ნევროზი - ყველაზე აბსტრაქტული, თუ ყველაზე გაუსაძლისი დაავადება
07-03-2016
ნევროზი - ყველაზე აბსტრაქტული, თუ ყველაზე გაუსაძლისი დაავადება
ნევროზი არარეალური დაავადებაა, რომელიც რეალურ დაავადებებზე მძიმეა!

ბევრი დაახლოებით ამგვარად ახასიათებს ნერვულ აშლილობას, რაც XXI საუკუნის ყველაზე გავრცელებულ სენად ითვლება. მას გარდამავალი ადგილი უჭირავს ნევროლოგიურ და ფსიქიატრიულ დაავადებებს შორის, არ გააჩნია არც ასაკობრივი, არც სიმპტომური ზღვარი. ნევროზის წარმოშობაზე, სიმპტომებსა და მკურნალობაზე ექიმი-ნევროლოგი ნატალია ქებაძე გვესაუბრება.

- ნევროზისას ჩვენი ორგანოები განსაკუთრებულ ანატომიურ ცვლილებებს არ განიცდის, მაგრამ ნერვულ ქსოვილებში მცირე ცვლილებები მაინც ფიქსირდება, ამიტომ ნევროზს ფსიქოორგანულ დაავადებადაც კი მოიხსენიებენ. მისი წარმოშობის მიზეზთა
ნუსხა საკმაოდ გრძელია - ერთჯერადი ფსიქოლოგიური ტრავმით დაწყებული, ქრონიკული კონფლიქტური სიტუაციით დამთავრებული. ზოგადად კი ნევროზი რეაქციაა მისთვის რთულ ან გამოუვალ სიტუაციაზე. ნევროზის წარმოშობას ხელს უწყობს სოციალური ფაქტორებიც - მცირე შემოსავალი, ინფორმაციული გადატვირთვა, აღზრდის თავისებურებები, რიგითი პრობლემები და მრავალი სხვა.

- ამბობენ, ნევროზი უმეტესად ქალებს ემართებათო.

- სტატისტიკური გამოთვლებით, ნევროზით დაავადებულთა 2/3 მართლაც ქალები არიან. სავარაუდოდ, ამის მიზეზი უნდა იყოს ის, რომ ქალს უფრო ხშირად უხდება საოჯახო თუ ყოფით პრობლემებთან შეჯახება. ქალებს უმეტესად უვითარდებათ ვეგეტონევროზი. ვეგეტაციური ნერვული სისტემა კი არეგულირებს ორგანიზმის შინაგანი ორგანოების მოქმედებას, ნივთიერებათა ცვლას. ასე რომ, ადვილი წარმოსადგენია, როგორ შოკურად ვრცელდება მთელ სხეულში ეს დაავადება. სამწუხაროდ, ნევროზი არც ბავშვებს და მამაკაცებს აკლებს ხელს. საკმაოდ რთული სიმპტომია - ადამიანს, რომელსაც რაიმე ორგანული დაავადება არ სჭირს, უეცრად შეიძლება დაემართოს ტაქიკარდია, აეწიოს წნევა, დაეწყოს მუცლის ტკივილი, გაუძნელდეს სუნთქვა და ა.შ. ამ ყველაფერს ხშირად თან სდევს პანიკური აშლილობა და დეპრესია, ზოგჯერ გულყრა, ეპილეფსიისთვის დამახასიათებელი ნიშნები. ამ დროს ავადმყოფს უღებენ ენცეფალოგრამას ან კომპიუტერულ ტომოგრაფიას, რაზეც თავის ტვინის დაზიანების მცირე ნიუანსიც არ ვლინდება.

- ნევროზი ზოგჯერ სიმულაციად მიაჩნიათ, რასაც ნევროზით დაავადებულს უხეშად მიახლიან ხოლმე.
- ასეთი მიდგომა შეცდომაა. \ნევროზით დაავადებული ადამიანის შეტევებს ამ დაავადებისთვის დამახასიათებელი კლინიკური თავისებურებები გააჩნია და თუ მათ სწორად არ მივუდექით, შესაძლოა, მართლაც გამოუსწორებელი შედეგები მოიტანოს.

- ამბობენ, არსებობს ყელის, კუჭის, ნაწლავის და ა.შ. ნევროზებიო...
- ეს გულისხმობს იმ ორგანოს ფუნქციურ მოშლას, ტკივილებსა და სპაზმურ შეტევებს, რომლის ნევროზზეც არის საუბარი, თუმცა ამ დროს მოცემულ ორგანოებს ანატომიური დაზიანებების კვალი არ აღენიშნებათ. ასეთია, მაგალითად, ნევროზული თავის გამუდმებული ტკივილი, რომელიც უმეტესად ქალებს ემართებათ და რომლის დროსაც ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ადამიანს თავზე ჩამომხობილი უცხო სხეული მომაკვდინებლად უჭერს. თუმცაღა, ნევროზისას შესაძლოა ტკივილებზე უფრო ადამიანი დათრგუნოს სულიერმა მდგომარეობამ, სახელდობრ, დეპრესიამ. ადამიანი მუდმივად უგუნებოდ, უიმედოდ არის, ტირის და ყოველგვარ საქმიანობას წყვეტს, აწუხებს საკუთარი უსარგებლობის, დანაშაულის, სიცოცხლის უაზრობის შეგრძნება, რაც ზოგჯერ თვითმკვლელობაზე ფიქრსაც აწყებინებს... ეს ყველაფერი ძნელი ასატანია არა მარტო ნევროზით დაავადებულისთვის, არამედ მისი ოჯახის წევრებისთვისაც. ამიტომაც არის აუცილებელი მიმართოთ ექიმს - ნევროზის მედიკამენტური მკურნალობა არსებობს და შედეგიანიცაა.

- თუმცა, სხვაგვარად ფიქრობენ ფსიქოლოგები თუ საეკლესიო მოღვაწეები, რომლებიც ნევროზით დაავადებულებს ფიზიკურ აქტივობას, ლოცვასა და აღსარებას ურჩევენ.

- არა მგონია, მედიკოსებს მათგან განსხვავებული დამოკიდებულება გვქონდეს. რასაკვირველია, ნევროზით დაავადებულ ადამიანს მხოლოდ წამლები ვერ დაუბრუნებს სრულფასოვან ცხოვრებას, თუ მან გული არ შეიმსუბუქა და ყოველივეს იმ თვალით არ შეხედა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მოძღვრის განდობა და მძიმე ფიქრებისაგან დახსნაც ნევროზის განკურნების ძირითადი ნიშანია.

- რა შეიძლება მოჰყვეს ნევროზს, თუ ადამიანი მას მინებდა?
- ნევროზი იმდენად სერიოზული დაავადებაა, რომ მან შეიძლება ადამიანი სრულად მოსწყვიტოს სამყაროს და ზედმეტობის შიშით შინ გამოკეტოს, უუნარო გახადოს. ამის საშუალება კი ახლობლებმა არ უნდა მისცენ და მდგომარეობიდან ექიმთან ერთად გამოიყვანონ.

- არსებობს მოსაზრება, რომ ნევროზი უფრო მაღალი სოციალური წრის წარმომადგენლებს ემართებათ.
- ნევროზი ყველას ემართება, თუმცა, სტატისტიკით მისი შემთხვევები ქალაქში მეტია, ვიდრე სოფლად. ეს ცხადყოფს, რომ რაც ნაკლებად არის გამოკეტილი ადამიანი დახურულსა და აჩქარებულ სივრცეში, მით მეტია მის ფსიქიკაზე ზეწოლა, რისგან თავის დახსნას, გარემოს შეცვლას თუ ბუნებაში გასვლას დროდადრო აუცილებლად უნდა ვცდილობდეთ.

- ნევროზი იკურნება?
- ცხადია. ოღონდ ამაში ექიმს აუცილებლად პაციენტიც უნდა დაეხმაროს - მას უნდა სჯეროდეს, რომ გამოჯანმრთელდება და ნაწილობრივ შეცვალოს ცხოვრების ძველი წესი, მაგალითად, მისდიოს სპორტს, დაიცვას ძილისა და ღვიძილის რეჟიმი და სწამდეს, რომ ერთ დღეს სიცოცხლით კვლავ გაიხარებს.

qeti
03 მაისი 2018 15:52
gamarjobat.chems meugles aqvs xshirad yelshi moxrchobis grdznoba.aseve marto ro rcheba cudad una gaxdes ase fiqrobs.

რედაქტორის რჩევით