გაზაფხული სახსრების მტერი როდია, ანუ რატომ გვიტევს სახსრები გაზაფხულზე
21-03-2016
გაზაფხული სახსრების მტერი როდია, ანუ რატომ გვიტევს სახსრები გაზაფხულზე
ხშირად გაიგონებთ ჩივილს, - რაც გაზაფხული დადგა, სახსრები ერთბაშად ამტკივდაო. თუმცა, სპეციალისტები დიდად არ ემხრობიან იმ აზრს, რომ სახსრებს გაზაფხული ასე საგულდაგულოდ უტევს.

არადა, სახსრების ტკივილი იმდენად გავრცელებულია, რომ გადავწყვიტეთ, ამ პრობლემაზე გვესაუბრა ექიმ რომან ბაზაძესთან.

- გაზაფხულზე მატულობს სახსრების გამო ჩივილი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენს სახსრებეში რაიმე ორგანული ცვლილება ხდება. თუმცა ამ დროს აღინიშნება მოვლენები, რომელიც დაბალი იმუნიტეტის ორგანიზმში სხვა პროცესებს ამწვავებს, მაგალითად, ქრონიკულ დაავადებებს, რომელიც დაკავშირებულია
ორგანიზმში სტრეპტოკოკების გააქტიურებასთან. ასეთია ჩირქოვანი პროცესები - სინუსიტი, ტონზილიტი და ა.შ. ამას სახსრების მგრძნობელობის გამწვავებაც ემატება. გარდა ამისა, ცოცხალი ორგანიზმი ყოველთვის მეტ-ნაკლებად რეაგირებს ამინდის ცვალებადობაზე. ხატოვნად რომ ვთქვათ, ზოგიერთს ასეთი მგრძნობელობით ბარომეტრიც კი ვერ აჯობებს. ასე რომ, გაზაფხულზე სახსრების შეწუხებით ვერ ვიმსჯელებთ ართრიტის ქონა-არქონაზე. თუმცა,
როცა შემაწუხებელი ხდება, ექიმის ჩარევა აუცილებელია.

- რა არის ართრიტი და რა სიმპტომები ახასიათებს?
- ეს არის სახსრის ანთება ანთებისთვის გამოხატული კლინიკური ნიშნებით: შეშუპებით, გაწითლებით და შემაწუხებელი ტკივილით, რასაც ზოგჯერ სახსრის ფორმის შეცვლაც ახლავს. შესაძლოა შეშუპებას თან არ ახლდეს ტკივილი. სამწუხაროდ, ართრიტი არსებობს ბავშვებშიც. მათ შორის ყველაზე ხშირია რევმატული ართრიტი, რაშიც მთელი ორგანიზმია ჩარეული და შეიძლება დასრულდეს ინვალიდობით. სამწუხაროდ, მისი მიზეზი არ არის დადგენილი. თუმცა ერთ-ერთ მიზეზად აქაც ითვლება ოჯახის გენეტიკური მიდრეკილება, ნარკოტიკების, ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების გავლენა...
ძალიან ხშირად სახსრის დაავადებებს სტიმულირებას აძლევს ბრტყელტერფიანობა, რისი დაძლევაც მხოლოდ ბავშვობის ასაკშია შესაძლებელი. ეს დედებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ და ბავშვი დროზე აჩვენონ სპეციალისტს, დაიცვან ყველა ის წესი, რასაც ექიმი ბრტყელტერფიანობის დაძლევასთან დაკავშირებით ურჩევს.

- ტერმინ "ართრიტს" იმდენად ჰგავს "ართროზი", რომ ხშირად მათ ერთმანეთში ურევენ, - სახსრების ტკივილს ზოგი ართროზს აბრალებს, ზოგი კი ართრიტს.
- ართროზი არის სახსრის ზედაპირის ხრტილოვანი ნაწილის დაზიანება და უმეტესად შეიმჩნევა ხანდაზმულ ასაკში; თუმცაღა სპორტსმენებს შეიძლება გაუჩნდეთ მუხლის სახსარში. მაგალითად, მას მიეკუთვნება ძვლოვანი წანაზარდები თითებზე, ქუსლებზე და ა. შ. სხვათა შორის, ართროზის გამომწვევ მიზეზთა შორის გენეტიკაც მნიშვნელოვნად ფიგურირებს. მას აგრეთვე იწვევს მორფოლოგიური, ბიოქიმიური, მოლეკულური ცვლილებები...

- გარდა წამლებისა, სახსრების ტკივილის დაძლევა რით შეიძლება?
- პირველი ფსიქოლოგიური მეთოდია, - არც ერთი დავადებისას, მათ შორის, სახსრებისას, არ შეიძლება გამუდმებული ფიქრი ტკივილზე. არადა, ხშირად ის ხალხი, რომელსაც სახსარი აწუხებს, მხოლოდ დისკომფორტზე ფიქრობს და შედეგად დეპრესია ემართება. არაერთი ექსპერიმენტია ჩატარებული იმის შესახებ, რომ ართრიტების დროს ანტიდეპრესანტების მიღება მხოლოდ დეპრესიისგან კი არ კურნავს პაციენტს, არამედ ტკივილსაც ასუსტებს. ეს იმის დამსახურებაა, რომ განწყობა გამოკეთდა, ქცევა შეიცვალა, ადამიანს საკუთარი თავის რწმენა დაუბრუნდა და ტკივილის პრობლემამაც უკან გადაიწია.

სახსრების პრობლემის მქონეთ, საყოფაცხოვრებო პირობების გამარტივებაც არ აწყენდათ - ნივთები, რომლებსაც ყველაზე ხშირად იყენებენ, ადვილად მისაწვდომი უნდა იყოს. სახსრის ტკივილისას მკვეთრი მოძრაობები და მით უფრო მძიმე ტვირთის აწევა, ორგანიზმს უფრო ავნებს. ზოგჯერ რამდენიმე დღეც კი ნახევრად მწოლიარე მდგომარეობაში ყოფნა საკმარისია, რომ ორგანიზმის მდგომარეობა გაუმჯობესდეს; ასევე კარგია ცხოვრების წესის შეცვლა. სახსარი მექანიზმივითაა, თუ დიდხანს დარჩა უმოქმედოდ, ერთ მშვენიერ დღეს მისი ამუშავება ძალიან გაჭირდება... აუცილებელია წონის დაკლება - ეს სახსრის დატვირთვას ამცირებს...
ძალიან კარგია ცურვა და სეირნობა, რაც გაზარმაცებულ სახსრებსა და კუნთებს ამუშავებს. მსუბუქი ვარჯიშები კი შვებაა, მაგრამ ის სპეციალისტმა უნდა შეარჩიოს. მით უმეტეს, თუ სახსარი უკვე დაზიანებულია და ტრავმის რისკი მაღალია.

არსებობს სამი ტიპის ვარჯიშები, რომლებიც სახსრის ფუნქციაზე სხვადასხვანაირად მოქმედებს: ერთი სახეობა მობილურობას აუმჯობესებს, მეორე - ძალას მატებს, ხოლო მესამე ტიპის ვარჯიშები არა მხოლოდ სახსრების, არამედ ორგანიზმის ზოგად მოძლიერებას უწყობს ხელს.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით