ნაბახუსევის საწინააღმდეგო უნიკალური ხალხური რეცეპტი - კვირის პალიტრა

ნაბახუსევის საწინააღმდეგო უნიკალური ხალხური რეცეპტი

სპეციალისტთა რჩევით, ნაბახუსევზე უებარი წამალი ძილია, რადგან თავის ტკივილისა და სხვა დისკომფორტის გადატანა ძილში უფრო იოლია

თკივილს, სისუსტეს, გულისრევის შეგრძნებას ნაბახუსევი იწვევს, რომელიც, სამწუხაროდ, თანამედროვე ქართული სუფრის თანმხლებია. ზოგჯერ ასეთ დროს "ბორჯომი" და "ნაბეღლავი" უძლურია და ექიმის დახმარება ხდება საჭირო. უზომო სმა ორგანიზმისათვის დიდი სტრესია, ღვიძლი უარს ამბობს მიღებული სითხის გადამუშავებაზე და ნაბახუსევიც იწყება. როგორ უნდა დასძლიოს ადამიანმა ეს უსიამოვნო მდგომარეობა? გვესაუბრება მედიცინის დოქტორი დავით ვაშაძე და თან ნაბახუსევის საწინააღმდეგო უნიკალურ ხალხურ რეცეპტს გვთავაზობს:

- სმის დროს ადამიანი დიდი რაოდენობით საკვებს იღებს, ან თითქმის არ ჭამს. ამიტომ მისი კუჭის ფერმენტები არასწორად იხარჯება, მერე კი საჭირო ხდება მათი რეაბილიტაცია. სწორედ ამ დროს იწყება ნაბახუსევი. ადამიანს ნაბახუსევი რომ არ დაეწყოს, საჭიროა სწორი, ნორმირებული კვება და ალკოჰოლის ზომიერად მიღება.

- სუფთა ღვინომაც შეიძლება მიიყვანოს ორგანიზმი ნაბახუსევამდე?

- უზომოდ მიღებული სუფთა ღვინოც უარყოფითად მოქმედებს და წარმოიდგინეთ, როგორ გავლენას მოახდენს ჯანმრთელობაზე ქიმიურად დამუშავებული სასმელი. შეიძლება ადამიანს კუჭის, ღვიძლის ან სხვა შინაგანი ორგანოების პრობლემები არ აწუხებდეს, მაგრამ მაინც მძიმე ნაბახუსევი ჰქონდეს. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახის ალკოჰოლი მიიღო და წლის რომელ პერიოდში.

- სეზონსაც მნიშვნელობა აქვს?

- რა თქმა უნდა. საქართველო ტრადიციული მეღვინეობის ქვეყანაა და ძველმა ქართველებმა კარგად იცოდნენ, რომელი სასმელი უნდა დაელიათ წლის ამა თუ იმ პერიოდში: ეს იქნებოდა მშრალი, ნახევრად მშრალი თუ ძლიერი ღვინო. მარხვის შემდეგ ორგანიზმი ერთბაშად რომ არ გადატვირთულიყო, შედარებით მსუბუქ ღვინოს მიირთმევდნენ. ამის გამო ღვინისგან გამოწვეული პრობლემები ნაკლებად აწუხებდათ. დღეს ამ წესებს არავინ იცავს, ამიტომ, სასმელი ჩვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს. ნაბახუსევის შემდეგ სწრაფი რეაბილიტაციისთვის წამალი ძნელი შესარჩევია, რადგან ზოგს შეიძლება ღვიძლი, კუჭი ან ნაღველი აწუხებდეს. ამიტომ წამალი მაინც ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს. ნაბახუსევს კვალიფიციური ექიმი იოლად ხსნის. თუ ადამიანს პათოლოგიურად დაავადებული ღვიძლი ან რომელიმე სხვა ორგანო აქვს, მისთვის ნაბახუსევის მოხსნა უფრო რთულია.

- სომელიეები ყველას ურჩევენ, რომ სხვადასხვა ღვინოს სხვადასხვა კერძი უნდა მიატანონ, რომ ნაბახუსევისგან თავი დაიცვან.

- ქართული ღვინო იმით არის უნიკალური, რომ თითქმის ყველა კერძს მიესადაგება. ამიტომ ჩვენთან ღვინის სხვადასხვა კერძთან შეხამება აუცილებელი სულაც არ არის, მთავარი ზომიერების დაცვაა. სხვათა შორის, საქართველოში ყოველთვის გვყავდა ე.წ. სომელიე, რომელსაც ჭაშნაგირი ერქვა, ეს სახელწოდება ძველი ქართული სიტყვის - "ჭაშნიკისაგან" მოდის. ამიტომ ვიხმაროთ უცხოურის ნაცვლად ეს დალოცვილი ქართული სიტყვა. სხვათა შორის, მე მეორე სპეციალობაც მაქვს - მეღვინე ვარ და კარგად ვიცი, რომ ევროპული წესით დაყენებული ღვინო იგივეა, რაც იმერული წესით დაყენებული.

- ამბობთ, რომ არსებობს ნაბახუსევის უძველესი ქართული წამალი, რომელიც უებარია...

- ეს მეთოდი სამედიცინო პრაქტიკაშიც გამოცდილი გვაქვს. მას ძალიან კარგი შედეგი აქვს: უნდა დავკრიფოთ ნებისმიერი რაოდენობის ყურძნის მტევნები აგვისტოში, როცა ყურძენი უკვე მწიფობას იწყებს და გამოვწუროთ წვენი. ერთ ლიტრ წვენზე ვამატებთ 300 გრამ შაქარს და ვადუღებთ მომინანქრებულ ჭურჭელში, ვიდრე შესქელდება. ეს წვენი წლობით ინახება. ნაბახუსევზე ადამიანს შეუძლია, ეს ბადაგი გახსნას წყალში და დალიოს, ნაბახუსევი მაშინვე იხსნება. ეს არის წამალი, რომელიც ღვიძლის ფუნქციურ რეაბილიტაციას ახდენს. ერთი სუფრის კოვზი წვენი უნდა გავხსნათ 200-300 გრამ წყალში და ნაბახუსევზე მივიღოთ დღეში 2-3-ჯერ. ნაბახუსევზე ასევე სასურველია ზომიერად მივიღოთ საკვები, რომელიც ბევრ აქტიურ ფერმენტს შეიცავს, მაგალითად, ხორცის ნახარში, ბულიონი და ა.შ... ეს იწვევს ორგანიზმის ფუნქციურ რეაბილიტაციას და ნაბახუსევიც მალე ქრება. თუ სმის დროს ზომიერებას დავიცავთ და ამ ნაყენსაც დავამატებთ, ნაბახუსევი საერთოდ აღარ შეგვაწუხებს.

P.S. სპეციალისტთა რჩევით, ნაბახუსევზე უებარი წამალი ძილია, რადგან თავის ტკივილისა და სხვა დისკომფორტის გადატანა ძილში უფრო იოლია. რაკი ამ დროს ორგანიზმი გაუწყლოებას განიცდის, ჭარბად სვით სითხე, მაგრამ არა წყალი, უმჯობესია წვენები და კომპოტი, რომელიც შეიცავს მინერალური ნივთიერებების კომპლექსს და სწრაფად დაგაყენებთ ფეხზე. განსაკუთრებით ეფექტიანია ვაშლისა და ყურძნის წვენი. ასევე მარგებელია მწვანე ჩაი, რომელშიც სასურველია აურიოთ ლიმონის წვენი და თაფლი. მიირთვით რძე და კეფირი - მათში შემავალი ცილები გაანეიტრალებს ნაწლავებში დაგროვილ მავნე ნივთიერებებსა და ტოქსინებს.

ზაფხულობით, ნაბახუსევის დასაძლევად შესანიშნავი საშუალებაა საზამთრო: გარდა იმისა, რომ საზამთრო სითხის წყაროა, ჭარბად შეიცავს მაგნიუმს, რომლის მწვავე უკმარისობას განიცდის ადამიანის ორგანიზმი ამ დროს. უმეტესობამ იცის, რომ ნაბახუსევზე კარგია კიტრის ან კომბოსტოს მწნილის მიღებაც. მიიღეთ თბილი შხაპი და დაისვენეთ, - გვირჩევენ ექიმები.

ხათუნა ჩიგოგიძე