თმის ცვენა და ფიტოთერაპია - როგორ გადავირჩინოთ სილამაზე! - კვირის პალიტრა

თმის ცვენა და ფიტოთერაპია - როგორ გადავირჩინოთ სილამაზე!

დაბინძურებულმა გარემომ, სტრესებმა თუ მატერიალურმა გაჭირვებამ ჩვენს თმასაც შეუტია. იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომელსაც თმის ცვენა არ ადარდებდეს. თუმცა ამ პრობლემის სამედიცინო პრეპარატებით მკურნალობა მაინცდამაინც შედეგიანი არ გახლავთ. არადა, სხვა ფუნქციებთან ერთად თმა ჩვენი გამლამაზებელიცაა. ამიტომ ხშირად გვეკითხებიან ამ თემაზე. თმაზე, მასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და მათ მოგვარებაზე გვესაუბრება ცნობილი ფიტოთერაპევტი ცისანა მჭედლიძე - როგორც ცნობილია, ფიტოთერაპია ამ სფეროში ოდითგანვე ითვლება უებარ საშუალებად.

- ზოგჯერ თმის ცვენით შეწუხებული ადამიანი უამრავ გამოკვლევას იტარებს, მაგრამ მიზეზს ვერ პოულობს და ფიტოთერაპიას მიმართავს.

- ფიტოთერაპიის გააქტიურება ჯანმრთელობის ამ თუ სხვა სფეროში ოფიციალური მედიცინის უძლურებამ განაპირობა. განსაკუთრებული ცოდნა არ არის საჭირო იმის მისახვედრად, რომ შელახულ ჯანმრთელობას ხშირად რომელიმე მცენარე რგებს. ბუნებრივი ანტიბიოტიკები კი ქართული სამზარეულოს ორგანული ნაწილია.

- ნიორზე ბრძანებთ?

- არა მარტო: ნიორი, ხახვი, თაფლი, მწნილები, ქონდარი... რომ არა ჯადოსნური მცენარეები, უთმოდ დავრჩებოდი.

- რას ამბობთ?!

- სტუდენტობის დროს უცებ თმის ცვენა დამეწყო. ყველა ექიმი რომ მოვიარე და საშველი აღარ იყო, ბებიაჩემის მცენარეული წამლები გამახსენდა, რომელთაც მაშინ არაფრად ვაგდებდი. თმის ცვენის შემაჩერებელი მცენარეების მოსაძებნად მთელი წყნეთი და კიკეთი მოვიარე და 3 თვის შემდეგ ჩემს თავზე ამოსულ თმას რომ შევხედე, სიხარულით ავტირდი.

თმის ცვენის მიზეზი უმთავრესად სტრესია. მაგალითად, ხშირად მქონია შემთხვევა, როცა ავტოკატასტროფებში გადარჩენილ ადამიანებს მოუმართავთ თმის ბუდობრივი ცვენის სამკურნალოდ. ცხადია, სტრესის გარდა, არსებობს სხვა მიზეზებიც და მათგან უმთავრესი საკვებია (როცა ორგანიზმს საკმარისი რაოდენობით არ მიეწოდება რკინა, ვიტამინები და მინერალები) ასევე, - ენდოკრინული სისტემის პათოლოგიები.

თმის ბუდობრივი ცვენისას თმის ფოლიკულები იმდენად არის დაზიანებული, რომ თმის ცვენის არეალში აღარც არსებობს. თუმცაღა, თავის კანზე არანაირი ორგანული დაზიანება არ შეიმჩნევა. აი, ამ დროს არის სწორედ ძალიან ეფექტიანი ფიტოთერაპია - თმის ცვენის მკურნალობა ორგანიზმისთვის ვიტამინებისა და მინერალების მიწოდებასთან ერთად, ადგილზე ფოლიკულების აღდგენით იწყება და ამისთვის არსებობს ბუნებრივი მალამოები.

- თმის ცვენას ასევე იწვევს კანის გავრცელებული დაავადება - სებორეა. ამ შემთხვევაში თუ ხდება ფიტოთერაპიით თმის ცვენის მკურნალობა?

- რასაკვირველია. სებორეა კანის ფუნქციური მდგომარეობის ცვლილებაა, რომელსაც ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქციის დარღვევა იწვევს. ეს კი მეტად ხელსაყრელია კანზე მიკროორგანიზმების გამრავლებისა და ანთების განვითარებისათვის. სებორეა სქესობრივი მომწიფების პერიოდში უსაფრთხოა, რადგან თან ერთვის ორგანიზმის ჰორმონულ გადაწყობას, რომლის დასრულების შემდეგ ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობა ნორმას უბრუნდება; როცა ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქცია კუჭ-ნაწლავის დაავადებებით ან ენდოკრინული მოშლილობით არის განპირობებული, ამ ორგანოების მკურნალობასთან ერთად, აუცილებელიც კი არის თმის ფიტოთერაპია. მშრალი ან ცხიმოვანი სებორეა შეიძლება გამოიწვიოს თმის საშრობის ხშირმა გამოყენებამ, თმის შეღებვამ, ზოგიერთმა შამპუნმა - სამწუხაროდ, ჩვენში შემოსული მრავალი შამპუნი შეიცავს შხამიან ასაქაფებელ ნივთიერებებს, რაც ბევრმა არ იცის.

- როგორ უნდა განვასხვაოთ მშრალი და ცხიმოვანი სებორეა?

- ცხიმოვანი სებორეა არ არის ძნელი ამოსაცნობი. ამ დროს თმა ისე ცხიმიანდება, რომ თუ ხშირად არ დაიბანეთ, ზოგჯერ ყოველდღეც, თმის ღერები ერთმანეთს ეწებება. პარალელურად, თმა ცვივა კიდეც. ამავე დროს, კანის ცხიმის ჭარბი გამოყოფა იწვევს კანის უჯრედების გარქოვანებას და ჩნდება ქერტლი.

მშრალ სებორეას ახასიათებს ცხიმის გამოყოფის შემცირება. ამის გამო თმა შრება, თხელდება, მტვრევადი ხდება, ბოლოებში იყოფა და წვრილი ქერტლიც ჩნდება.

თუ ცხიმოვანი სებორეას დროს მეტწილად ფერისმჭამელები წარმოიშობა (აკნე) და თმის ცვენაა მოსალოდნელი, მშრალ სებორეას ეგზემის განვითარების რისკი ახასიათებს - გამუდმებული ქავილისას თავის კანზე გამონაყარი შესაძლოა ეგზემის დასაწყისი აღმოჩნდეს. სწორედ ამ დროს არის აუცილებელი ფიტოთერაპიული სამკურნალო საშუალებები, რომელიც აკნესაც წარმატებით აქრობს.

- ალბათ სასიამოვნოა, როცა მასობრივი ცვენის შემდეგ თმა ამოდის.

- საოცარი. ეს საკუთარ თავზე გამოვცადე, - პირველად ამოდის თეთრი, წიწილას ბუმბულივით მსუბუქი ღინღლი, რომელიც მერე მუქდება და მსხვილდება.Y