იოგა - არითმიით დაავადებულთათვის მკურნალობის საოცარი მეთოდი - კვირის პალიტრა

იოგა - არითმიით დაავადებულთათვის მკურნალობის საოცარი მეთოდი

იოგა არა მხოლოდ აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს, არამედ აქვეითებს არტერიულ წნევას და ამცირებს გულის შეკუმშვათა სიხშირეს. სპეციალისტთა თქმით, არითმიით დაავადებულთა ცხოვრების ხარისხი რამდენადმე დაქვეითებულია. ისინი შეტევათა შიშით თავს ბევრი რამის უფლებას ვერ აძლევენ, ხშირად ამბობენ უარს მეგობრებთან შეხვედრაზე, კონცერტებსა და მნიშვნელოვან საღამოებზე, არ მოგზაურობენ და სხვ.

არითმიის გავრცელებულ სიმპტომებს მიეკუთვნება თავბრუსხვევა, ქოშინი და ტკივილი მკერდის არეში. მეცნიერებმა შეისწავლეს პაროქსიზმული მოციმციმე არითმიით დაავადებული 80 მოხალისე. მონაწილეები დაჰყვეს ორ ჯგუფად. პირველი ჯგუფი იოგათი გაავარჯიშეს, მეორე კი - არა.

როგორც The Times Of India იუწყება, ორივე ჯგუფის წარმომადგენლები ჩვეულ რეჟიმში იტარებდნენ სათანადო მკურნალობას: მედიკამენტურ თერაპიას, კარდიოვერსიას და კათეტერულ აბლაციას. ამასთან, პირველი ჯგუფის წარმომადგენლები 12 კვირის განმავლობაში კვირაში ორჯერ თითო საათს ვარჯიშობდნენ იოგათი გამოცდილი ინსტრუქტორის თანხლებით. პროგრამაში ჩართული იყო მსუბუქი მოძრაობები, ღრმა სუნთქვა და მედიტაცია.

გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ამ ჯგუფის წევრთა ცხოვრების ხარისხი საგრძნობლად გაუმჯობესდა მეორე ჯგუფის წარმომადგენლებთან შედარებით. მათ დაუქვეითდათ არტერიული წნევა, შეუმცირდათ გულის შეკუმშვათა რიცხვი.

როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ღრმა სუნთქვა აწონასწორებს სიმპათიკური და პარასიმპათიკური ნერვული სისტემების ფუნქციას. ამის წყალობით კი გულის შეკუმშვათა რიცხვი იკლებს, გულის მუშაობა ნორმალიზდება, სუნთქვა და მოძრაობა ერთად კი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს არტერიულ წნევაზე, აწესრიგებს გულის მუშაობას.