წითელაზე აუცილებლად უნდა აიცრათ!
11-01-2016
წითელაზე აუცილებლად უნდა აიცრათ!
ყველამ იცის, რომ წითელა იოლი დაავადება არ არის და საყოველთაო იმუნიზაციამდე საკმაოდ ხშირად ფატალურადაც მთავრდებოდა.

სამწუხაროდ, ინფექციაზე აცრის აუცილებლობას ბევრი დღესაც საეჭვოდ მიიჩნევს, რის გამოც არც ამჟამადაა გამორიცხული წითელას საბედისწეროდ დასრულების შემთხვევები. ბBევრმა არ იცის, მაგრამ არსებობს აუცრელი წითელას შემდგომი გართულება, რაც წლების შემდეგ საბედისწეროდ ვლინდება. ეს არის პანცეფალიტი, ტვინის ანთება, რომელსაც, სამწუხაროდ, აღარაფერი შველის. უკვე წელიწადში დაახლოებით მისი 6 შემთხვევა ფიქსირდება საქართველოში. ეს კი ჩვენისთანა მცირერიცხოვანი ქვეყნისთვის ძალზე ბევრია.
ჩვენში ისევ დაიწყო აცრების ანტიპროპაგანდა. რატომ არ უნდა ვთქვათ უარი აცრებზე და მათ შორის წითელას აცრებზე, ამის შესახებ ექიმი ნანა ცხომელიძე გვესაუბრება.

წითელას ეპიდემია დაახლო­ებით 2-3 წელიწადში ერთხელ იფეთქებს და ამ დროს ექიმებს ხშირად გვიხდება საუბარი აცრების აუცილებლობაზე. სხვებთან ერთად მეც ვადევნებ თვალს აცრების ანტიპროპაგანდას
სოციალურ ქსელებში. უპირველესად, საუბარია იმაზე, რომ ვაქცინები ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებებს (მაგალითად, ვერცხლისწყალს) შეიცავს და აცრის შემდეგ უარყოფით შედეგს იძლევა. აცრებს შესაძლოა, ახლდეს ალერგიული რეაქციები. სამწუხაროდ, ამ ინფორმაციის გამავრცელებლები არ ფიქრობენ, რა საშიში შედეგი შეიძლება გამოიწვიოს აუცრელობამ. წითელას აუცრელობით შესაძლოა განვითარდეს პანენცეფალიტი - ის ყოველთვის ფატალურად მთავრდება. წითელა ძალზე ძველი და მწვავე ვირუსული დაავადებაა, რომელიც კაცობრიობისთვის მუდამ საშიში იყო და ხშირად მთავრდებოდა სიკვდილით. აცრების შემდეგ ზოგიერთ ქვეყანაში საერთოდ გაქრა წითელას ადგილობრივი შემთხვევა და მხოლოდ შეტანილი ვირუსი რეგისტრირდება.

წითელა ძალზე იოლად ვრცელდება. საუბრისას დაავადებულისაგან ვირუსი ჰაერში ხვდება და თუკი მას შეისუნთქავს აუცრელი, ან ის ადამიანი, რომელსაც არ აქვს გადატანილი წითელა, ავად გახდება. რაც უფრო ადრეულ ასაკში კეთდება აცრა, მით ნაკლებია სენის გართულების რისკი. აცრები იწყება სამშობიაროშივე, დაბადებიდან 0-12 საათში. პირველია ჰეპატიტის საწინააღმდეგო აცრა. მას მე-3-4 დღეს მოჰყვება ტუბერკულოზის საწინააღმდეგო აცრა. 2, 3 და 4 თვისას უკეთდება სამკომპონენტიანი - დიფტერია-ტეტანუსი-ყივანახველას ვაქცინა და პირში ჩასაწვეთებელი პოლიომიელიტის საწინააღმდეგო ცოცხალი ვაქცინა. ერთი წლის ასაკში წითელა-წითურა-ყბაყურას წინააღმდეგ აცრა. სასურველია, სამკომპონენტიანი აცრის დაწყებამდე ბავშვს გაუკეთდეს სისხლის საერთო ანალიზი, გასინჯოს პედიატრმა და ნევროლოგმა.

- ამბობენ, რომ ფასიანი ვაქცინა უფრო ხარისხიანია, ვიდრე უფასო, რომელიც სავალდებულოა და სახელმწიფო აკეთებს.
- ყველა ექიმი დაადასტურებს, რომ საქართველოში სახელმწიფო სექტორში შემოსულ ვაქცინებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აქვს მიღებული დადებითი შეფასება ხარისხის, უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისობაზე. იIსინი მაღალი ხარისხისა და უსაფრთხოებისაა. ერთადერთიG განსხვავება შესაძლოა ის იყოს, რომ სახელმწიფოს შეძენილი ვაქცინა თანმიმდევრობით ითვალისწინებს ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ გარემოს.

- ახსენეთ პანენცეფალიტი, რაც შესაძლოა წითელას აუცრელობამ გამოიწვოს...

- ჯერ იმ შემთხვევებს ჩამოვთვლი, როცა ექიმები ბავშვის გასინჯვის შემდეგ არ ურჩევენ, რომ აცრა გაკეთდეს: ეს არის დადასტურებული ანაფილაქსური რეაქცია ვაქცინის პირველ დოზაზე; ალერგიული რეაქცია იმ ანტიბიოტიკებზე, რომლებიც შედის ვაქცინების შემადგენლობაში; აივ-ინფექციის, შიდსის შემთხვევები; პროგრესირებადი სისტემური და ნევროლოგიური დაავადებები. პანენცეფალიტი არა მხოლოდ მძიმე დაავადებაა, არამედ ძალიან მძიმე თემაც, - ირკვევა, რომ ჩვენში ენცეფალიტის მხოლოდ 3-4 შემთხვევა ფიქსირდებოდა, დღეს კი უკვე 5-6 შემთხვევა აღირიცხება. ენცეფალიტი თავის ტვინის ანთებაა, რომელიც შესაძლოა იყოს პირველი ან მეორეული - რომელიმე დაავადების ფონზე განვითარებული. მეორეული ენცეფალიტი სწორედ აუცრელი წითელასაგან (ასევე ტვინის აბცესის, ტოქსოპლაზმისგან...) ვითარდება. პირველადი ინფექციისაგან პაციენტი თითქოს გამოჯანმრთელდება, სინამდვილეში კი მის ტვინში ვირუსის მიკრობი რჩება, რომელიც წლების შემდეგ იღვიძებს და ტვინის ანთება, ენცეფალიტი იწყება. როცა ენცეფალიტისას ტვინის ორივე ნივთიერება, თეთრიცა და რუხიც ზიანდება და ნადგურდება, ეს უკვე პანენცეფალიტია. გარდა ამისა, აცრა გვარიდებს სხვა არაერთ მძიმე დაავადებასაც, რომელსაც ძალიან მძიმე გართულების გამოწვევა შეუძლია. ესაა დიფტერია, ტეტანუსი, ყივანახველა, წითელა, წითურა, ყბაყურა, პოლიომიელიტი, როტავირუსული ინფექცია... ასე რომ, არავის ვურჩევ, აჰყვეს აცრების ანტიპროპაგანდას.

"ბატონებმა გული მოიჭამა, სნეული გამომჯობინდებაო..."


ბატონები - ქართულ მითოლოგიაში სახადი დაავადებების მომტანი სულების კრებითი სახელია. ცნობილია წითელა ბატონები, ხველა ბატონები (ყივანახველა), დიდი ბატონები (ყვავილი)... ბატონები ძველი ქართული ღვთაების, დიდი დედის, ნანას შვილებად ითვლებოდნენ. ის საშიში სენია და ამიტომ უფრთხოდნენ, ცდილობდნენ, არ გაებრაზებინათ, თორემ შეეძლო, წაეყვანა თავისი რჩეული - ავადმყოფი.

ოჯახში, რომლის ერთ-ერთი წევრიც ავად იყო, ბატონების გასამასპინძლებლად ტკბილეულს ამზადებდნენ, დგამდნენ საჩუქრებით შემკულ ხეს, წითელ კვერცხებს, ანთებდნენ კანდელს, ვარიას ან ყვინჩილას, ბატკანს ან ციკანს (ავადმყოფის სქესის შესაბამისად) წითელი ბაფთებით მოკაზმავდნენ და ავადმყოფის საწოლთან დასვამდნენ (სხვათა შორის, ვიდრე სნეული არ გამომჯობინდებოდა, ფრინველი ან ცხოველი გაუნძრევლად იყო, არც ჭამდა და სვამდა. როცა წამოდგებოდა და გაივლიდა, იტყოდნენ, ბატონებმა გული მოიჭამა, სნეული გამომჯობინდებაო და ასეც ხდებოდა), ავადმყოფის ოთახს წითლად რთავდნენ, იის ფოთლების ნაყენით ნამავდნენ, სნეულს (ანუ ბატონებს - ასევე მიმართავდნენ: ბატონებო, რას ინებებთო), უსუფთავებდნენ თვალებსა და სახეს, ჩონგურზე უმღეროდნენ სარიტუალო სიმღერა-ლოცვას "ბატონებო" ან "იავნანა", აქებდნენ ბატონებს გულის მოსალბობად ("მოუოხეთ, ბატონებო... ლამაზი ბატონებია, ია და ვარდი ჰფენია..."), რომ ავადობას იოლად ჩაევლო. ამ პერიოდში არ შეიძლებოდა ოჯახში ხმამაღალი ლაპარაკი, ჩხუბი, კამათი, რომ ბატონები არ განაწყენებულიყო. ავადმყოფი ითვლებოდა ბატონების კუთვნილებად და მას კრძალვით ეკიდებოდნენ, ყველა სურვილს უსრულებდნენ (მათ მხოლოდ კეთილი სურვილები ჰქონდათ. მაგალითად, ითხოვდნენ მომდურავთა შერიგებას, მავანთა დახმარებას, თანაც მძინარენი ლაპარაკობდნენ...), ცდილობდნენ, მისთვის ესიამოვნებინათ, გაემხიარულებინათ. განკურნების შემდეგ ხდებოდა ბატონების გადალოცვა. სუფთა, უვალ ტყეში მიჰქონდათ ტაბლა, გაუშვებდნენ ბატკანს ან ციკანს, გადააფრენდნენ ქათამს...
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით