როგორ დავიცვათ თვალები კომპიუტერის გამოსხივებისგან - კვირის პალიტრა

როგორ დავიცვათ თვალები კომპიუტერის გამოსხივებისგან

"თვალისთვის ტელეფონი და პლანშეტი არანაკლებ საზიანოა, ვიდრე კომპიუტერი"

ჩვენთვის ისევე აუცილებელი გახდა კომპიუტერი, როგორც მობილური ტელეფონი ან ავტომობილი. თუმცა, სიკეთესთან ერთად, კომპიუტერმა ადამიანს ჯანმრთელობის პრობლემებიც მოუტანა. ამის თაობაზე ოფთალმოლოგ ნანა ყაულაშვილს ვესაუბრეთ:

- კომპიუტერი მყარად შემოვიდა ჩვენს ცხოვრებაში და მნიშვნელოვნად გააუმჯობესა იგი, მაგრამ ტექნიკის ამ მიღწევამ მრავალი პრობლემა შეუქმნა ადამიანის ჯანმრთელობას, უპირველესად მხედველობას. დიდი ხნით მონიტორთან ჯდომა იწვევს "კომპიუტერული მხედველობის სინდრომის" სახელით ცნობილ გართულებას. ამას მოჰყვება ჩივილები. ეს ჩივილები ორ ჯგუფად იყოფა: ერთია ასტენოპია ანუ მხედველობითი გადაღლა და მეორე - მშრალი თვალის სინდრომი.

- უფრო დაწვრილებით მოგვიყევით ამ ჩივილებზე.

- ადამიანის თვალი ისეა მოწყობილი, რომ შორს ყურებისას მხედველობა მაქსიმალურად არის მოდუნებული, ახლო მანძილზე ხედვისას თვალის კუნთები აქტიურად მუშაობს. ამ პროცესს აკომოდაცია ეწოდება. კომპიუტერთან მუშაობისას ადამიანი იძულებულია, აკომოდაციური აპარატი დაძაბოს. თვალს ისიც ღლის, რომ ის იძულებულია მზერა გამუდმებით გადაიტანოს მონიტორიდან კლავიატურაზე და პირიქით. ასტენოპიური ჩივილები გამოიხატება მხედველობის დაბინდვით, ფოკუსირების გაძნელებით, კითხვისას თვალების სწრაფი დაღლით, თვალებში სიმძიმის შეგრძნებით, ყოველივე ამან შეიძლება გამოიწვიოს აკომოდაციის სპაზმი და მიოპია ანუ ახლომხედველობა.

თვალის ზედაპირი დაფარულია დამცავ-მკვებავი თხელი აპკით. ჩვეულებრივ შემთხვევაში ადამიანი თვალს წუთში 16-18-ჯერ ახამხამებს, კომპიუტერთან მუშაობისას ხამხამის სიხშირე მცირდება დაახლოებით 5-6-მდე, რაც ხელს უწყობს თვალის აპკის გამოშრობას - ეს გახლავთ მშრალი თვალის სინდრომი. მას ახასიათებს თვალების წვა, თვალში უცხო სხეულის და გამოშრობის შეგრძნება, სინათლის შიში, ცრემლდენა.

- რა უნდა ვიღონოთ მათი გამწვავების შემთხვევაში?

- აუცილებლად უნდა მიაკითხოთ ოფთალმოლოგს, რათა საჭიროების შემთხვევაში შეარჩიოთ სათვალე კომპიუტერთან სამუშაოდ. სასურველია სათვალის მინებს ანტირეფლექსური ზედაპირი ჰქონდეს. მშრალი თვალის სინდრომის თავიდან ასაცილებლად კომპიუტერთან ჯდომისას, ხშირად უნდა ახამხამოთ თვალები. თუკი მშრალი თვალის სინდრომი უკვე გამოხატულია, მაშინ სპეციალური დამატენიანებელი წვეთები - "ხელოვნური ცრემლი" უნდა ჩაიწვეთოთ. ის აღადგენს დარღვეულ ცრემლის აპკს, თორემ შეიძლება განვითარდეს ახლომხედველობა, რომელიც ბავშვებში განსაკუთრებით ხშირად გვხვდება.

- როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, თუ მისი შვილი კომპიუტერს არ შორდება?

- ჩვენი შვილები მართლაც ძალიან მიეჯაჭვნენ კომპიუტერს. ეს ძალიან მავნებელია, რადგან ბავშვის მხედველობა ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის; ამიტომ პატარამ ყოველ ნახევარ საათში უნდა შეასვენოს თვალები 10-15 წუთით მაინც. თანაც, საათობით ერთ მდგომარეობაში ყოფნა აღნაგობაზეც მოქმედებს და თავის ტვინზეც. ასეთი ბავშვები უმეტესად აღგზნებულები არიან, ხშირად აქვთ სქოლიოზიც - მათი ძვლები ხომ ჯერ არ არის ფორმირებული.

- ალბათ თანამედროვე ტექნიკის ბრალიცაა, რომ თვალის დაავადებები ძალიან გაახალგაზრდავდა.

- გეთანხმებით, ბავშვებში ძალიან გახშირდა თვალის დაავადებები, რადგან ისინი 3-4 წლის ასაკიდან სხედან კომპიუტერთან, ან აქვთ ვიწროეკრანიანი ტელეფონი, პლანშეტი, რაც უარესია - კომპიუტერს დიდი ეკრანი მაინც აქვს. მშობლებს უკვირთ, რატომ არიან ჩვენი შვილები ახლომხედველები, როცა არავითარი გენეტიკური განწყობა არა აქვთო...

- როგორ შეიძლება ამ პრობლემების თავიდან აცილება?

- პირველი: სწორად უნდა მოვაწყოთ სამუშაო ადგილი. კერძოდ, მონიტორი თვალიდან მოშორებული უნდა იყოს 35-65 სანტიმეტრით, ხოლო ეკრანის ცენტრი თვალიდან 20-25 სანტიმეტრით დაბლა უნდა მდებარეობდეს. სასურველია, მონიტორის ეკრანი იყოს დიდი. კომპიუტერთან მუშაობის დროს ყოველი 1 საათის შემდეგ თვალები 5-10 წუთით მაინც უნდა დავასვენოთ. ამ დროს სასურველია, ვიყუროთ შორს და გავაკეთოთ სპეციალური თვალის სავარჯიშოები. დღეს ბევრი კითხულობს ვრცელ ტექსტებს კომპიუტერით, თუ ამის საშუალება არის, ჩვეულებრივი წიგნი ვიკითხოთ, იმიტომ, რომ კომპიუტერი ასხივებს და თვალებს ძალიან ღლის. მართალია, თვალს კითხვაც აზიანებს, მაგრამ კომპიუტერი ორმაგად, რადგან მას გამოსხივებაც აქვს.

- დამცავი სათვალე ახსენეთ, მაგრამ ის ბევრს არ შველის.

- სათვალე მხოლოდ და მხოლოდ კომპიუტერის გამოსხივებას ამცირებს, სხვა დანარჩენი, რაც მხედველობაზე ცუდად მოქმედებს, ძალაში რჩება - ის არც აკომოდაციის სპაზმს შველის და არც მიოპიას, რადგან კომპიუტერთან ჯდომისას თვალი მუდმივად დაძაბულია.

შემოგთავაზებთ რამდენიმე სავარჯიშოს: დახუჭეთ თვალები და თვალის კაკლები ამოძრავეთ მარჯვნიდან მარცხნივ და პირიქით - ათჯერ მაინც. ახამხამეთ თვალები 1-2 წუთის განმავლობაში. ასევე სასურველია, მაგრად დახუჭოთ ხან ერთი და ხან მეორე თვალი 3-5 წამის განმავლობაში - ეს თვალებს დატვირთვას შეუმსუბუქებს.

ხათუნა ჩიგოგიძე