"ისე მტკიოდა, ცრემლები ვეღარ შევიკავე. ექიმმა დამცინავად მკითხა, რა გატირებსო..."
29-02-2016
"ისე მტკიოდა, ცრემლები ვეღარ შევიკავე. ექიმმა დამცინავად მკითხა, რა გატირებსო..."
რამდენიმე წლის წინათ, როდესაც მარცხენა ფეხის წვივში სისხლძარღვი გამიწყდა, ერთ-ერთ ცნობილ კლინიკაში აღმოვჩნდი.

გასივებული ფეხი ისე მტკიოდა, რომ დოპლერის (სისხლძარღვების ექოსკოპიით კვლევა) დროს ცრემლები ვეღარ შევიკავე. ექიმმა დამცინავად მკითხა, რა გატირებსო, მტკივა-მეთქი. მოითმინეო, დამარიგა, ნაცვლად იმისა, გამაყუჩებელი გაეკეთებინა. მის გულგრილობას ჩემი საყვედური მოჰყვა, რაც კამათში გადაიზარდა, მაგრამ როგორც კი ექიმს ჩასჩურჩულეს, რომ ჟურნალისტი ვიყავი, მრავალმნიშვნელოვნად წარმოთქმული ააა-ს შემდეგ გაჩუმდა, მერე კი, მიუხედავად იმისა, რომ დაავადების სპეციფიკიდან გამომდინარე, მისი პაციენტი ვიყავი,
განაცხადა, ჩემი პაციენტი არა ხართ, სავარაუდოდ, სისხლძარღვის თანდაყოლილი კისტა გქონდათ და ონკოლოგს უნდა მიმართოთო. აღარ მოვყვები მძიმე თავგადასავალს, რომელიც მტკივანი ფეხის გამო ექიმებთან გადამხდა. შედეგად, მარცხენა ფეხის წვივი მარჯვენაზე მსხვილია და დროდადრო ტკივილისგან ფეხის დადგმაც მიჭირს. სამწუხაროდ, ეს ერთი ამბავია მრავალთა შორის, რომელიც მე, ჩემი
ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ან თუნდაც ჩვენი გაზეთის მკითხველებს ზოგიერთი ექიმის უვიცობის ან გულგრილობის გამო გადაგვხდენია.

ბოლო წლებში ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 15-05-ზე დარეკვით მალევე ვაგვარებ პრობლემას, თუმცა მოქალაქეთა უმრავლესობამ ცხელი ხაზის ნომერი არ იცის, ვინც იცის, იმათი პრეტენზიები ზოგიერთ კლინიკაში არ აღელვებთ,­ ზოგიერთი ექიმი კი აგდებულად გეუბნება, თუ გინდა, ცხელ ხაზზე კი არა, პრეზიდენტთან დარეკეო.

"კვირის პალიტრა" შეეცადა ჯანდაცვის სამინისტროს დახმარებით გაერკვია, ვის უნდა მიმართოს, როგორ შეიძლება პაციენტმა ან მისმა ჭირისუფალმა დროულად მიიღოს დახმარება მაშინ, როცა სამედიცინო დაწესებულება ან მედპერსონალი ჰიპოკრატეს ფიცს და "სამედიცინო მომსახურების შესახებ" კანონს უგულებელყოფს.
ნათია ნოღაიდელი, ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის რეგულირების სამმართველოს უფროსი: - თუ მოქალაქე მიიჩნევს, რომ არასწორად უმკურნალეს, შეუძლია იჩივლოს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში, თუ სამედიცინო მომსახურების გაწევისას შეცდომა დადასტურდა, აუცილებლად დადგება ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი. ამის მექანიზმი ძალიან მკაფიოა და პრობლემის დასარეგულირებელი პროცედურები კანონით არის გაწერილი.

- არის შემთხვევები, როდესაც პაციენტს მიაჩნია, რომ ცუდად ემსახურებიან და სხვა კლინიკაში გადასვლის უფლებას ექიმები არ აძლევენ.
- ამ შემთხვევაში პაციენტს არჩევანის უფლებას ართმევენ და შეუძლია სასამართლოს მიმართოს.

- კრიტიკულ ვითარებაში როგორ მოვიქცეთ?
- უნდა დარეკოთ 15-05-ზე და აუცილებლად მიიღებთ კონსულტაციას, რა უფლებები გაქვთ და შეგიძლიათ თუ არა შეიცვალოთ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი, ექიმი და ა.შ. პაციენტს არჩევანის უფლება აქვს ყველა შემთხვევაში, გარდა ერთისა, როდესაც პაციენტი უმძიმესია, იქ ლაპარაკი ზედმეტია სხვაგან გადაყვანაზე, რადგან უმთავრესია მისი გადარჩენა. კარგი იქნება, პაციენტების გასათვითცნობიერებლად მეტი საინფორმაციო ბანერი იყოს სამედიცინო დაწესებულებებში, უნდა იყოს მითითებული ცხელი ხაზის ნომერი.

- ზოგიერთ რეგიონში პაციენტების გაუთვითცნობიერებლობით სარგებლობენ და ისეთ მომსახურებაში ახდევინებენ თანხას, რაც ჯანდაცვის საყოველთაო დაზღვევის პროგრამით უფასოა.

- სამედიცინო დაწესებულება, რომელიც მონაწილეობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, ვალდებულია როგორც გეგმურ, ისე გადაუდებელ კომპონენტში პაციენტისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია თვალსაჩინო ადგილზე განათავსოს. თუ ასე არ არის, როდესაც მარეგულირებელი აღმოაჩენს დარღვევას, ის დაწესებულება აუცილებლად დაჯარიმდება. თუმცა მარეგულირებელი ყოველდღე ყველა კლინიკას ვერ გააკონტროლებს. ამიტომაც უნდა შეიქმნას სამკუთხედი, ჯანდაცვის სამინისტროს, მომხმარებლისა და არასამთავრობო სექტორის, მედიის სახით და ყველამ ერთად გააკონტროლოს სამედიცინო კლინიკების ვალდებულებები. ყველაზე მნიშვნელოვანია პაციენტის გათვითცნობიერება, რაშიც მედიამ უნდა ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი. ასევე საჭიროა დამატებითი ბერკეტების გამოძებნა, რათა სამედიცინო დაწესებულებებმა კანონმდებლობაში ჩადებული მარეგულირებელი ნორმები ვერ უგულებელყონ.

- დასკვნის სახით შეიძლება ვთქვათ, რომ მხსნელი არის 15-05?
- როდესაც ამ ნომერზე რეკავენ, ვეხმარებით პაციენტებს, ლოკალურადაც და ინდივიდუალურადაც ვუგვარებთ პრობლემებს. ამიტომ, თუ მათი, როგორც პაციენტის უფლებები ირღვევა, გამოიყენონ ცხელ ხაზზე დარეკვის უფლება. შედეგს თუ ვერ მიიღებენ, მოგმართონ თქვენ, იჩივლონ სასამართლოში.

იხილეთ ასევე: "ბავშვი გალურჯდა, ხელი რომ მოვკიდე, გაციებული იყო" - რატომ ადანაშაულებს კომაში მყოფი 17 წლის გოგონას ოჯახი ექიმებს დაუდევრობაში?

ვერიკო
23 სექტემბერი 2017 01:11
არც 15-05 ზეა საშველი რადგან მათთან დაკავშირებას საათები ჭირდება.
nene
22 სექტემბერი 2017 15:13
ჰიპოკრატე სულ ფეხებზე არ კიდია ამ ზოგიერთ ვაი ექიმს, ამათი ადგილი ჯოჯოხეთშია გამზადებული....

რედაქტორის რჩევით