებს სითხეს ვაყოლებთ, სისხლძარღვები იტვირთება და წნევაც იწევს...

გისურვებთ ჯანმრთელობას!



მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით