ჯანმრთელობის კოქტეილი - კვირის პალიტრა

ჯანმრთელობის კოქტეილი

იმუნიტეტის გაძლიერება ღონისძიებათა მთელი წყებისგან შემდგარი ჯაჭვია. უპირველესად ეს გულისხმობს ბალანსირებულ კვებას.

რაციონიდან უნდა ამოვიღოთ ნახევარფაბრიკატები, კონსერვები, მივირთვათ ახალი ხილი, ბოსტნეული, ჩვეულებრივი ჩაის ნაცვლად ვსვათ ასკილის ნაყენი, ქაცვის წვენი.

სინჯეთ ჯანმრთელობის კოქტეილი: ბლენდერში იოგურტთან ერთად გათქვიფეთ ქაცვი, კივი და ბანანი. შეგიძლიათ, დაუმატოთ თაფლიც. მეორე - დღის რეჟიმის მოწესრიგება. ეცადეთ, საკმარისად იძინოთ, რათა ორგანიზმმა ძალის აღდგენა მოასწროს. დასაძინებლად უნდა დაწვეთ ერთსა და იმავე დროს, არა უგვიანეს 23 საათისა. მესამე - ჰიგიენა. ხშირად იბანეთ ხელები საპნით. ასწავლეთ ბავშვსაც ხელების ბანა ყოველი ჭამის წინ, ქუჩიდან შინ დაბრუნებისთანავე, ტუალეტიდან გამოსვლისას. მეოთხე - სუფთა ჰაერი. ხშირად გაანიავეთ ოთახი, რათა ბაქტერიებსა და ვირუსებს დაგროვების საშუალება არ მისცეთ. თუ ოჯახში ბავშვია, სახლი დღეში ოთხჯერ მაინც უნდა გაანიავოთ 5-10 წუთით. ორპირში უფრო სწრაფად განიავდება. ბავშვი კი ამ დროს სხვა ოთახში გაიყვანეთ. ხშირად გაასეირნეთ ბუნების წიაღში. ხშირად მოამზადეთ მთელი ოჯახისთვის ხილის სმუზი: ბლენდერში გათქვიფეთ დაჭრილი ვაშლი, ფორთოხალი, ლიმონი, გრეიპფრუტი, კივი, ბანანი, ასკილის ნაყენი, 1 სადილის კოვზი თაფლი. გადაიღეთ მაღალ, გამჭვირვალე მინის ჭურჭელში, მორთეთ პიტნის ფოთლებით და მიირთვით. გაზაფხულზე ხშირად მოაწყვეთ ოჯახური დღესასწაულები. გაახალისეთ სუფრა ხილის ვიტამინოვანი დესერტით. გაითვალისწინეთ, ბავშვის მზარდ ორგანიზმს უფრო მეტი ვიტამინი და მინერალური ნივთიერება სჭირდება, ვიდრე ზრდასრული ადამიანისას.