გაზაფხულზე ავიტამინოზი მეტად იჩენს თავს - კვირის პალიტრა

გაზაფხულზე ავიტამინოზი მეტად იჩენს თავს

ყველამ იცის, რომ ზამთრის შემდეგ, გაზაფხულის პირზე სასურველია ორგანიზმს ვიტამინები შევაშველოთ. ვიტამინების დეფიციტს ხალხი ზოგადად ავიტამინოზს უწოდებს. ექიმთა განმარტებით, ორგანიზმისთვის აუცილებელი ცალკეული ვიტამინის ნაკლებობა ქმნის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

თმის ცვენისა და ფრჩხილების მტვრევის გარდა, ბევრი სხვა კლინიკური ნიშანი არსებობს, რამაც შესაძლოა ჰიპოვიტამინოზზე, ანუ ვიტამინების ნაკლებობაზე დაგვაფიქროს.

მარინა ჩიქოვანი (მედიცინის დოქტორი, დოცენტი): - ჰიპოვიტამინოზის ორი ფორმა არსებობს - ეგზოგენური ანუ გარეგანი და ენდოგენური, იგივე შინაგანი. ალიმენტური ანუ ეგზოგენური ჰიპოვიტამინოზი ვითარდება საკვებთან ერთად ვიტამინების შემცირებული რაოდენობით მიღებისას. მაშინ, როდესაც ბავშვს ხანგრძლივად აძლევენ ერთფეროვან საკვებს, მაგალითად, მხოლოდ ძროხის რძეს. ამ შემთხვევაში ვითარდება  C ვიტამინის, B ჯგუფის ვიტამინების, PP და დ ვიტამინების დეფიციტი; ან როდესაც ჩვილის კვების რაციონში გვიან ჩაერთვება დამატებითი საკვები ბოსტნეულის, წვენების სახით. ვიტამინების დეფიციტის მიზეზი შესაძლოა იყოს საკვების არასწორად მომზადება, მისი არასაკმარისი ან ჭარბი მიღება.

მაგალითად, როდესაც ჭარბი რაოდენობით იღებენ ნახშირწყლებს რაფინირებული, მაღალკალორიული პროდუქტის სახით; როდესაც ორგანიზმი იტვირთება შაქრით, თეთრი პურით ან საკონდიტრო ნაწარმით.

ჰიპოვიტამინოზი შესაძლოა განვითარდეს სხვადასხვა მედიკამენტის გამოყენებისას, როგორიცაა: სულფანამიდები, ფენობარმიტალი და სხვ.

ჰიპოვიტამინოზების მეორე ფორმა, რომელიც შინაგანს გულისხმობს, შესაძლოა განვითარდეს ორი მიზეზის გამო - ვიტამინების ნაწილობრივი დაშლით საჭმლის მომნელებელ ტრაქტში ან ორგანიზმში მისი შეწოვის დარღვევით. ენდოგენური ჰიპოვიტამინოზის მიზეზი შესაძლოა იყოს კუჭის დაავადებები, ხელშემწყობ ფაქტორად ითვლება დაბალი მჟავიანობა. ვიტამინების დეფიციტის ხელშემწყობ ფაქტორებში განიხილება ასევე ნაღვლის ბუშტის პათოლოგიები, როდესაც არასაკმარისი რაოდენობით მიეწოდება ნაღველი ან ხდება სანაღვლე გზების ატრეზია (ეს ხშირად ახალშობილობის ასაკში ვითარდება), ან შედარებით გვიან პერიოდში ნაღველ-კენჭოვანი დაავადების, ქრონიკული ჰეპატიტებისა და ციროზების დროს.

- ვიტამინების დეფიციტი უფრო მეტად გაზაფხულზე ვლინდება?

- საერთოდ გაზაფხულზე ჰიპოვიტამინოზის გამოვლენა უფრო ხშირია, რადგან ბუნებრივი გზით მიღებული საშუალებები - ხილი და ბოსტნეული აღარ შეიცავს ვიტამინების დიდ მარაგს. ზამთარში ამ ვიტამინების ერთი ნაწილის დაშლა ხდება. შესაბამისად, ორგანიზმი ვეღარ მარაგდება ვიტამინების სასურველი რაოდენობით. რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს ის ვირუსული ინფექციები, რომლის გადატანაც უხდება ადამიანს შემოდგომიდან გაზაფხულამდე. ესეც იმუნოდეფიციტის განმაპირობებელი გარემოებაა, რაც ავიტამინოზით ვლინდება.

- გაზაფხულის პირზე ხშირად აღინიშნება თმის ცვენა, ფრჩხილების დაზიანება, აქერცვლა...

- სხვადასხვა ვიტამინის დეფიციტის დროს კლინიკური გამოვლენა სხვადასხვაგვარია და კარგია თუ ამის შესახებ მოსახლეობა ინფორმირებული იქნება. მაგალითად, B6 ვიტამინის (ფოლიის მჟავა) დეფიციტის დროს შესაძლოა განვითარდეს სტომატიტი, წყლულოვანი გასტრიტი, სებორეული დერმატიტი, შესაძლოა აღინიშნოს ჩამორჩენა ფიზიკურ განვითარებაში, ასევე ფსიქიკური განვითარების შეფერხება. რაც შეეხება B12 ვიტამინის დეფიციტს, ამ შემთხვევაში გვხვდება სწორედ თმის ცვენა, დიარეა, ატროფიული გასტრიტის მოვლენები, აწეული მგრძნობელობა. B5 ვიტამინის ნაკლებობას ახასიათებს გაღიზიანებადობა, ადვილი დაღლილობა, აღინიშნება თითებში წვის შეგრძნება, ზოგჯერ კრუნჩხვებიც, დასაშვებია თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობაც. რაც შეეხება PP ვიტამინის, ანუ ნიკოტინის მჟავას დეფიციტს ორგანიზმში, ასეთ დროს ხშირად ვითარდება პელაგრა. ავადმყოფს დამატებით შესაძლოა აწუხებდეს ტუჩების სიმშრალე, სტომატიტი და სხვ.

B B ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობის დროს შესაძლოა ადამიანს ჩაეხლიჩოს ხმა, დასუსტდეს მისი კუნთოვანი აპარატი, აღენიშნებოდეს გულის საზღვრების გაფართოება, რასაც თან სდევს ტაქიკარდია, ქოშინი და გულ-სისხლძარღვთა სისტემის უკმარისობა (შეგუბებითი ტიპის). პირის კუთხეებში ნახეთქების არსებობაც, რაც დღეს საკმაოდ ხშირად გვხვდება, ვიტამინების ნაკლებობით არის გამოწვეული. B6 ვიტამინის ნაკლებობის დროს ჭარბობს მადის დაქვეითება, მოუსვენრობა, გაღიზიანება და ეპილეფსიის მსგავსი გულყრები. ე ვიტამინის, ანუ ტოკოფერონის ნაკლებობა შესაძლოა განვითარდეს რკინის შემცველი პრეპარატების ჭარბი გამოყენების, დამწვრობის დროს. კლინიკა ამ ვიტამინის დეფიციტისას შესაძლოა გამოხატული იყოს ნევროლოგიური აშლილობით, რასაც მოსდევს სიარულის მანერის შეცვლა, თვალის მამოძრავებელი კუნთის პარეზი და სხვ. A ვიტამინის, ანუ რეტინოლის დეფიციტის დროს კლინიკურად პაციენტი ავლენს სინათლის შიშს, ვითარდება ღამის სიბრმავე, კანის სიფერმკრთალე, მიდრეკილება კანზე ჩირქგროვისა და ფერიმჭამელებისკენ, აღინიშნება ფრჩხილების ადვილად მტვრევადობა და იცვლება შარდის შეფერილობა. ძალზე საინტერესოა ბავშვთა ასაკში  D ვიტამინის დეფიციტი, რომელიც შესაძლოა განვითარდეს როგორც პირველადი, ასევე მეორადი გარემოებების ხელშეწყობით.

მაგალითად, მიზეზი შესაძლოა იყოს მზის სხივების და სუფთა ჰაერზე ყოფნის ნაკლებობა. მოგეხსენებათ, რომ ორგანიზმში ამ ვიტამინის სინთეზი ხდება მზის სხივების ზემოქმედებით. D ვიტამინის დეფიციტის გამომწვევი ფაქტორი შესაძლოა იყოს საკვები, რომელიც ღარიბია ამ ვიტამინის შემცველი ნივთიერებებით. მაგალითად, ხანგრძლივად ვეგეტარიანულ საკვებზე ყოფნა, რომელიც ფაქტობრივად არ შეიცავს ცხოველურ ცილებს.  D ვიტამინის დეფიციტს ასევე შესაძლოა იწვევდეს ეკოლოგიური, ფსიქოსოციალური ფაქტორები. მაგალითად, როდესაც ოჯახში ყურადღება არ ექცევა ფიზიკური აღზრდის ელემენტებს - მასაჟს, ფიზკულტურას; როდესაც ძვლოვანი სტრუქტურა ნაკლებად მარაგდება სისხლით.

- როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან ვიტამინების დეფიციტი?

- პრევენცია და პროფილაქტიკა ამ შემთხვევაში არის კვების რაციონის დარეგულირება, მისი გამდიდრება ხილითა და ბოსტნეულით. აღნიშნულს განსაკუთრებით უნდა მივაქციოთ ყურადღება გაზაფხულის დამდეგს, როდესაც ჰიპოვიტამინოზი აქტიურდება. ადრეული ასაკის ბავშვის რაციონი, თუ მას ადაპტირებულ საკვებს აძლევენ, სასურველია გამდიდრებული იყოს როგორც  D , ასევე სხვა ვიტამინების შემცველობით. გასათვალისწინებელია ბავშვის მოთხოვნილება ცალკეულ ვიტამინზე. ვიტამინების დეფიციტი და დისბალანსი ღრმავდება სხვადასხვა ინფექციური დაავადების დროს, რომლებიც მიმდინარეობს მაღალი ტემპერატურით. ამიტომ, ასეთ დროს უფრო უნდა გავაძლიეროთ როგორც მზა ვიტამინების, ასევე ვიტამინებით გამდიდრებული საკვების მიღება.