სამშობიარო ტკივილების მართვა შესაძლებელია
01-02-2016
სამშობიარო ტკივილების მართვა შესაძლებელია
"თუ ტკივილი უმართავი ხდება, კეთდება ეპიდურალური ანესთეზია. ეს გაუტკივარება გავლენას არ ახდენს მშობიარობის პროცესზე, თუმცა ცოტათი
ახანგრძლივებს მას"


მომავალი დედების ნაწილს სამშობიარო ტკივილის ეშინია. ეს კი ართულებს მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, რაც, შესაბამისად, ორსულობისა და მშობიარობის მიმდინარეობაზე აისახება. არადა, ტკივილის მართვა შესაძლებელია, თანაც გაცნობიერებული მშობიარე თავსაც უკეთ უვლის და ნაყოფსაც.
მომავალი დედებისათვის უაღრესად საინტერესო თემაზე - სამშობიარო ტკივილის მართვაზე ვესაუბრეთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების
ინსტიტუტის დირექტორს, მეან-გინეკოლოგს, პროფესორ ზაზა ბოხუას:


- მშობიარობა ქალის ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ეტაპია. ქალს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს რეალობა. როდესაც მომავალმა დედამ იცის, თუ როდის და როგორ მიმდინარეობს ორსულობა და მშობიარობა, მით უმეტეს, ამ პროცესში თუ მომავალი მამაც არის ჩართული, ქალს ნაკლებად აქვს შიშის საფუძველი, მომზადებული ხვდება
ცხოვრების ახალ ეტაპს. სწორედ ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს ექიმთან დროულად მისვლას, მეან-გინეკოლოგის მიერ ორსულობის პერიოდის სწორად და რაციონალურად წარმართვას.
მომავალი დედა და მისი ახლობლები სრულყოფილად უნდა იყვნენ ინფორმირებულნი ორსულობის და მშობიარობის მიმდინარეობაზე. ასეთი მიდგომა მეანსაც უადვილებს საქმეს.
ორსულობა მიმდინარეობს 37-42 კვირა. მშობიარობა კი სამი პერიოდისგან შედგება: პირველი პერიოდი ყველაზე ხანგრძლივია და უფრო მეტად ასოცირდება ტკივილთან. ამ პერიოდში იწყება რეგულარული ტკივილი, მცირდება ტკივილებს შორის შუალედი და მატულობს ტკივილის ინტენსივობა. ამ დროს მეუღლის თანადგომა მშობიარეს ძალიან სჭირდება და ეხმარება. მშობიარობის მიმდინარეობასა და მათ შორის ტკივილის ხასიათს მეანი, რაღა თქმა უნდა, თვალს ადევნებს და პროცესს მართავს, საჭიროების შემთხვევაში ჩაერევა ხოლმე. ეს პერიოდი საშვილოსნოს ყელის სრული გახსნით სრულდება. შემდეგ იწყება მეორე პერიოდი - საშვილოსნოს ყელის სრული გახსნიდან ნაყოფის დაბადებამდე. ეს დრო ჭინთვებსა და ახალშობილის პირველ ყვირილთან, ტირილთან ასოცირდება, ქალი დედა ხდება. არაჩვეულებრივი გრძნობაა ამ მომენტის ხილვა. წარმოიდგინეთ, რა სიხარულია, როდესაც ამ მომენტს დედასთან ერთად მამაც იზიარებს. მესამე პერიოდი კი იწყება ნაყოფის დაბადებიდან და მომყოლის გამოძევებით მთავრდება. ამ პერიოდის გადალახვაში დედას სწორედ ახალშობილი შვილი ეხმარება და ამხნევებს, პატარები ამ დროს დედის გულზე წვანან, დედასაც უმსუბუქებენ მდგომარეობას და დედის გულზე განაბულები თავადაც ახალ გარემოს ეჩვევიან.
ასე რომ, მშობიარის განწყობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომაც ვეკითხებით მათ კლინიკაში შემოსვლისას, თუ ჩაუტარდათ ფსიქოპროფილაქტიკა, ქალთა კონსულტაციაში აღრიცხვაზე იყვნენ თუ არა, "მშობელთა სკოლაში"დადიოდნენ თუ არა. ორსულს ექვსი სავალდებულო ვიზიტი აქვს მეან-გინეკოლოგთან, აქვს შესაძლებლობა, იაროს მშობელთა სკოლაშიც, სადაც ყველაფერზე უყვებიან, მათ შორის ტკივილზეც. სასურველია, მშობელთა სკოლაში მეუღლეებმა იარონ...
ტკივილის მართვისათვის წინ გადადგმული ნაბიჯია ოჯახის წევრის დასწრება მშობიარობაზე, თუ ოჯახის წევრიც მზად არის ფსიქოლოგიურად, მან იცის, როგორ უნდა ისუნთქოს მშობიარემ და ეხმარება მითითებების შესრულებაში.
ის, რაც ხშირად გაუსაძლისი ტკივილი ჰგონიათ, მხოლოდ ემოციური ფაქტორია... მქონდა შემთხვევა, როცა მშობიარე ითხოვდა, რამე გამიკეთეთ, რომ აღარ მტკიოდესო. მაშინ ჯერ კიდევ არ არსებობდა გაუტკივარება. მის დასამშვიდებლად ექთანს ვთხოვე, გაეკეთებინა უბრალოდ საინიექციო წყალი. მშობიარე დამშვიდდა - აღარ მტკივაო, გამოაცხადა...

- ხშირად ორსულები ტკივილის შიშის გამო საკეისრო კვეთას ითხოვენ...

- საკეისრო კვეთა ოპერაციაა, ის უკვე ფიზიოლოგიური აღარ არის, მას პათოლოგიური მშობიარობა ჰქვია. რაღა თქმა უნდა, მისი გართულებები უფრო მაღალია, ვიდრე ფიზიოლოგიური მშობიარობისა. როცა კარგად უხსნი, რა უპირატესობა აქვს ფიზიოლოგიურ მშობიარობას, აუცილებლად იგებენ...
სწორი კომუნიკაცია პაციენტთან ექიმის პრეროგატივაა. პაციენტს მის ენაზე უნდა ესაუბრო.

- არსებობს აზრი, რომ გახანგრძლივებულ ტკივილებს შეიძლება მშობიარობის შემდგომი ფსიქიკური პრობლემები დაერთოს თან...
- ტკივილი გახანგრძლივებულია თუ არა, ამას მეანი აკონტროლებს. თუ მართლა არის ტკივილი, რომელიც უმართავი ხდება, კეთდება ეპიდურალური ანესთეზია - ტკივილის გაყუჩება. ეს გაუტკივარება გავლენას არ ახდენს მშობიარობის პროცესზე, თუმცა ცოტათი ახანგრძლივებს მას.
ორსულობა და მშობია­რობა ორგანიზმისთვის სერიოზული დატვირთვაა, ამი­ტომ ორსულობებს შორის შუალედი მინიმუმ ორი წელიწადი მაინც უნდა იყოს. ორსულობისას ხდება ორგანიზმის მთლიანად გადაწყობა, ადაპტაცია ახალ მდგომარეობასთან, ორგანოთა სისტემები განსხვავებული რეჟიმით იწყებენ ფუნქციონირებას, უფრო ინტენსიურად, უკვე ორისათვის.... ქალის ორგანიზმის ის შინაგანი სისტემები, რომელთაც ახალ მდგომარეობასთან ადაპტაციისათვის საკმარისი რეზერვი არ აღმოაჩნებათ, ამ დროს თავს შეგვახსენებენ, ანუ შესაძლებელია, სხვადასხვა დაავადებამ იჩინოს თავი...
არსებობს ორსულობით გამოწვეული ჰიპერტენზია (მაღალი წნევა), რომელიც ორსულობის მე-20 კვირის შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს, მშობიარობიდან 6 თვის მერე კი გაქრეს. ასევეა ორსულობის დიაბეტიც, რომელიც 6 თვის მერე ქრება (სტატისტიკით - მხოლოდ 25% რჩება), თუმცა ენდოკრინოლოგთან ვიზიტი აუცილებელია. ორსულობამ შეიძლება გამოიწვიოს ლოგინობის შემდეგ ფსიქოზი. ეს გახლავთ ორგანიზმის მიდრეკილების პროვოცირება ორსულობისა და მშობიარობის გამო. მსგავსი შემთხვევები ძალიან იშვიათია...
დაბოლოს, კარგია, როცა ოჯახის დაგეგმვა ხდება. მომავალი მშობლები შვილის გაჩენისთვის მზადებას ქალის დაორსულებამდე იწყებენ, ჯანმრთელობის თვალსაზრისით და ფსიქოლოგიურად მზად ხვდებიან ახალი სიცოცხლის დაბადებას.

ლელა ჯიყაშვილი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით