ვიტილიგო - დაავადება, რომლის წარმოშობის მიზეზი უცნობია
14-03-2016
ვიტილიგო - დაავადება, რომლის წარმოშობის მიზეზი უცნობია
ვიტილიგო კანის დაავადებაა, რომელიც მოულოდნელად ვლინდება და ადამიანის გარეგნობას თანდათან ცვლის.

ამ დროს კანზე წარმოიქმნება სხვადასხვა ზომისა და ფორმის ლაქები, რომლებიც თანდათან ფართოვდება, ამიტომ დერმატოლოგები არ გამორიცხავენ, რომ მათ გამო მთელი კანი დაზიანდეს. რით არის გამორჩეული ეს დაავადება და როგორია მისი მკურნალობა? - ამ შეკითხვაზე ექიმი-დერმატოლოგი­ ალექსანდრე თვალჭრელიძე გვიპასუხებს:

- ვიტილიგოს დროს კანზე ჩნდება თეთრი ლაქები. ეს ლაქები განსაკუთრებით მკაფიოდ ჩანს შედარებით მუქ კანზე. ვიტილიგო კანის სტრუქტურას არ ცვლის, ეგ
არის, კანი საკმარისი რაოდენობის პიგმენტს ვერ გამოიმუშავებს. ეს ლაქები ჩნდება პირის გარშემო, ქუთუთოებსა და ტანზე, ხოლო უფრო მძიმე ფორმის დროს მთელ სხეულზე ვრცელდება და წლების განმავლობაში მათ გამო შეიძლება მთელი სხეული გაფერმკრთალდეს.

- თუ არის ცნობილი, რა იწვევს ვიტილიგოს?
- ეს არავინ იცის. ვიტილიგო უცნობი
ეტიოლოგიის დაავადებაა. რა თქმა უნდა, ლაქების გაჩენისთანავე ორგანიზმი უნდა გამოვიკვლიოთ, განსაკუთრებით ფარისებრი ჯირკვალი, მაგრამ თუ ორგანიზმი წესრიგშია, ე. ი. ლაქების წარმოქმნა მხოლოდ ვიტილიგოს ბრალია. ცხადია, გენეტიკაც სერიოზულ როლს ასრულებს. ზოგიერთი ვიტილიგოს მიზეზად სტრესსაც ასახელებს, მაგრამ მასთან ვიტილიგოს პირდაპირი კავშირი არავის დაუმტკიცებია.

- ასაკს თუ აქვს მნიშვნელობა?

- ვიტილიგო ადამიანს შეიძლება ნებისმიერ ასაკში დაეწყოს. თავიდან შეიძლება ერთი კერა გაჩნდეს, რომელიც ძალიან სწრაფად პროგრესირებს, მაგრამ შეიძლება რამდენიმე ადგილზეც გამოვლინდეს. დაავადება მკურნალობას რთულად ექვემდებარება, ამიტომ არ არის გარანტია იმისა, რომ პაციენტი ბოლომდე განიკურნება. ვიტილიგოს მკურნალობის ხერხი მრავალგვარია, მაგრამ ვერც ერთი მათგანი განკურნების გარანტიას ვერ იძლევა. ვიტილიგოს მკურნალობისას გამოიყენება ლაზერის სხივები, ე.წ. პუვა-თერაპია, არსებობს ქირურგიული მეთოდი, რომლის დროსაც პაციენტს მელანოციტებს გადაუნერგავენ, რადგან ისინი არიან პასუხისმგებელი კანის შეფერილობაზე, რაც უფრო მეტი მელანოციტი აქვს ადამიანს, მით მუქი შეფერილობისაა მისი კანი.

სახე და სხეული უფრო ადვილად ემორჩილება მკურნალობას, ვიდრე კიდურები. ვაძლევთ ვიტამინებს, ზოგად გამაჯანსაღებელ წამლებს ანუ ორგანიზმის ფუნქციონირებას, მის კვებას ვაუმჯობესებთ, ვუნიშნავთ შესაბამის კაფსულებს, მალამოებს, მაგრამ იმის გარანტია არ არსებობს, რომ პაციენტს კანზე ახალი ლაქები არ გაუჩნდება.
ვიტილიგო ორგანიზმისთვის საფრთხეს არ წამოადგენს, არც გადამდებია და არც საშიში. მხოლოდ კოსმეტიკურ პრობლემებს ქმნის - ესთეტიკური თვალსაზრისით არის ულამაზო.

- თუ შეიძლება ეს ლაქები თავისით გაქრეს?
- თვითგანკურნების შემთხვევები ძალიან იშვიათია. თუ ლაქები იმის ბრალია, რომ ორგანიზმში რაღაც პათოლოგიას აღმოვაჩენთ, სწორედ ამ პათოლოგიას უნდა ვუმკურნალოთ. ამ დროს შეიძლება ლაქები გაქრეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვიტილიგო თავისით იკურნება და ქრება. შეიძლება ადამიანის ყველა ორგანო წესრიგში იყოს, მაგრამ ვიტილიგო მაინც წარმოიშვას. არსებობს ხალხური მეთოდები, რომლებსაც ზოგიერთი პაციენტი მიმართავს, მაგრამ მათაც ნაკლები ეფექტი აქვთ.
სხვათა შორის, ზოგიერთი დაავადება ძალიან ჰგავს ვიტილიგოს, მაგალითად, პიტირიაზი, რომელიც პლაჟზე გარუჯვის შემდეგ ჩნდება და წამლის წასმის შედეგად თანდათან ქრება. მას, უბრალოდ, ვიტილიგოს მსგავსი სიმპტომები აქვს, მის გამო კანის სტრუქტურა იცვლება და ლაქები ჩნდება, მაგრამ ეს არ არის ვიტილიგო. ზოგჯერ ვიტილიგოს ლაქები თავის თმიან არეზეც ვრცელდება. როდესაც პროცესი თმის ბოლქვებამდე მივა, თმა უფერულდება და თეთრდება. ამ დროს სავსებით ახალგაზრდა ადამიანსაც შეიძლება გაუთეთრდეს თმა.

- ამ დაავადების დროს მზეზე გარუჯვა თუ არის დასაშვები?
- ამ დროს პაციენტებს მზეზე გარუჯვას არ ურჩევენ, რადგან ვიტილიგოს ლაქები მზეზე არ ირუჯება. შეიძლება დაიწვას და ვარდისფერი ელფერი მიიღოს. სხვათა შორის, ეს ხერხი კარგად გვეშველება დიაგნოზის დასმის დროს: თუ პაციენტის კანზე გაჩენილი ლაქები მზეზე არ ირუჯება, ესე იგი, დიდი შანსია, რომ მას ვიტილიგო აქვს. ქერა, ძალიან თეთრკანიანი ადამიანის კანზე თეთრი ლაქები ძნელად ჩანს, შესაბამისად, დერმატოლოგები ამ ხერხს იყენებენ, რადგან გარუჯვის შემდეგ თეთრი ლაქები კანზე უფრო მკვეთრდება. პაციენტებს ისეთ კურორტებზე ვურჩევთ წასვლას, სადაც მზის გამოსხივება ინტენსიური არ არის.

- დაბოლოს, როდის შეიძლება ითქვას, რომ ვიტილიგოს მკურნალობას დადებითი შედეგი მოჰყვა?
- თუ მკურნალობიდან 6-12 თვის განმავლობაში შედეგს ვერ მივიღებთ, ესე იგი, მკურნალობას შედეგი არ მოჰყვა და, შესაძლოა, არც მოჰყვეს. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ვიტილიგო ძალიან პრობლემური დაავადებაა, რომელსაც მსოფლიოში ვერ არჩენენ. რატომ ქრებიან მელანოციტები, ან რა იწვევს ამ უსიამოვნო ლაქებს კანზე - ჯერჯერობით არავინ იცის. ისიც კი არ არის მეცნიერულად გამოკვლეული და დამტკიცებული, ამ ლაქების გაჩენა რაიმე შინაგან პათოლოგიას უკავშირდება თუ არა...

ხათუნა ჩიგოგიძე
Lia
20 ივნისი 2018 01:44
Chem shvils shevamchnie mrgvali tetri laqebi am mrgvali tetri laqrbshi aris katichni ragac xalis magvari tanzr rdenime adgilas xolo zogan sul tetri laqebiaq mainteresebs aris tuara vitiligo
24 ივნისი 2017 17:08
Bavshvs Travis kanze mrgvalad moutetrda adgili aqamde at shemimchnevia kani prialaaa sheidzleba es vitiliko iyos???
aleqsa
16 მაისი 2016 08:07
არის ას პროცენიანი ??

რედაქტორის რჩევით