როგორ დავამარცხოთ "თეთრი ყვავილი"
18-04-2016
როგორ დავამარცხოთ "თეთრი ყვავილი"
ცნობილი გამონათქვამის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ტუბერკულოზი ისევე ხანდაზმულია, როგორც კაცობრიობა.

ამ დაავადებამ ანუ ჭლექმა საუკუნეების განმავლობაში მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. საქართველოში მას "თეთრ ყვავილსაც" ეძახდნენ და მისი ძალიან ეშინოდათ, რადგან ადამიანს კლავდა. თანამედროვე მედიცინამ ეს საშიში დაავადება დაამარცხა, მაგრამ მის მკურნალობას მაინც ბევრი სირთულე ახლავს თან. სწორედ ამ სირთულეებზე გვესაუბრება მედიცინის აკადემიური დოქტორი­ შოთა ცანავა:

- ე.წ. ჭლექი ანუ ტუბერკულოზი განუკურნებელ დაავადებად მიიჩნეოდა, რადგან ხშირად ლეტალური შედეგით სრულდებოდა. საბედნიეროდ, ეს
ვერაგი სენი მედიცინამ დაამარცხა, მაგრამ არის პრობლემები, რომლებიც დღემდე აქტუალურია. ვგულისხმობ ტუბერკულოზის გამომწვევი ჩხირის რეზისტენტობას ანუ მედეგობას სამკურნალო საშუალებების მიმართ. მედიკოსების ძალისხმევა ახლა სწორედ რეზისტენტობის წინააღმდეგ არის მიმართული. საბედნიეროდ, ტუბერკულოზის დიაგნოზი აღარ არის ადრინდებურად ავის მომასწავებელი, თუ პაციენტი დროულად მივა ექიმთან და დაავადების სიმპტომებს დროულად
მიაქცევს ყურადღებას, ტუბერკულოზი განიკურნება.
ტუბერკულოზის ჩხირმა შეიძლება სხვა ორგანოებიც დააზიანოს, მაგრამ ყველაზე ხშირი მაინც ფილტვის ტუბერკულოზია. ტუბერკულოზის ჩხირი აზიანებს ძვლებს, საყრდენ-მამოძრავებელ სისტემას, თირკმელებს. ტუბერკულოზის მიკრობი ერთ-ერთ გამძლე და რეზისტენტულ მიკრობად არის მიჩნეული ბაქტერიულ სამყაროში. ყველაზე დიდი პრობლემა ამ დაავადების გამოცნობა და დროული დიაგნოსტიკაა, ამიტომ სახელმწიფო ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს მას. დაავადების მკურნალობა უფასოა, პაციენტებს შეუძლიათ სამკურნალო საშუალებებიც უფასოდ მიიღონ.

- განკურნებულმა პაციენტმა როგორ უნდა გააგრძელოს ცხოვრება?
- უაღრესად მნიშვნელოვანია სწორი და სრულფასოვანი, ვიტამინებით მდიდარი საკვების მიღება, სუფთა ჰაერი, სიგარეტსა და ალკოჰოლზეც უარი უნდა თქვას. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ძალზე ვერაგი დაავადებაა. მაგალითად, გრიპის ვირუსი წვეთოვანი გზით გადაეცემა ერთი ადამიანიდან მეორეს. როდესაც გრიპიანი აცემინებს და გამოყოფს ამ ვირუსს, ის ხვდება წვეთში, რომელიც 2 მეტრს იქით ვერ მიფრინავს, ეცემა სკამზე, მაგიდაზე და ა.შ... ტუბერკულოზის ბაქტერია კი ჰაერში დაფრინავს, ის მსუბუქია და შეიძლება ნებისმიერ ადგილას მოხვდეს, ამიტომ მისით დაინფიცირების ალბათობა მაღალია. სწორედ ამის გამოა ტუბერკულოზი საშიში სენი. როდესაც ადამიანი შეისუნთქავს ჰაერს, სადაც არის მისი "მფრინავი" მიკრობი, ინფიცირდება და შეიძლება პათოლოგიური პროცესი დაეწყოს: თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, დაბალი ტემპერატურა და ა.შ... ეს სიმპტომები ძალიან ნელა ვითარდება და ბევრ დაავადებას ჰგავს. ამიტომ არის ტუბერკულოზის გამოცნობა რთული. პაციენტი ექიმს მხოლოდ მაშინ აკითხავს, როდესაც ყველა სიმპტომი ერთად მოიყრის თავს, ამიტომ, ერთი ან ორი სიმპტომის აღმოჩენისთანავე უნდა მივიდეთ ექიმთან და გავესინჯოთ. ამ დაავადების უყურადღებოდ მიტოვება არ შეიძლება. მერე და მერე, როდესაც სიმპტომები ჩამოყალიბდება, მკურნალობაც გვიანდება და შედეგიც ნაკლებად ეფექტიანია.

- ნამკურნალევი ავადმყოფისგან ტუბერკულოზის ჩხირი არ ვრცელდება?
- არა. ამიტომაც არის საჭირო მკურნალობის დროულად დაწყება, მაგრამ ამ ტიპის დაავადებებთან ბრძოლის ყველაზე ეფექტიანი გზა მათი პრევენცია და პროფილაქტიკაა. ექიმთან მისვლა არ უნდა დაგვეზაროს. ტუბერკულოზი, სხვა დაავადებების მსგავსად, დასუსტებული იმუნიტეტის მქონე ადამიანს უფრო ადვილად ერევა. ხშირად ჯერ გრიპი ასუსტებს იმუნიტეტს და ამ ფონზე ორგანიზმში ყველა საშიში მიკროორგანიზმი ძლიერდება, მათ შორის, ტუბერკულოზის ჩხირიც.

- მართალია, რომ ტუბერკულოზის ისეთი ფორმებიც არსებობს, რომელსაც ექიმები ვერაფერს უგებენ?
- სამწუხაროდ, არსებობს ისეთი ფორმები, რომელთა დიაგნოსტიკა ჭირს და ეს გამომწვევის ბიოლოგიური თვისებებით აიხსნება. როგორც გითხარით, ყველაზე დიდი პრობლემა ახლა არის სამკურნალო საშუალებებისადმი რეზისტენტული ანუ მედეგი ფორმები. ეს ისეთი ფორმებია, რომელთა მკურნალობაც ძალიან რთულია. რა საშუალებებითაც ადრე ტუბერკულოზს კურნავდნენ, ახლა ისინი ეფექტიანი უკვე აღარ არის და ახალი საშუალებების გამოგონება, მოძიება ხდება საჭირო. ტუბერკულოზის ჩხირს შეუძლია შეაღწიოს მრავალ სისტემაში, მაგრამ პირველ ადგილზე მაინც ფილტვის ტუბერკულოზია, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმა და მედიკოსების ძალისხმევა 21-ე საუკუნეშიც სწორედ ამ დაავადების წინააღმდეგ არის მიმართული. დაავადების მკურნალობა ძალიან ხანგრძლივი და რთული პროცესია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ეს სენი კვლავ უამრავ ადამიანს ღუპავს და ეს უმეტესად დაგვიანებული მკურნალობის შედეგია. გასული საუკუნეებისგან განსხვავებით, დღეს უკვე აუცილებელი არ არის დაავადება ლეტალური შედეგით დასრულდეს. ავადმყოფობას ამარცხებს დროულად მისვლა ექიმთან, სწორი მკურნალობა და განკურნების შემდეგ სწორი რეჟიმის დაცვა.

P.S. ტუბერკულოზის სიმპტომები ასეთია: ხველა (ზოგჯერ სისხლიანი) - სამ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, ტკივილი გულმკერდის არეში, ქოშინი ფიზიკური დატვირთვის დროს, ტემპერატურის მომატება - უმეტესად საღამოობით, ოფლიანობა, უპირატესად ღამის საათებში, მუდმივი სისუსტე და ადვილად დაღლა, უმადობა და წონაში მკვეთრი კლება.

ხათუნა ჩიგოგიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით