ემუქრება თუ არა საქართველოს ღორის გრიპზე უფრო საშიში ვირუსები
08-02-2016
ემუქრება თუ არა საქართველოს ღორის გრიპზე უფრო საშიში ვირუსები
მსოფლიოში გავრცელების მზარდი ტენდენციის გამო "ზიკა" ვირუსით გამოწვეული დაავადებები საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა.


"ზიკას" დაავადების პირველი შემთხვევა დარეგისტრირდა ბრაზილიაში 2015 წლის მაისში. დაავადება გავრცელდა ქვეყნის 18 შტატში, ასევე მეზობელ ქვეყნებში -კოლუმბიაში, სალვადორში, გვატემალაში, მექსიკაში, პანამაში, პარაგვაიში, სურინამიში, ჰონდურასსა და ვენესუელაში. ევროპაში 2015 წელს აღრიცხულია ერთი სურინამიდან იმპორტირებული შემთხვევა ნიდერლანდებში, ხოლო 2016 წელს - ერთი შეტანილი შემთხვევა ჰაიტიდან გერმანიაში.

"ზიკა" ვირუსით ინფიცირებულთა შორის 4-5-ს შესაძლოა, არ გამოაჩნდეს ვირუსისთვის
დამახასიათებელი სიმპტომები. დაავადება უმეტესად მიმდინარეობს მსუბუქად და არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას.

ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი, გარდა იმ ნაბიჯებისა, რომელიც უკვე გადადგა, მუშაობს ორსულთათვის რეკომენდაციების მიწოდებაზე, დაწყებულია მუშაობა "ზიკა" ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე, ავითარებს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საშუალებებს.

ზუსტად რომ გაგვერკვია, წარმოადგენს თუ არა ვირუსი საქართველოსთვის საფრთხეს, "კვირის
პალიტრა" დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილეს, პაატა იმნაძეს დაუკავშირდა.


- მართალია, ვირუსი მხოლოდ ბრაზილიასა და ამერიკაშია გავრცელებული, მაგრამ სრულიად შესაძლებელია, საქართველოშიც შემოიტანოს ინფიცირებულმა ტურისტმა; თუმცა, ეს არ არის საშიში ვირუსი. ჯერჯერობით ჩვენს ქვეყანაში მსგავსი შემთხვევები არ დაფიქსირებულა, მაგრამ, როგორც ცნობილია, საბერძნეთში უკვე ოფიციალურად გამოაცხადეს, რომ მოსახლეობამ, განსაკუთრებით ორსულებმა, ყურადღება მიაქციონ მწერების ნაკბენს. რადგან ჩვენ უამრავი ემიგრანტი გვყავს, მოსალოდნელია, ვირუსი საქართველოშიც შემოვიდეს. სწორედ ამის გამო დაიწყო საუბარი ამ ვირუსის ჩვენში გავრცელების საშიშროებაზე.

- როგორ უნდა მოვახდინოთ პრევენცია?
- ისე უნდა ვუმკურნალოთ, როგორც კოღოს ნაკბენს. მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში უკვე რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, ის საშიშროებას ჯერ მაინც არ წარმოადგენს. სრულიად განსხვავებული შემთხვევა გვაქვს H1N1-თან - აღინიშნება ლაბორატორიულად დადასტურებული ფაქტების მატება, თუმცა ეს მაინც არ არის პანიკის მიზეზი. გრიპის შემთხვევათა მატების ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ ორსულებმა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებმა, მათ შორის დიაბეტიანებმა. მოერიდეთ მასობრივი თავშეყრის ადგილებს, გრიპის სიმპტომების გამოჩენისთანავე უნდა მიმართოთ ექიმს.

თუ გაქვს მაღალი ტემპერატურა, თავის, კუნთების, სახსრების და ყელის ტკივილი, დარჩით შინ, მოერიდეთ ჯანმრთელ ადამიანებთან კონტაქტს.
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდება ისეთი სიმპტომები, როგორიც არის სუნთქვის გართულება, ქოშინი, ცხვირ-ტუჩის მიდამოს ციანოზი, მოვარდისფრო სისხლიანი ნახველი, ლეთარგია, ჩვილ ბავშვებში - ძუძუს წოვის შეუძლებლობა, გაუწყლოება. სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს. შესაძლოა, დაგჭირდეთ ჰოსპიტალიზაცია და სპეციფიკური მკურნალობა.

- H1N1 ვირუსის შემდეგ არსებობს თუ არა სხვა სახიფათო ვირუსები?

- A კატეგორიისა და C კატეგორიის ვირუსები. A კატეგორიის ვირუსებში შედის H1N1 ე.წ. ღორის გრიპი, გრიპის გავრცელების თავისებურებებიდან გამომდინარე, საქართველოში ლოგიკურია მომდევნო კვირებში გაგრძელდეს შემთხვევათა მატება, გავრცელებული იქნება კვლავ A /H1p, რომელსაც ახასიათებს გავრცელების მეტი ინტენსივობა და მძიმე შემთხვევების გამოწვევის უნარი პრაქტიკულად ჯანმრთელ მოსახლეობაშიც კი. გრიპის სხვა ტიპის ვირუსების ცირკულაცია არ გამოვლენილა, თუმცა როგორც H1N1 ქმნის საფრთხეს, მსგავსი თვისებები ახასიათებს ასევე A კატეგორიის ვირუსს H3N2. რა თქმა უნდა, ამას გარდა არსებობს სხვა გრიპებიც, ისინი C კატეგორიას განეკუთვნებიან და საფრთხეს არ წარმოადგენენ. მათ, როგორც ყველა გრიპს, იწვევს ვირუსები და აუცილებელია, ჰიგიენის მარტივი წესების დაცვასთან ერთად, ვაკონტროლოთ ჩვენი ჯანმრთელობა.

H1N1 და H3N2 გრიპების განსხვავება რთულია, მათ მსგავსი სიმპტომები ახასიათებთ, ორივე იწვევს ხველებას, მაღალ სიცხეს, კუნთებისა და თავის ტკივილს, მოდუნებას. თუმცა, გრიპის გავრცელების ინტენსივობა საქართველოში ეპიდემიოლოგიურ ზღვარს არ აჭარბებს და შეადგენს 357-ს - 100 000 მოსახლეზე, საქართველოში H1N1-ით გამოწვეული 8 ლეტალური შემთხვევაა დაფიქსირებული.

ვირუსი "ზიკა"

ზიკა ვირუსი (ZIKA) მიეკუთვნება Flaviviridae-ს ოჯახს. ვირუსი გადაეცემა სხვადასხვა სახეობის კოღოს ნაკბენით^ (ინკუბაციური პერიოდი - 3-12 დღე), სქესობრივი კონტაქტით. ზიკა ვირუსი იწვევს საშუალო სიმძიმის ცხელებით მიმდინარე დაავადებას, რომელიც ცნობილია ზიკას დაავადების სახელწოდებით – ძიკა დისეასე. დაავადების შემთხვევები აღწერილია 1947 წლიდან აფრიკასა და აზიაში, ხოლო 2000 წლიდან - ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში.
ვირუსს ახასიათებს: ცხელება, თავის ტკივილი, ზურგის ტკივილი, გამონაყარი, კონიუნქტივიტი. ყოველი ხუთი შემთხვევიდან მხოლოდ ერთში არის გამოხატული სიმპტომები, რომელიც გრძელდება 2-7 დღე. პრევენციისათვის ვაქცინა­ ან სპეციფიკური მედიკამენტი არ არსებობს.


ევროპული ქვეყნები ზიკა ვირუსის რისკის ქვეშ იმყოფებიან


ესპანეთმა დაადასტურა ინფორმაცია, ქვეყანაში ზიკა ვირუსით ინფიცირების შემთხვევის შესახებ. BBC-ის ინფორმაციით, ვირუსი ფეხმძიმე ქალს აქვს, რომელიც ცოტა ხნის წინ კოლუმბიაში მოგზაურობდა. სავარაუდოდ, სწორედ კოლუმბიაში დაინფიცირდა ის ზიკა ვირუსით.

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ფეხმძიმე ქალი კატალონიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონში იმყოფება. მის გარდა, ესპანეთში ზიკა ვირუსით დაავადების კიდევ ექვსი შემთხვევა დაფიქსირდა. ყველა მათგანი ქვეყნის გარეთ დაავადდა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის ცნობით, ზიკა ვირუსის გამავრცელებელი კოღო საქართველოში შავი ზღვის პირას ბინადრობს. კოღოს გავრცელების გეოგრაფიულ რუკაზეც ნაჩვენებია, რომ ამ მწერს საქართველოს ტერიტორიიდან აქვს წარმომავლობა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, ევროპული ქვეყნები, სადაც ზიკას"გამავრცელებელი კოღოა წარმოდგენილი, ვირუსის რისკის ქვეშ იმყოფებიან. ამ ეტაპზე დაავადება თავს არ იჩენს, რადგანაც ზამთრის სეზონზე კოღოები აქტიურები არ არიან. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული რეგიონის დირექტორის განცხადებით, დროა, ევროპულმა ქვეყნებმა დაავადების გავრცელების რისკის შემცირებაზე დაიწყონ მუშაობა.

ეკა გადახაბაძე
lali
12 თებერვალი 2016 15:48
ღორის გრიპზე არის სიკვდილიანობა და არ ამბობენ.

რედაქტორის რჩევით