საქართველოში ე.წ. ღორის გრიპი გააქტიურდა
25-01-2016
საქართველოში ე.წ. ღორის გრიპი გააქტიურდა
"ეპიდემიური მდგომარეობა დაფიქსირდება მაშინ, როცა 100 000 კაცზე ავადმყოფთა რაოდენობა 500-ს გადააჭარბებს"


ე. წ. "ღორის გრიპმა", ანუ­ H1N1 ვი­რუსმა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი პანიკაში ჩააგდო. საქმე იქამდე მივიდა, რომ ზოგიერთმა მშობელმა შვილი შინ გამოკეტა; ზოგიც სახლის კედლებსა თუ ავეჯს ყოველდღე ქლორით ასუფთავებს, რითაც ოჯახში ე. წ. "ღორის გრიპით" გამოწვეულ პანიკას უფრო ამძაფრებს. ამასობაში H1N1-ის ვირუსით სამი ადამიანი გარდაიცვალა
- 40 წლამდე ასაკის მამაკაცი თბილისში, შუახნის მამაკაცი ქუთაისში და ქალბატონი - ზუგდიდში. H3N2 შტამის ვირუსით
კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა. დაავადების თუნდაც ერთი ფატალურად დასრულების შემთხვევა კი უკვე დიდი ტრაგედიაა. ვირუსის გავრცელების მასშტაბებსა და ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე საუბარი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ექიმ-ეპიდემიოლოგ ირაკლი ქარსელაძეს ვთხოვეთ.

- H1N1-ის ვირუსით ქვეყანაში უკვე 3 ადამიანი გარდაიცვალა. სამედიცინო გამოძახებები კი იმდენად გახშირდა, რომ ჯანმრთელობის მინისტრმა სამედიცინო სამსახურების მენეჯერებს მოუწოდა, - სამსახურებრივი ავტომანქანებიდან ჩამობრძანდით და გამოძახებებზე გაუშვით, მეც მზად ვარ, ასე მოვიქცეო... საზოგადოება ამიტომაც მიჩნევს, რომ მდგომარეობა მძიმეა.

- კარგ მთქმელს კარგი გამგონი უნდა! მინისტრმა თქვა, - მძიმე ავადმყოფთან სამედიცინო საშუალებებით აღჭურვილი სასწრაფოები უნდა წავიდეს, ცხელი გამოძახებების რისკჯგუფის პაციენტებთან კი მსუბუქი ავტომანქანები და შიგ ოჯახის ექიმი უნდა იჯდესო. ე.წ. "ღორის გრიპი", დღევანდელი მდგომარეობით, ქვეყანაში მოცირკულირე სეზონური გრიპის ვირუსია. სეზონური გრიპის დროს, როგორც წესი, გამოძახება იზრდება, მაგრამ მისი მართვა ოჯახის ექიმს შეუძლია, სასწრაფო კი უნდა წავიდეს მძიმე ავადმყოფთან.

- სასწრაფო გამოძახებების სისტემაში კატასტროფული მდგომარეობაა, სასწრაფო პაციენტთან 2-3 საათის დაგვიანებითაც კი მიდის, რაც დიდი რისკია მდგომარეობის ფატალურად დამთავრების თვალსაზრისთ.
- პრობლემა ჯანმრთელობის სამინისტროს პრეროგატივაში შედის. თუმცა სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ჩვენი ჯანმრთელობის სისტემა მზად არის, სეზონური გრიპის ვირუსით დაავადებულ ნებისმიერ პაციენტს მიხედოს. სასწრაფო დახმარებისთვის მიმართვა აუცილებელია, როცა ტემპერატურა თუნდაც ერთ დღის განმავლობაში არის 38 გრადუსზე მეტი და მეორე დღესაც ასე გრძელდება.

- ბრძანეთ, H1N1 მხოლოდ მოცირკულირე სეზონური ვირუსიაო. ამავე ვირუსის 2009 წლის მსოფლიო პანდემიას დიდი მსხვევერპლი მოჰყვა.

- ვირუსები ყოველ წელი­წადს, გასული წლის მე-40 კვირიდან იწყება და მომდევნო წლის მე-20 კვირას მთავრდება. წელსაც ასეა: ეს არის ჩვეულებრივი სეზონური გრიპი, რომელსაც სამედიცინო ენაზე ა ჯგუფის გრიპის ქვეტიპი, - H1N1 ვირუსი ჰქვია. ყველა ვირუსს შეიძლება ჰქონდეს ცხოველის თუ ფრინველის შტამი, მაგრამ ამ შემთხვევაში ვირუსს აქვს ადამიანური შტამი და არ ხასიათდება ფრინველის ან ცხოველის მაღალპათოგენური შტამით. ამასთანავე, გავრცელების თვალსაზრისით, არ მიიჩნევა ეპიდემიად, მით უფრო პანდემიად. ეპიდემიური მდგომარეობა დაფიქსირდება მაშინ, როცა 100 000 კაცზე ავადმყოფთა რაოდენობა 500-ს გადააჭარბებს. დღევანდელი მდგომარეობით კი ჩვენს ქვეყანაში 100 000 კაცზე ეს ვირუსი დაახლოებით 248 კაცს აქვს.

2009 წელს ეს ვირუსი მართლაც რამდენიმე ქვეყანაში გავრცელდა ვირუსი, რომელსაც იმიტომ უწოდეს "ღორის გრიპი", რომ გამოკვლევებმა აჩვენა მსგავსება იმხანად ჩრდილოეთ ამერიკის ღორებში გავრცელებულ ვირუსთან. შემდგომ კი დადასტურდა, რომ ახალი ვირუსის გენომი ფრინველებსა და ადამიანებში ცირკულირებდა.
ამ ახალი ვირუსის გამკლავება მედიცინას არც იმხანად გასჭირვებია და არც ამჟამად უჭირს, როცა იგი მოცირკულირე ვირუსად იქცა, - ყოველ ვირუსს ახასიათებს ცვალებადი ბუნება და მომდევნო წლებში ზუსტად იმ სახით აღარ ვრცელდება, როგორც დასაწყისში; 2009 წელს ეს ახალი ვირუსი იყო, ახლა კი უკვე მოცირკულირეა. თუმცა იოლი და სახუმარო არანაირი ვირუსი არ არის, ყოველ მათგანს სჭირდება ექიმების კონსულტაციების გათვალისწინება, რათა არ მივიდეს იმ გართულებამდე, რასაც შეიძლება ფატალური დასასრული მოჰყვეს. ამასთანავე, დღევანდელი სეზონური გრიპის სახეობაც ნებისმიერი სეზონური გრიპის ვირუსის მსგავსად, ჰაერ-წვეთოვანი გზით ვრცელდება და ახასიათებს ის ნიშნები რაც სხვა სეზონურ გრიპს, - ტემპერატურის მატება 38 გრადუსზე ზევით; სხეულში მტვრევა, ხველა, ზოგჯერ დიარეა... გართულების შემთხვევაში შეიძლება ფილტვების ანთების ჩამოყალიბებაც. ამიტომაც ვამბობ, როცა ტემპერატურა თუნდაც ერთ დღეს არის 38 გრადუსზე მეტი და მეორე დღესაც იგივე გრძელდება, აუცილებლად ექიმს უნდა მიმართოთ.

- ამ ვირუსით 3 კაცის გარდაცვალება პნევმონიამ გამოიწვია?
- პნევმონია მკურნალობის პროცესს ემორჩილება. ფატალური შემთხვევა გამოიწვია გრიპის გართულებამ და ქრონიკულ დაავადებებზე დართულმა გართულებულმა პნევმონიამ. სამწუხაროდ, ასეთ ფატალურ შემთხვევებს ახლავს ქრონიკული დაავადებები - გარდაცვლილი 3 ადამიანიდან 40 წლამდე მამაკაცს, რამდენადაც მე ვიცი, ღვიძლის ქრონიკული დაავადება ჰქონდა, შუახნის მამაკაცს ჭარბი წონა აწუხებდა, ზუგდიდელი 69 წლის ქალბატონის გარდაცვალებაც ქრონიკული დაავადებების ფონზე დაფიქსირდა. მაგრამ ვიმეორებ, რომ ლეტალური შემთხვევით შეიძლება დასრულდეს ნებისმიერი სახის გრიპის ვისრუსი, თუ ადამიანმა ექიმს დროულად არ მიმართა. სამწუხაროდ, ამას ადასტურებს მეოთხე ადამიანის გარდაცვალება თბილისში, რომელიც გრიპის სრულიად განსხვავებული ვირუსით გარდაიცვალა. დღევანდელი სეზონური გრიპის გავრცელების რისკჯგუფში შედიან: ბავშვები, მოხუცები და ფეხმძიმეები. ვირუსის პროფილაქტიკად კი იმ ჰიგიენური პირობების დაცვა ითვლება, რაც ყველამ იცის, მათ შორის ხელების ხშირი დაბანაც, რადგან სწორედ დაჭუჭყიანებულ ხელებს გადააქვს უამრავი ვირუსი...
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით