რატომ არის მოზარდი ორგანიზმისთვის ხორცი აუცილებელი
22-02-2016
რატომ არის მოზარდი ორგანიზმისთვის ხორცი აუცილებელი
ზოგიერთი ბავშვი და მოზარდი ხორცს არ ჭამს - არ უყვართ და მშობლებიც ვერ აძალებენ.

არადა, ხორცი აუცილებელი პროდუქტია მოზარდი ორგანიზმისთვის. ადამიანი, რომელიც მხოლოდ მცენარეული პროდუქტებით იკვებება, ცილების, რკინისა და გარკვეული ვიტამინების დეფიციტს განიცდის. ცილა კი მოზარდი ორგანიზმის ძირითადი და უმთავრესი აგურია. თუ ზრდასრული ადამიანი ცხოველური ცილის დეფიციტს მცენარეულით (ძირითადად პარკოსნებით) ივსებს და ეს საკმაოდ რთულია, ბავშვების შემთხვევაში ეს პრაქტიკულად ვერ ხერხდება და, სამწუხაროდ, მოზარდებს ამის საფუძველზე სერიოზული ძვრები და პრობლემები
ექმნებათ.

გახსოვდეთ, მოზარდ ორგანიზმს განსაკუთრებით ბევრი ცილა სჭირდება, მაგალითად, 1-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვმა ყოველდღიურად საკვებიდან 4,0-4,5 გრამი ცილა უნდა მიიღოს სხეულის მასის ყოველ კილოგრამზე. ყველაზე მაღალი ათვისებადობა კი სწორედ ცხოველურ ცილას აქვს (90%-მდე). თუ ბავშვი ხორცის გარდა კვერცხსა და რძის ნაწარმსაც არ ჭამს, ეს
კიდევ უფრო მძიმედ აისახება მის ჯანმრთელობაზე, რადგან გამოდის, რომ ბავშვი პრაქტიკულად სრულიად მოკლებულია ცხოველურ ცილას. მეორე პრობლემა, რომელიც ამ ფონზე ვითარდება - რკინის დეფიციტია. რკინის რეალური წყარო არა ხილი ან კენკრა, არამედ სწორედ ხორცეულია. თევზისა და ხორცის არამოყვარულ ბავშვებს ჰემოგლობინის დაბალი შემცველობა აღენიშნებათ. ისინი ფერმკრთალნი არიან, სისუსტესა და ადვილად დაღლას გრძნობენ. მესამე პრობლემა, რომელიც ხორცეულზე უარის თქმის შემთხვევაში იჩენს თავს, B12 ვიტამინის დეფიციტია. ეს ვიტამინი ნერვული და სისხლმბადი სისტემების ნორმალურ ფუნქციობაზეა პასუხისმგებელი. მცენარეულ პროდუქტებში B12 ვიტამინი პრაქტიკულად არ შედის. და კიდევ, იმისათვის, რომ მოზარდმა ორგანიზმმა კალციუმისა და თუთიის სათანადო რაოდენობა მიიღოს, საკმაოდ დიდი რაოდენობით მცენარეული საკვები უნდა მიირთვას ყოველდღიურად (ეს კი, როგორც წესი, არ ხდება), რადგან ხილსა და ბოსტნეულში ეს ელემენტები უფრო ნაკლებია, ვიდრე რეალურად ხორცში.
ასე რომ, მიაქციეთ ყურადღება თქვენი პატარების საკვებ რაციონს. შეეცადეთ, შეაყვაროთ მათ ხორცი, კვერცხი, თევზი და რძის ნაწარმი. გახსოვდეთ, ჯანსაღი და სწორი კვება ჯანმრთელობის საფუძველია!
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით