"რატომ დუმან ექიმები? იმიტომ, რომ ეშინიათ!" - კვირის პალიტრა

"რატომ დუმან ექიმები? იმიტომ, რომ ეშინიათ!"

"ჩვენი პრეზიდენტის გარშემო სულ ექიმები არიან და ნუთუ არავინ ეუბნება, რა ხდება ამ სისტემაში?"

ჯანდაცვის სისტემაში არსებულმა მდგომარეობამ ხელისუფლება საგონებელში კი ჩააგდო, მაგრამ ჩავარდნილი რეფორმა მაინც ძველ გზას მიუყვება. "კვირის პალიტრაში" ჯანდაცვის რეფორმასა და სადაზღვევო სისტემაზე გამოქვეყნებულ სტატიას სამედიცინო საზოგადოების დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მიუხედავად იმისა, ექიმთა უმეტესობა სამსახურის დაკარგვის შიშით აზრის გამოთქმას ჯერაც ვერ ბედავს, მაინც აშკარაა, რომ ვითარება თანდათან იძაბება.

გთავაზობთ ინტერვიუს წმინდა მიხაილის საავადმყოფოს ყოფილ ხელმძღვანელ გია ნიშნიანიძესთან, რომელმაც ჯანდაცვის სისტემის ნგრევის მიზეზებზე გულახდილი საუბარი გადაწყვიტა.

- სისტემის ნგრევა 1994 წლიდან დაიწყო. მაშინ მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე იყო, უნდოდა რაღაცის გაკეთება, შეცვლა, მაგრამ რეფორმის დასაწყებად ცუდი პერიოდი შეარჩიეს. დევნილთა უდიდესი ნაწილი საავადმყოფოების შენობებში იყო განთავსებული. ამან კატასტროფულ მდგომარეობაში ჩააყენა სამედიცინო დაწესებულებები. გამოცხადდა, მკურნალობის ხარჯების ნაწილი მოსახლეობამ უნდა გადაიხადოსო.

აიჩემეს, შავი ფული ბრუნავს, გავათეთროთო და დაიწყო ქაოსი. არც ექიმები აღმოჩნდნენ უკეთეს დღეში. მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ექიმების ზურგზე გადაიარა ომებმა და ათასმა უბედურებამ, მადლობაც კი არავის უთქვამს მათთვის, პირიქით, ხელისუფლებამ ექიმების ჯიბეებში შავი ფულის ძებნა დაიწყო.

სწორი პოლიტიკის წყალობით ქართველ მედიკოსთა პოტენციალი რამდენიმე ქვეყანას ეყოფოდა, მაგრამ დარგს საფუძველი გამოაცალეს. გულმოწყალება, სიკეთე და კაცთმოყვარეობა კარგია, მაგრამ, როგორც უნდა ვილაპარაკოთ, ყველაფერი ფინანსებამდე დადის. ექიმიც ადამიანია და მასაც ჰყავს ოჯახი. სახელმწიფოს ფუნქცია, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და ხალხისათვის განათლების მიცემაა.

გზებიც კარგია, შუქიც და შადრევნებიც, მაგრამ თუ ტერიტორიები დაკარგე, მოსახლეობა დაგიავადმყოფდა და უწამლობით და უექიმობით დაგეღუპა, პენსიონერი დაგიჩაჩანაკდა და ხალხი გაუნათლებელი დაგრჩა, მაშ რაღა სახელმწიფო ხარ?! ქვეყნის ბიუჯეტი წლიდან წლამდე იზრდება, ჯანდაცვისა კი ქვეყნის ბიუჯეტის 10%-საც არ შეადგენს. ასი საავადმყოფოს პროექტი, რომელიც ასე ჟინიანად დაიწყეს, ხომ ჩავარდა და რაღას ელოდებიან და რატომ აგრძელებენ იმავეს?

- ჟინიანად რატომ? რაღაც ექიმების პროტესტი არ მახსენდება.

- მაშინ ბუზღუნი დავარქვათ. დიდი წინააღმდეგობა, დემონსტრაციები და მასობრივი გამოსვლები არ ყოფილა. იყო შიში იმისა, რომ სამსახურიდან გაგაგდებდნენ. ამიტომაც იყვნენ ჩუმად და დღემდე დუმან ექიმები.

საავადმყოფოების კერძო ინვესტორების ხელში გადასვლა ჯანდაცვის სისტემას დაასამარებს. მიუღებელი იყო კლასტერებად დაყოფის პრინციპი. ყველა საავადმყოფოს დიღომში, ორთაჭალასა და "არამიანცის" საავადმყოფოს ტერიტორიაზე განთავსებას აპირებენ. თბილისი არ არის თავისუფალი სამოძრაო ქალაქი და ქალაქის ცენტრის სამედიცინო მომსახურების გარეშე დატოვება დანაშაულია. ავადმყოფი მაქსიმუმ 10-20 წუთში უნდა მოხვდეს ექიმთან.

- "ჯანდაცვის მამები" ამტკიცებენ, ისეთი რეანიმობილები გვყავს, მეორე რეანიმაციააო...

- ზღაპარია, თბილისის საცობებში მომაკვდავი პაციენტის რეანიმობილში გადარჩენა შეუძლებელია.

- ექიმებს თავიანთი პრეტენზიები, შენიშვნები არ წაუყენებიათ რეფორმატორებისთვის?

- ვინ გვკითხა რამე, განხილვაც კი არავის მოუწყვია. სახელმწიფოს უნდოდა, ვიღაცას თავისი ხარჯით აეშენებინა საავადმყოფოები, მაგრამ გაუგებარია, რა საჭირო იყო საბანკო გარანტიები და საეჭვო ხელშეკრულებები, როცა ამხელა ქონება ჰქონდა ხელთ?! გაეყიდათ ეს ტერიტორიები საბაზრო ფასად და აეშენებინათ საავადმყოფოები, ან ეთქვათ ინვესტორისთვის, ამიშენე საავადმყოფო, ჩავიბარებ და მერე გადმოგცემ ტერიტორიასო. ჯანდაცვის ნგრევა მაშინ დაიწყო, როცა თავისი ქონება ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადასცა.

- მაშინ ვინ იყო მინისტრი?

- ავთანდილ ჯორბენაძე, მაგრამ ამ სფეროს ნგრევამ მოგვიანებით უფრო დიდი მასშტაბი შეიძინა. არა აქვს საქართველოს იმის უფლება, თავისი მოქალაქეების მკურნალობის ვალდებულება აიცილოს თავიდან და ინვესტორს გადასცეს. მთელ მსოფლიოში სახელმწიფო კისრულობს ჯანდაცვით მომსახურებას და ჩვენ ველოსიპედს ვიგონებთ? საინტერესოა, რაიონებში რა კომერციული ინტერესი უნდა ჰქონდეს ინვესტორს, რომ საავადმყოფო ააშენოს? ქუთაისში 25 თუ 30 მილიონი დოლარი დაიხარჯა საავადმყოფოს აშენებაზე და ეს უნიკალური სამედიცინო დაწესებულება ინვესტორს გადასცეს 1.000 დოლარად. რატომ აძლევენ ინვესტორს სახელმწიფო ქონებას? ფული, რომელიც საავადმყოფოს ასაშენებლად დახარჯეს, სახელმწიფო მოხელეებმა თავიანთი ჯიბიდან ამოიღეს?

როგორ ფიქრობთ, ინვესტორი რა ფასს დაადებს მკურნალობას? სადმე წერია, ესა და ეს მკურნალობა ამდენი და ამდენი უნდა ღირდესო? ბიზნესი მოგებაზეა ორიენტირებული. ან სვანეთში რომ კერძო ინვესტორი საავადმყოფოს ააშენებს, რა მოგება უნდა ნახოს, თანაც ეუბნები, შვიდი წლის მერე რაც გინდა, ის ქენიო. შვიდი წლის მერე რა ქნას სვანეთის მოსახლეობამ? იმ საავადმყოფოს რომ ინვესტორი სახინკლედ გადაუკეთებს, სახინკლეში იმკურნალოს?

- თქვენ ბადრი პატარკაციშვილის მეგობარი იყავით, ალბათ, სახელისუფლებო წრეებშიც ტრიალებდით, რატომ არ დააყენეთ ეს საკითხები თავის დროზე?

- ბადრი პატარკაციშვილის მეგობარი რომ ვიყავი, იმიტომაც გამომაგდეს სამსახურიდან. 40 წელი ამ სისტემაში ვმუშაობდი, დაწყებული 9 აპრილით და აფხაზეთის ომით დამთავრებული, ყველაფერი გამოვლილი მაქვს და ასე უბოდიშოდ გამომაპანღურეს. ნაცნობობით როგორღაც მოვახერხე ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილესთან შეხვედრა. მითხრა, დაგვავალეს თქვენი სამსახურიდან დათხოვნა, რადგან პატარკაციშვილის მეგობარი ხართო.

- ექიმები ჩივიან, რომ სულ მალე საქართველოში მაღალი დონის ექიმები აღარ გვეყოლება.

- ასე იქნება. ახალგაზრდა, რომელიც საზღვარგარეთ წავა, იქ მიიღებს განათლებას და მაღალი დონის სპეციალისტი გახდება, საქართველოში ასეთ პირობებში არ დაბრუნდება. ჩვენ კი არა გვაქვს იმის შესაძლებლობა, მაღალი ტექნოლოგიების ეპოქაში საკუთარ თავზე ავიღოთ მაღალი დონის სპეციალისტების გამოზრდა. 5-10 წელიწადში სპეციალისტების მწვავე დეფიციტი გვექნება.

ახლახან გავიგე, თურმე კანადური თუ ებრაული ფირმა ყიდულობს რესპუბლიკურ საავადმყოფოს. როგორ შეიძლება ამხელა კომპლექსი ინვესტორს ჩაუგდო ხელში? თუ არც ერთი ვალდებულების აღება არ უნდა სახელმწიფოს, მაშ რაში ვუხდით ამხელა ხელფასებს სახელმწიფო მოხელეებს? ფიქრობს ვინმე იმაზე, ამ ღატაკ ქვეყანაში მოსახლეობის რამდენ პროცენტს აქვს კერძო საავადმყოფოში მკურნალობის საშუალება? თუ სახელმწიფო ვერ აფინანსებს მოსახლეობის მკურნალობას, სადაზღვევო კომპანია როგორღა მოახერხებს? გათვლილია, რომ ყველა ქვეყანას მოსახლეობის რაოდენობის 10%-ის ჰოსპიტალიზაციის საშუალება უნდა ჰქონდეს.

თუ სახელმწიფოს ამის საშუალება არა აქვს, ესე იგი, ეს მისთვის დეფიციტურია არა? მაშ, პროგრამა, რომელიც სახელმწიფოსთვის დეფიციტურია, სადაზღვევოსთვის მომგებიანი როგორ უნდა იყოს? ამიტომაც ხდება სადაზღვევო კომპანიებში ის, რაც ხდება, - ვერ იხდიან თანხებს, აგვიანებენ, ამიტომაც არის ერთი ამბავი და დავიდარაბა მოქალაქეებთან.

სახელმწიფო ეუბნება, პროგრამებისთვის 10 მილიონს გაძლევო, მაშინ როცა ხალხის მომსახურებას სინამდვილეში, ვთქვათ, 20 მილიონი სჭირდება, რა უნდა ქნას ასეთ შემთხვევაში სადაზღვევომ? - რა და, უნდა ითაღლითოს, უნდა "დაუმტკიცოს" დაზღვეულებს, რომ არ ეკუთვნით ესა თუ ის მომსახურება.

სხვა კუთხიდანაც შევხედოთ ამ საკითხს: თუ ეს პროგრამა სადაზღვევოსთვის მომგებიანია, მაშინ სახელმწიფოსთვის რატომ არის წამგებიანი? ჩვენთვის ყველაფერში მისაბაძი ამერიკელები უკვე იქამდე მივიდნენ, რომ სახელმწიფო სადაზღვევო კომპანიებს ქმნიან. დაინახეს, რომ უზარმაზარი მოგება ნახეს ამერიკულმა კერძო სადაზღვევო კომპანიებმა, მოსახლეობა კი დაუცველი ჰყავთ. აქაც კი ქაოსი აქვთ ჯანდაცვის სისტემაში (უსაშველოდ ძვირდება ყველაფერი).

იცით, გასაკვირი რა არის? ჩვენი პრეზიდენტის გარშემო სულ ექიმები არიან და ნუთუ არავინ ეუბნება, რა ხდება ამ სისტემაში?

- ხომ თქვა პრეზიდენტმა, ჩემი ცოლი ისეთ საშინელებებს მიყვება, ცუდად ვხდებიო...

- კი თქვა, მაგრამ თუ ვერ აბამენ თავს, ჩამოვიყვანოთ ვინმე, გადავუხადოთ ფული, რომ სისტემა დაალაგოს. პოლიტტექნოლოგებს ხომ უხდიან მილიონებს? ან მავნებელი უნდა იყო, ან კერძო ინტერესი უნდა გქონდეს, ასეთ დღეში რომ ჩააგდო საკუთარი მოსახლეობა.

რა არის ამ რეფორმის მიზანი? მედიცინა არის ერთადერთი სფერო, სადაც სასურველ პროდუქტს იძენ არა შენი სურვილით და გამოცდილებით, არამედ ვიღაცის მითითებით. ექიმთან რომ მიდიხართ, ეკითხებით, რა მჭირს, ექიმო? ის გეუბნებათ, გჭირთ ეს და გჭირდებათ ეს წამალიო. არადა, სინამდვილეში, არც ის იცი, მართლა გჭირს თუ არა ის, რასაც ექიმი გეუბნება. ერთ ექიმთან მიხვალ, ერთ წამალს გიწერს, მეორე დახედავს გამოწერილი წამლების ნუსხას და გეტყვის, რა არის ეს, რა სისულელე დაუწერიაო და ახალ დანიშნულებას გაძლევთ. სინამდვილეში წამალს სხვა სახელი აქვს, თორემ იგივეა ზუსტად.

მერე გეტყვის, ამა და ამ ექიმთან მიდი ჩემი სახელით და ის გიშველისო და ა. შ... ექიმი რომ პაციენტის ჯიბეზეა დამოკიდებული, არ ვიცით, თუ რა? ამისთანა დარგის ბიზნესად გადაქცევა შეიძლება? ამ რეფორმით პაციენტი, ექიმი, მთავრობა, ოპოზიცია - ყველა უკმაყოფილოა და მაინც რატომ გრძელდება? ამ საქმეს პრეზიდენტის გაბრაზება თუ უშველის, თორემ მინისტრს დღეს არავინ არაფერს ეკითხება.

საავადმყოფო მაგას არა აქვს, სანიტარიული სამსახური, წამლის კონტროლის სამსახური აღარ ჰყავს და აბა, რა ფუნქცია აქვს სამინისტროს, რისი მინისტრია სანდრო კვიტაშვილი? რატომ დუმან ექიმები? იმიტომ, რომ ეშინიათ! თუ პრეზიდენტი პირადად არ ჩაერია და ისე არ გადაირია, როგორც იცის ხოლმე, ამ საქმეს არაფერი ეშველება.

- თქვენ მიხაილის საავადმყოფოს მთავარი ექიმი იყავით. ვალერი გელაშვილმა თქვა, ამ საავადმყოფოში ექიმებს ჩემი მოკვლა დაავალესო...

- ძალიან ნაწყენი ვარ ვალერი გელაშვილზე. აფხაზეთში ომის დროს აფხაზების სიცოცხლის გადასარჩენად ტყვიების ზუზუნში ოპერაციებს ვაკეთებდი და ვალერი გელაშვილს მოვკლავდი? გადავყევით, ისე მძიმედ იყო, შეიძლებოდა, დაღუპულიყო. რაც შეგვეძლო, გავუკეთეთ, მისი სიკვდილი რომ გვნდომოდა, როგორ ფიქრობთ, იქაური ექიმები ჩამოუსწრებდნენ? აფხაზეთის ომში არ გამირჩევია ერთმანეთისგან მტერი და მოყვარე და გელაშვილის სიკვდილზე მოვაწერდი ხელს?

ორი აფხაზი შემოგვიყვანეს, თურმე სვანები დაუხოცავთ. ოპერაციის დროს კარი გაიღო და სვანები შემოცვივდნენ, სისხლი უნდა ავიღოთო. ექთანს დავუძახე, ჟენია, ჩაიყვანე ეს ხალხი ლაბორატორიაში სისხლის ასაღებად-მეთქი! მახსოვს, ორი დაჭრილი შემოიყვანეს, ერთი სომეხი იყო, მეორე - ქართველი. ვინც მოიყვანა დაჭრილები, ვხედავ, სომეხს ურტყამენ, თან აგინებენ! ეს სომეხი გააღებს პირს, რაღაცის თქმა უნდა აშკარად, მაგრამ ხმას ვინ აღებინებს? მოკლედ, ორივეს გავუკეთეთ ოპერაცია და თვალი რომ გაახილა, პირველი რაც თქვა, ქართველების მხარეს ვიბრძვი, ის მეორე, დაჭრილი ქართველი კი აფხაზების მხარესო.

ერთხელ კი დედა-შვილი ფუტურიძეები შემოიყვანეს, სნაიპერები, განსაკუთრებით შვილი იყო დაუნდობელი. უამრავი ჩვენი მებრძოლი დახოცა. ოპერაციაზე რომ შევიყვანეთ, შეგვაფურთხა, მაგრამ ჩვენ მაინც ბოლომდე ვიბრძოლეთ მისი სიცოცხლის გადასარჩენად.

- გადაარჩინეთ?

- ვერა, ორივენი დაიღუპნენ. ყველაფერი იმიტომ მოვყევი, რომ ექიმის პროფესია არ არის ხელწამოსაკრავი, არ შეიძლება ექიმებთან ასე მოპყრობა.

ის, რაც ექიმებს გაუკეთა ამ ხელისუფლებამ, დანაშაულია. თავდასხმა ექიმებზე იყო სამზადისი იმ დროისთვის, როცა მათ ორ შაურად გაყიდდნენ საავადმყოფოებიანად, ხმის ამოღება რომ აღარ გაებედათ. ცუდად მოუტრიალდებათ შეტევა ექიმებზე!