წამალდამოკიდებულება - XXI საუკუნის სენი - კვირის პალიტრა

წამალდამოკიდებულება - XXI საუკუნის სენი

წამალდამოკიდებულება თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი უმძიმესი სენია. ის გულისხმობს დაუძლეველ, არაბუნებრივ ლტოლვას სხვადასხვა ფსიქოაქტიური და გამაბრუებელი ნივთიერებების მიმართ. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ეს დაავადება ძალიან გაახალგაზრდავებულია. ამის თაობაზე ექიმი-ნარკოლოგი მარინა მურდალაშვილი გვესაუბრება:

- წამალდამოკიდებულება ფართო ცნებაა და მოიცავს უამრავ ფსიქოტროპულ და ფსიქოაქტიურ ნივთიერებას, რომელზეც ადამიანი დამოკიდებული ხდება - ესაა ალკოჰოლი, საძილე საშუალებები, კანაბინოიდები, სტიმულატორები, ჰალუცინოგენები, თამბაქო... ამავე დროს, ადამიანი შეიძლება ერთდროულად იღებდეს სხვადასხვა ჯგუფის ფსიქოაქტიურ საშუალებებს, რომლებიც დამოკიდებულებას იწვევენ. სამწუხაროდ, ბოლო წლებში ალკოჰოლიზმიც კი გაახალგაზრდავდა.

- თუ არის შესწავლილი, რა იწვევს ამგვარ დამოკიდებულებას?

- წამალდამოკიდებულებას იწვევს სოციალური, ბიოლოგიური, გენეტიკური ფაქტორები. ძალზე საყურადღებოა მუცლადყოფნის პერიოდში, ან ახალშობილობისა და მოზარდობის ასაკში მიღებული ფიზიკური თუ სულიერი ტრავმები. დიდ როლს ასრულებს სკოლა, თანატოლების წრე და ოჯახი: თუ ოჯახში არაჯანსაღი გარემოა, რომელიმე ოჯახის წევრი ალკოჰოლზე ან ნარკოტიკზეა დამოკიდებული, უფრო მეტია ალბათობა, რომ მოზარდმა მას მიბაძოს. არანაკლები ზეგავლენა აქვს თანატოლების წრესაც. თავიდან ზოგიერთი გამაბრუებელ ნივთიერებებს რეალობისგან გასაქცევად იყენებს, ან ვიღაცის წაქეზებითა და მიბაძვით. ჩემს პაციენტებსაც უთქვამთ: რაღაც პრობლემის დასავიწყებლად შევიყნოსე ან დავლიეო. მერე კი მას თანდათან ეჩვევიან. წამალდამოკიდებულების ჩამოყალიბების ვადა (ფიზიკური და ფსიქიკური) არც ისე ხანგრძლივია - გამაბრუებელი, ან დამამშვიდებელი ნივთიერების აქტიური მოხმარების დროს - 1-დან 2 წლამდე, ზოგჯერ 5-6 თვეშიც კი.

- როგორ უნდა შეატყოს მშობელმა, რომ მისი შვილი უკვე წამალდამოკიდებულია?

- ასეთ დროს მოზარდს აშკარად ეტყობა ცვლილება ქცევებში, თუმცა საქმეს ის ართულებს, რომ ხშირად ეს პროცესი გარდატეხის ასაკს ემთხვევა და არ ვიცით რას მივაწეროთ ეს ცვლილებები. ამიტომ, უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს მისი თითოეული ნაბიჯიც კი: მშობელი უნდა დაინტერესდეს, რატომ დააგვიანდა სახლში, რატომ აღარ სწავლობს ისე, ან რატომ უხეშობს, რატომ შეიცვალა გარეგნობა ან თანატოლთა წრე... ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემა საკმაოდ ადვილია, თუ უფრო ახლოს ვიქნებით ჩვენს შვილებთან და მათი მეგობრები გავხდებით. თუ შვილის სხეულზე ნანემსარი ნახეთ, ან ტანსაცმელს უსიამოვნო სუნი ასდის, დაეჭვების საფუძველი გაქვთ. საწყის ეტაპზე ქცევით თერაპიას უფრო დადებითი შედეგები მოაქვს: გარემოს შეცვლით, მოზარდისადმი გულისხმიერი, მეგობრული დამოკიდებულებით ბევრ რამეს შეცვლით. ამ ასაკში ფსიქოლოგიური თერაპია უფრო შედეგიანია, ვიდრე მკურნალობა.

- რატომ გაახალგაზრდავდა წამალდამოკიდებულების ასაკი?

- ვფიქრობ, რომ ეს სააფთიაქო ნარკომანიის ბრალია: ფსიქოტროპული და ფსიქოაქტიური ნივთიერებები, რომლებიც აფთიაქში იყიდება, წლების განმავლობაში ხელმისაწვდომი იყო, ამან ხელი შეუწყო მოზარდების წამალდამოკიდებულებას. 8, 10, 12 წლის დაავადებულებიც კი გვინახავს. თანაც ისინი ჩვეულებრივ ოჯახებში იზრდებიან. ეს ნივთიერებები ახლა ისე ხელმისაწვდომი აღარ არის, რეცეპტით გაიცემა, მაგრამ სააფთიაქო ნარკომანიის შემთხვევები არ შემცირებულა: დაიხურება ერთი აფთიაქი, მაგრამ იხსნება მეორე. ეს სფერო უფრო მკაცრ კონტროლს საჭიროებს, რადგან გარდა ფსიქოტროპული და ფსიქოაქტიური ნივთიერებებისა, არის ნივთიერებები, რომლებიც თავის ტვინზე ისევე აქტიურად მოქმედებენ, როგორც საძილე და ფსიქოტროპული პრეპარატები. ვითარდება ამ პრეპარატებზე საკმაოდ მძიმე დამოკიდებულება თავისი გართულებებით: იწყება ტვინის ატროფია, კრუნჩხვები, ფსიქოლოგიური და ფიზიკური პრობლემები, რასაც ადამიანის პიროვნული დეგრადაცია მოჰყვება. ამიტომ, სახელმწიფო სტრუქტურები, ოჯახი, სკოლა, ახლობლები - ყველა უნდა ჩაერთოს ამ პრობლემის მოგვარებაში.

ხათუნა ჩიგოგიძე